2023 წლის 29 მარტს პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი დააკავა 7-9 მარტის („რუსული კანონის“ საწინააღმდეგო) აქციაზე პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისა და სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილის განადგურების ბრალდებით. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
თავდაპირველად პოლიციაში ყოფნისას ლაზარე გრიგორიადისმა ბრალი აღიარა, რაც, ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, მეგობრების დაკავების მუქარით მოიპოვეს.
დაკავებულს 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მის მხარდასაჭერად აქცია იმავე საღამოს გაიმართა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ. ჰქონდათ ტრანსპარანტები: „დღეს მეც ლაზარე ვარ“; „მე ვისროლე“ (იგულისხმება „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა). ხელისუფლების მაღალჩინოსნების გაჟღერებული შეფასებებისა და ეპითეტების გამო („სატანისტები“, „ორიენტაცია არეულები“) აქციის მონაწილეები ფიქრობდნენ, რომ ლაზარეს გარეგნობა (შეღებილი თმა და ტატუები) გახდა მიზეზი, რამაც 21 წლის ახალგაზრდა პოლიციის „სამიზნედ“ აქცია.
ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით აქცია 1 აპრილს უკვე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართა. აქციაზე მივიდა საქართველოში მყოფი გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც. ამის გამო ის მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გააკრიტიკეს.
მოგვიანებით საპროტესტო აქციებს („ერთი კაცის აქციას“) აქტიურად მართავდა ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი. მას პოლიცია პარლამენტთან კარვის გაშლის უფლებას არ აძლევდა – პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ის რამდენჯერმე დააკავეს, სასამართლომ კი ჯარიმები დააკისრა. სახალხო დამცველი აცხადებდა, რომ კარვის გაშლა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია.
ლაზარე გრიგორიადისის დაკავებიდან რამდენიმე თვეში პარლამენტმა დაჩქარებული წესით გადაწყვიტა განეხილა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელთა მიხედვითაც ნივთის დაზიანებისთვის სასჯელი მძიმდებოდა. თუკი მანამდე ამ დანაშაულისთვის სასჯელის მაქსიმალური ვადა 3 წელი იყო, პარლამენტმა 5 წლამდე გაზარდა.
გრიგორიადისის დაკავების შემდეგ პროკურატურა გააქტიურდა მის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთი საქმეზე, რომელსაც სახელისუფლებო მედიასაშუალებები მისი დისკრედიტაციისთვის იყენებდნენ. 2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ ლაზარე გრიგორიადისს საკუთარი მამის დაჭრის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მამას შვილის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა და მის დასჯას არ მოითხოვდა. ლაზარეს ადვოკატი ამბობდა, რომ ამ განაჩენით სასამართლომ თავი დაიზღვია: თუკი „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის საქმეზე განაჩენი 9 თვის ვადაში არ გამოცხადდებოდა, ბრალდებული მაინც საპატიმროში დარჩებოდა.
2024 წლის 25 თებერვალს კლუბ „ხიდში“ პარტია „ევროპული საქართველოსა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ მომზადებული ფილმის, „ლაზარეს 12 მსაჯული“ პრემიერა გაიმართა. ეს იყო მოდელირებული სასამართლო იმის საილუსტრაციოდ, თუ რა მტკიცებულებები (არ) არსებობდა დაკავებული გრიგორიადისის წინააღმდეგ და როგორ იმუშავებდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამ საქმეს რომ ჰყოლოდა. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: 4D monster lobsters-ი, დაგდაგანი, LOUDspeakers, რობი კუხიანიძე და OUTSIDER და გამოუვალი მდგომარეობა.
სანამ ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი გამოცხადდებოდა, სახელისუფლებო პარტიამ გადაწყვიტა, „რუსული კანონის“ ხელახლა ინიცირება. სწორედ ამ კანონის საწინააღმდეგოდ და გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დაიგეგმა 8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და პარლამენტის შენობის წინ, გრიგორიადისის სხდომის პარალელურად.„მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის საქმეზე ერთწლიანი განხილვების შემდეგ ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა 2024 წლის 12 აპრილს მიუსაჯეს. რამდენიმე წუთში პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს მისმა ადვოკატებმა და დედამ. რამდენიმე საათში, „ტელეკომპანია პირველის“ საღამოს ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ ინტერვიუს მიცემის დროს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებდა. შეწყალების აქტი მან რამდენიმე დღეში გამოსცა და ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა.