2023 წლის 2 ივნისს ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე, ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, NATO-ში, გაწევრიანების სურვილი იყო. ამ განცხადების საპასუხოდ მოქალაქეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი პარლამენტთან მივიდა ტრანსპარანტებით “ირაყლი”.
იმ დროს, როცა ისინი მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს მთავრობის მისამართით, დააკავეს გრიგოლ ფრანგიშვილი, მაისურზე გაკეთებული წარწერების გამო და ნოდარ სიხარულიძე, ნიკა რომანაძე, ლაშა ჯანჯღავა და შოთა თუთბერიძე – ბანერის გამო.
დემონსტრანტების დაკავების შემდეგ პარლამენტის შენობასთან უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ იგივე ტრანსპარანტებით. პოლიციამ ამ სოლიდარობის აქციაზე დააკავა საბა ბრაჭველი და ედუარდ მარიკაშვილი. ედუარდ მარიკაშვილს დაკავების მომენტში თეთრი, სუფთა ქაღალდი ეკავა.
3 ივნისს იმავე ადგილას, სადაც ბანერების გამო ადამიანები დააკავეს, სოლიდარობის ნიშნად, ჟურნალისტები და უფლებადამცველები მივიდნენ. ისინი პოლიციისა და ხელისუფლების ქმედებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევდნენ. ხელში ეჭირათ საპროტესტო ბანერები წარწერებით – “ვირაკლი”, “ირაყლი”, “ირაკლი რუსი”, “ირაყლის აქვს ჩალის ფასი” .
აქცია გაიმართა ბათუმშიც, სადაც წარწერისთვის “ირაყლი” ოთხი მონაწილე ლევან გორგილაძე, გიორგი დუმბაძე, ლუკა ნაცვლიშვილი და თაზო მახარაძე დააკავეს. გიორგი დუმბაძე და ლუკა ნაცვლიშვილი იმ დროს არასრულწლოვანები იყვნენ. ეს უკანასკნელი ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონის” ერთ-ერთი დამფუძნებელია. მეორე დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძეც იმავე აქციაზე დააკავეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ მირდატ ქამადაძესთან ერთად.
2 ივნისის აქციაზე დაკავებულების საქმეს სასამართლო ოთხი თვის განმავლობაში განიხილავდა. “უწმაწური სიტყვები იყო, შესაბამისად, საზოგადოების თავშეყრის ადგილას არ არის ლამაზი, რომ… ჩვენი დაიკოები, დედიკოები და ბავშვები მოძრაობენ და დადიან და შესაბამისად, არ უნდა წაეკითხათ“, – თქვა სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმე პოლიციელმა აღამალი ასკეროვმა იმ არგუმენტების აღსაწერისას, რომელთა გამოც „ირაყლი“ სამართალდარღვევად მიიჩნია.
მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 27 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აქციაზე თეთრი ფურცლით დგომა ხულიგნობად ჩაითვალა.პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის და წვრილმანი ხულიგნობისთვის 2000 ლარით დააჯარიმა ნოდარ სიხარულიძე, დანარჩენი ოთხი კი – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი, ნიკა რომანაძე და გრიგოლ ფრანგიშვილი – 500-500 ლარით წვრილმანი ხულიგნობისთვის. ორი დღის შემდეგ შოთა თუთბერიძე 500 ლარით, ლაშა ჯანჯღავა კი 2000 ლარით დააჯარიმეს.