დიდი გლდანის ტბა, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია, როგორც გლდანის ტბა ან თეთრი ტბა ანდა დიდი ტბა, თბილისის გარეუბანში, გლდანში მდებარეობს. ტბაში წყალი ძირითადად ნალექის შედეგად ჩაედინებოდა და ამიტომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ტემპერატურის მომატებასთან ერთად მისი შრობაც დაიწყო. ამის გამო მომრავლდა წყალმცენარეები, გაჩნდა სუნი და შეუძლებელი გახდა ზაფხულის პერიოდში ტბის სიახლოვეს ყოფნა. 2023 წლის ზაფხულის მოახლოებასთან ერთად გლდანის დახურულ ფეისბუქჯგუფში ადგილობრივები წერდნენ იმის შესახებ, რომ ქრებოდა მათი ბავშვობის დროიდან შემორჩენილი ერთ-ერთი დასასვენებელი სივრცე.
ტბის გადარჩენის მოთხოვნით პირველი აქცია მოქალაქეებმა 2023 წლის 9 ივლისს გამართეს. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ამ აქციის მედიით გაშუქებიდან რამდენიმე დღეში, საინიციატივო ჯგუფის წევრებს თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე ზარნაძე შეხვდა. ამ შეხვედრას ესწრებოდა ქალაქის პრობლემებზე მომუშავე ფეისბუქ ჯგუფის, „ჩემი ქალაქი მკლავს“ წარმომადგენლებიც.
2023 წლის 14 სექტემბერს შეიქმნა სპეციალური გვერდი – გადავარჩინოთ გლდანის ტბა და დაიწყო კამპანია სოციალურ მედიაში გლდანელების შემოსაერთებლად და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების ყურადღების მისაქცევად: წერდნენ ვიდეორგოლებს, აწყობდნენ კამპანიებს და იწვევდნენ ჟურნალისტებს მათი პრობლემის გასაშუქებლად. აქცია გაიმართა 7 ოქტომბერსაც, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შემოიარეს გლდანის დასახლება და მეგაფონებით ამცნეს ყველას აქციის შესახებ.
2023 წლის 1 ნოემბერს თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ტბის მდგომარეობის შესასწავლად ტენდერი ცხადდებოდა. მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ შესაძლოა სახელმწიფოს დაბრუნდებოდა ტბა, რომელიც ინვესტორის ხელში სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
2024 წელს თბილისის მერმა თქვა, რომ ტბის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ გადაწყდა, ის ხელოვნურად შეივსებოდა. ამისთვის თბილისის წყალმომარაგების კომპანიის ბალანსზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარიდან წყლის გამოყვანა დაიგეგმა. აგვისტოს მეორე ნახევარში უკვე გაყვანილი იყო მილი, რომლითაც დამშრალი ტბის შევსება უნდა დაწყებულიყო, 2024 წლის 19 სექტემბერს კი ტბის შევსება დაიწყო. მოსახლეობა ახლა ტბის გაწმენდას ითხოვს.