ჭიათურის მუნიციპალიტეტში მარგანეცის მოპოვება წამყვანი ეკონომიკური სექტორია, მარგანეცის მოპოვებაზე ერთადერთი სახელმწიფო ლიცენზიის მფლობელი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” კი 2006 წლიდან ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი დამსაქმებელი იყო. ამ დროიდანვე მოყოლებული სამუშაო გრაფიკთან, საფრთხის შემცველ შრომით პირობებთან, დაბალ ხელფასებთან და სხვა დარღვევებთან დაკავშირებული ყველა პრეტენზია “ჯორჯიან მანგანეზს” მიემართება. ბოლო ხანებში, მას შემდეგ, რაც ჭიათურის ბუნების დაზიანება აგრესიულად თვალში საცემი გახდა, მთელი რიგი სოფლები გადაითხარა და ხალხს ჩავარდნილ კარ-მიდამოში უწევს ცხოვრება, ჭიათურელთა პროტესტში ცალკე გამოიკვეთა ეკოლოგიური მიმართულება. ხალხი, დაზიანებული ბუნების აღდგენის გარდა, წლების განმავლობაში, დრო და დრო ითხოვს, დანგრეული ეზო-კარისთვის ადეკვატურ კომპენსაციასაც. ამავდროულად, მაღაროელთა უკმაყოფილების მიზეზებიც არ ილევა. მხოლოდ დროებით გადაჭრილი პრობლემები, გარკვეული ხნის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი სიმწვავით იჩენს ხოლმე თავს.
2023 წელსაც ასე მოხდა – ჭიათურელი მაღაროელების პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო. უკმაყოფილება ამჯერად მოჰყვა “ჯორჯიან მანგანეზის” გადაწყვეტილებას რომლის მიხედვითაც, 2023 წლის პირველი თებერვლიდან ჭიათურის ოთხივე მაღაროსა და ცხრა ვახტის მუშაობა შეჩერდა. კომპანიამ ეს მსოფლიო ბაზარზე არსებული კრიზისით ახსნა, რომლის გამოც ჭიათურაში მოპოვებული მადნის რეალიზაცია უჭირდა.
მაისის ჩათვლით მაღაროელები ხელფასის 60%-ს იღებდნენ. მაისში, სამსახურში დაბრუნებულ მაღაროელებს ახალი პირობები დახვდათ. კომპანიამ მოითხოვა, რომ 12-საათიანი ცვლის ნაცვლად, 8-საათიან ცვლებში ემუშავათ. ეს კი ბევრისთვის ერთკვირიანი დასვენების, ანუ მეორე სამსახურის დაკარგვას ნიშნავდა, – რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰყვებოდა ტარიელი.
თანაც ადრე კომპანია იმას უთვლიდა, თუ რა წონის მადანს გამოიტანდნენ მაღაროდან. ახალი პირობების თანახმად კი, დაითვლიდა იმას, თუ რამდენი მეტრით წაიწევდნენ წინ. ერთ ცვლაში გეგმის ვერშესრულება ანაზღაურების 15%-ს დააკარგვინებდათ. მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე ამბობდა, რომ “ჯორჯიან მანგანეზი” შეუძლებელს ითხოვდა – ასე შრომას ვერ მოახერხებდნენ, რაც გამოიწვევდა იმას, რომ ხელფასებს ავტომატურად შეუმცირდებოდათ.
5 ივნისს მაღაროელები გაიფიცნენ. ბოლო ხუთ წელიწადში უკვე მეოთხედ. ახალ მოთხოვნას – პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის დაბრუნებას, დაემატა ძველებიც – დაზღვევის პირობების გაუმჯობესება, ხელფასიანი შვებულებით სარგებლობა, შრომის უსაფრთხოების დაცვა, ულუფის გაუმჯობესება და ხელფასის ზრდა.
ამ გაფიცვის დაწყებამდე მაღაროელების ხელფასი 1200-დან 1400 ლარამდე მერყეობდა. მძიმე სამუშაო პირობების, რეგიონის მწვავე სოციალური პრობლემების და სხვა ეკონომიკური გამოწვევების ფონზე გასამრჯელოს 40%-ით მატება მაღაროელთა გაფიცვის საკვანძო მოთხოვნა გახდა. თუმცა, გაფიცულები ამბობდნენ, რომ კომპანია ხელფასის 40-პროცენტიანი ზრდის მოთხოვნას ცინიკურად შეხვდა.
„გვითხრეს, აფრიკიდან უფრო იაფად ჩამოვიტანთ მარგანეცს, რაც გინდათ, ქენითო”, – უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა გაფიცულმა – გვირაბგამყვანმა მერაბ სარალიძემ.
მაღაროელები დასძენდნენ იმასაც, რომ შვებულება მათთვის ფუფუნებაა, მაღაროში შესულებმა კი ხშირად არ იციან, გარეთ ცოცხლები გავლენ თუ ვერა. ბოლო წლებში ჭიათურაში არაერთი მაღაროელი დაიღუპა (2013 წელს ახსოვთ ორი ადამიანის მაღაროში დახრჩობაც წყლის დონის მატების გამო).
