EN

კინოინდუსტრიის პროტესტი

left arrow

2023

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2023 წლის 12 ივნისიდან 2024 წლის 12 ივნისამდე

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

კულტურა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

კინოცენტრში რეორგანიზაცია დაიწყო

ორგანიზატორი

კინოცენტრის თანამშრომლები, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები

მთავარი მოთხოვნა

შეიცვალოს დირექტორის დანიშვნის წესი

პროტესტის ადრესატი

კულტურის სამინისტრო და კინოცენტრი

ტრანსპარანტები

“კინოს ვიღებთ ჩვენ”, “კინოს ვანათებთ ჩვენ”, “კინოს ვხატავთ ჩვენ”, “კინოს ვიცავთ ჩვენ”

პროტესტის შედეგი

პროტესტს შედეგი არ მოგყოლია

2023 წლის ივნისში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში კულტურის სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუქპოსტები და კინოცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი კობა ხუბუნაია (რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებში მუშაობდა), კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი – პროპაგანდისტული ტელეკომპანია “პოსტივის” წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია.

კანონის მიხედვით, ეროვნული კინოცენტრი, იმის მიუხედავად, რომ კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, თავის საქმიანობას დამოუკიდებლად უნდა ახორციელებდეს.

ცენტრის თანამშრომლები ფიქრობდნენ, რომ კინოს სფეროში დაწყებული საკადრო თუ სტრუქტურული ცვლილებებით კინოს სფეროს წარმომადგენლებს განსხვავებული აზრისთვის სჯიდა ის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ხელს უწყობდა ფილმების გადაღებას, წარმოადგენდა საქართველოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე და რომელიც სახელმწიფო დონეზე უნდა ატარებდეს სექტორის წარმომადგენლების ინტერესებს.

12 ივნისს კინოცენტრის თანამშრომლებმა გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ ითხოვდნენ რეორგანიზაციის შეწყვეტას იქამდე, სანამ ცენტრს არ ეყოლებოდა კინოს სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისიის მიერ არჩეული დირექტორი. ცენტრის თანამშრომლები ღიად ამბობდნენ, რომ კინოცენტრში მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესი კინოს პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ მოქცევის მცდელობაა.

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარეების სახელზე 28 ივნისს წერილიც შეიტანეს. მათი ადრესატები იყვნენ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

წერილის ხელმომწერებმა ამ საპარლამენტო კომიტეტების წევრებს შეახსენეს, რომ თეა წულუკიანის საკადრო პოლიტიკის შედეგად, „უკანონოდ გათავისუფლდა ათეულობით ადამიანი”, მათი უმრავლესობა სასამართლოში დავობს, ერთ შემთხვევაში დისკრიმინაცია სახალხო დამცველის აპარატმაც დაადგინა, კინოცენტრში საკადრო ჩანაცვლებებიც, შესაბამისად, ამავე დისკრიმინაციული პოლიტიკის ნაწილია. 

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა კომიტეტების სხდომაზე აქცია-პერფორმანსი გამართეს. ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე, როცა დეპუტატები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, ლელა ჯანაშვილს, უსმენდნენ, პერფორმანსის მონაწილეები საპროტესტო წარწერებიანი მაისურებით ფეხზე წამოდგნენ. ყველას შეეძლო მათ მაისურებზე წაეკითხათ: “ყოველ სამ კაცში ოთხი მტერია”; “არა ცენზურას”; “კულტურა გადავარჩინოთ”; “დამოუკიდებლობა კულტურას”; “დამოუკიდებლობა კინოცენტრს”; “თავისუფლება მუზეუმს”; “ქართული კინო საფრთხეშია”.

კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა დირექტორის დანიშვნის წესის ცვლილება 13 ივლისს კულტურის სამინისტროსთან გამართულ აქციაზეც მოითხოვეს. “კინოს ვიღებთ ჩვენ”; “კინოს ვანათებთ ჩვენ”; “კინოს ვხატავთ ჩვენ”; “კინოს ვიცავთ ჩვენ”, – ეწერათ ტრანსპარანტებზე.

სამინისტროს არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა კინოცენტრის რეორგანიზაცია, მაგრამ რამდენიმე თანამშრომელმა, რომელიც პროტესტში თავიდანვე იყო ჩართული, სამსახურიდან დათხოვნის წერილი მიიღო კომისიისგან, რომელიც 20 ივნისს შედგა და რომელზეც არაფერი იცოდნენ.

აქციის მონაწილეებმა სამინისტროს წინ ხელმოსაწერად მანიფესტიც მიიტანეს.

„ჩვენ, გასულ საუკუნეში რეპრესირებული კინოს მემკვიდრეები,

შეუძლებელია შევეგუოთ ნაკარნახებ სცენარებსა და შემოქმედებით ჩარჩოს.

ჩვენ უარს ვამბობთ ერთმნიშვნელოვან ხელოვნებაზე;

ჩვენ უარს ვამბობთ კულუარულ პოლიტიკაში მონაწილეობაზე;

ჩვენ მხოლოდ დავცინებთ შეუმდგარ ცენზორებს

და მათ განზრახვას მოათვინიერონ ქართული კინო“, – ეწერა მანიფესტში.

კინოცენტრის თანამშრომლების განგაშს კულტურის სხვა სფეროების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ იმ ინსტიტუციებიდან, რომლებშიც თეა წულუკიანმა უკვე გაატარა საკადრო ცვლილებები. ზოგიერთი ეს ცვლილება 16 ივნისს, კინოცენტრის მხარდასაჭერად, საჯარო წერილში გაიხსენეს ქართველმა მწერლებმა, მთარგმნელებმა და გამომცემლებმა, რომლებმაც საზოგადოებას წიგნის ცენტრის დახურვა, ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების გათავისუფლება, თეატრების ხელმძღვანელების ჩანაცვლება გაახსენეს.

ამის შემდეგ კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა ნაწილმა სრული ბოიკოტი გამოუცხადა კინოცენტრს და უარი თქვა მისგან მიღებულ დაფინანსებაზე. 

კიდევ ერთი აქცია კინემატოგრაფისტებმა 2024 წლის 12 ივნისს ეროვნულ კინოცენტრთან გამართეს დევიზით – „ქართული კინო საფრთხეშია“ და გააპროტესტეს ცენზურა.

„ქაჯეთის ციხე“; „პროპაგანდის სამინისტრო“; „მონებო“… ეწერათ პლაკატებზე კინოცენტრის შენობასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს. ისინი ჯერ მეოთხე სართულზე ავიდნენ – იქ, სადაც კინოცენტრის ოფისი იყო და კარზე აბრახუნეს, მაგრამ დემონსტრანტებს არავინ შეხვდა. ამის შემდეგ ეზოში დაბრუნდნენ და ჩართეს სატირული ხასიათის სიმღერები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სპეციალურად ამ საპროტესტო აქციებისთვის დაწერეს:

„ცენზურების დედოფალო,

როგორ გშვენის თეთრი ბაჩო“…

ამჯერად მათი პროტესტის მიზეზი გახდა „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ კანონპროექტი, რომლის დამტკიცებასაც “ქართული ოცნება” აპირებდა, კინოხელოვანები კი მასაც ცენზურად აღიქვამდნენ.  საბოლოოდ ლგბტ უფლებების შემზღუდველი ჰომოფობიური  საკანონმდებლო ცვლილებები 2024 წლის ოქტომბერში მიიღო პარლამენტმა.

კინოცენტრისგან განდგომილმა ხელოვანებმა ქართული კინოს მხარდასაჭერად მუშაობა გააგრძელეს მათ მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის “ქართული კინოინსტიტუტის”  მეშვეობით გააგრძელეს.

Media

აქცია კულტურის სამინისტროსთან

აქცია კულტურის სამინისტროსთან

2023 წლის 13 ივლისი. ფოტო: ფეისბუქჯგუფი "ქართული კინო საფრთხეშია"

კინემატოგრაფისტთა პროტესტი

კინემატოგრაფისტთა პროტესტი

2023 წლის 13 ივლისი. ფოტო: ფეისბუქჯგუფი "ქართული კინო საფრთხეშია"

პროტესტი კულტურის სამინისტროსთან

პროტესტი კულტურის სამინისტროსთან

2023 წლის 13 ივლისი. ფოტო: ფეისბუქჯგუფი "ქართული კინო საფრთხეშია"