რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით, 19 მაისიდან აღდგა რუსეთ-საქართველოს შორის 2009 წლის ზაფხულიდან შეწყვეტილი პირდაპირი ფრენები. ამ დღეს პუტინმა კიდევ ერთ ბრძანება გამოსცა – საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნის შესაძლებლობა 90 დღის განმავლობაში მისცა.
რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების წევრებმა მოიწონეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თქვა, რომ „ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი“. საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, ფრენების აღდგენა პროვოკაციად შეაფასა.
მალევე გაირკვა, რომ რეისებს ერთი ქართული („ჯორჯიან ეარვეისი“) და რამდენიმე რუსული ავიაკომპანია („აზიმუტი“, „რედ ვინგსი“) შეასრულებდნენ.
ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება 2023 წლის 16 მაისს პარლამენტთან (უკანა შესასვლელთან) გააპროტესტეს პოლიტიკური პარტიების („დროა“ და „ნაციონალური მოძრაობა) ახალგაზრდულმა წარმომადგენლებმა. ამავე დღეს კიდევ ერთი აქცია გაიმართა დევიზით: „ცალმხრივი ბილეთი მოსკოვში ივანიშვილის რეჟიმს“. „ევროპული საქართველოს“ წევრები ამ სათქმელით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ.
მოსკოვიდან პირველი რეისი 19 მაისს რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ შეასრულა. იმ დღეს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა („დროა“ – ელენე ხოშტარია, „ხალხისთვის“ – ანა დოლიძე) რესპუბლიკის მოედნიდან აეროპორტამდე საავტომობილო მსვლელობა მოაწყეს და აქცია გამართეს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიცია დაახვედრა და აეროპორტთან მიახლოების საშუალება არ მისცა.
პოლიციამ აეროპორტთან აქციის ექვსი მონაწილე დააკავა (აქტივისტი ნატა ფერაძე, პარტია “დროას” წევრი შუშანა მაცაბერიძე, ექიმი გიორგი ახობაძე, აქტივისტი გელა ხასაია, ლევან თარხნიშვილი და თათა ხუნდაძე) წვრილმანი ხულიგნობისა და მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის (ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები).
კიდევ ერთი აქცია გაიმართა 20 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, შემდეგ კი ხალხმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლა.
რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები პროტესტის მიუხედავად აღდგა. თუმცა მოქალაქეები მაინც ცდილობდნენ თავიანთი სათქმელი მიეტანათ ხელისუფლებამდე. შეიქმნა პეტიცია, რომელსაც 6084 მოქალაქე აწერდა ხელს. საკითხი განიხილა პარლამენტის ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტმა.
„სახელმწიფოს გააჩნია პოზიცია, რომ რუსეთს სანქციებს არ უწესებს“, – თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ და პეტიციის განხილვაზე უარი თქვა, 20 მაისს აქცია გაიმართა კახეთში, სასტუმრო “ყვარლის ტბასთან”, სადაც წინა დღეს გავრცელებული ინფორმაციით, იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და იქვე იგეგმებოდა ლავროვის შვილის მაზლის საქორწინო წვეულება.
ამ აქციაზე პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით გურჯაანის სასამართლომ 11 მათგანი უდანაშაულოდ ცნო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათესავის ქორწილი კი ყვარელში, საბოლოოდ, არ გამართულა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შს სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, “ის ოჯახი უკვე წასულია”; და რომ ეს არის საზოგადოების გამარჯვება, ისევე როგორც “თავის დროზე იყო სერგეი გავრილოვის ქვეყნიდან წასვლა”.