ჭიათურის პროტესტის მე-6 დღეს ათმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ერთმა თვალები ამოიკერა, ერთმა პირი. მესამემ ხელები დაისერა.
პარალელურად, მედიაციის პროცესი მიმდინარეობდა. კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო.
15 ივნისს გაფიცულმა მაღაროელებმა ჭიათურის მოსახლეობასთან ერთად ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს. “ყველანი ერთად ჭიათურის გადარჩენისთვის, ჭიათურის კეთილდღეობისთვის”, “ერთ მუჭად შეკრული ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ”, “მოვითხოვთ, ყველაფერი იყოს კანონიერი”, – ისმოდა შეძახილები, რასაც მსვლელობის მონაწილეები ტაშით პასუხობდნენ.
გაფიცულ მაღაროელებთან შესახვედრად ჩავიდა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. ის აქციის მონაწილეებს გაეცნო და უთხრა, რომ მზად არის ხელი შეუწყოს მედიაციის პროცესს, ერთი მხრივ, მათი პირობების გაუმჯობესებით და მეორე მხრივ, დამსაქმებლის ინტერესების გათვალისწინებით.
ომბუდსმენის ვიზიტის დროს მოშიმშილე მაღაროელებმა აღნიშნეს, რომ მათთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა არ მორიგეობდა.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” აცხადებდა, რომ მედიატორთან შეხვედრის შემდეგ ისინი ე.წ. ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.
კომპანია თანამშრომლებს სთავაზობდა, შეეწყვიტათ პროტესტი, განეახლებინათ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც ექნებოდათ, იმის მიხედვით განესაზღვრათ თანამშრომელთა ბონუსები და სხვა სარგებელი.
მაგრამ გაფიცვა არ წყდებოდა. მაღაროელები ამბობდნენ, რომ ბოლო წლებში კომპანიამ სიტყვა ბევრჯერ გატეხა, ხელფასის მომატებას კი მხოლოდ ხუთი პროცენტით დათანხმდა.
19 ივნისს “ჯორჯიან მანგანეზმა” პრესკონფერენცია გამართა. კომპანიის დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ჯამში ხელფასების ზრდა კომპანიას 10 მილიონი დოლარი დაუჯდება და მაღაროელების მოთხოვნა “ალოგიკურია”.
იმავე დღეს ოცდაათამდე მაღაროელი დედაქალაქში ჩავიდა. მათ პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. ტარიელ მიქაცაძემ თქვა, რომ დათმობაზე მიდიან და ახლა ხელფასის მომატებას მხოლოდ 20%-ით ითხოვენ. კომპანიასთან შეთანხმება ვერც გაფიცვის მე-14 და შიმშილობის მერვე დღეს მოხერხდა.
20 ივნისს თბილისში მყოფი მაღაროელები “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისთან მივიდნენ. “როგორია მაღაროელი?” – ისმოდა ტარიელის ყვირილი. “ძლიერი!” – პასუხობდა მსვლელობა. მათ შეძახილებს მანქანები დროდადრო სიგნალებით პასუხობდნენ. მსვლელობას რამდენიმე ათეული ადამიანი შეუერთდა. “სოლიდარობა მაღაროელებს” – ეწერათ ბანერზე.
საღამოს შვიდ საათზე, “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისიდან რუსთაველზე უშედეგოდ დაბრუნებულებს, მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი და კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დახვდათ. აქ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ცოტა ხანში 29 მარტს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმაც დაიწყო პროტესტს იმავე ადგილას. მისი შვილი 7-9 მარტს “რუსულ კანონს” აპროტესტებდა. გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, რისთვისაც 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. მაღაროელებს კარვის ჩადგმის უფლება მისცა პოლიციამ, ბექა გრიგორიადისს – არა.
მაღაროელებმა აქცია დაიწყეს, თუმცა რვა საათისთვის, პარლამენტთან მათ მხარდასაჭერად მხოლოდ სამასამდე ადამიანი მივიდა.
21 ივნისიდან შიმშილობა დაიწყეს.
24 ივნისს „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე კი გამოქვეყნდა განცხადება, რომ კომპანიასა და მაღაროელებს შორის შეთანხმება შედგა. ამ განცხადების თანახმად, დაკმაყოფილდა მთავარი, ხელფასის მომატების მოთხოვნა.
კერძოდ, 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში მაღაროელებისთვის გაცემულ ხელფასს დაემატებოდა 5%, ხოლო 1 ივლისიდან გასაცემი ხელფასი ჯამში 12%-მდე გაიზრდებოდა.
შეთანხმების თანახმად, მხარეების მონაწილეობით შეიქმნებოდა კომისია, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე იმუშავებდა. დამოუკიდებელი აუდიტორი კომპანიის ფინანსურ აუდიტს ჩაატარებდა. შრომის ინსპექციის სამსახური კი შეთანხმების შესრულებას გააკონტროლებდა.
მაღაროელები ამბობდნენ, რომ წინა წლებში დაპირება ბევრი ყოფილა, რეალურად ბოლომდე შესრულებული პირობა კი – ცოტა. “სულ უნდა შევახსენოთ და დავაკვირდეთ, სრულდება ჩვენი მოთხოვნები თუ არა“, – ამბობდნენ ისინი პროტესტის შეწყვეტისას.