EN

ნამახვანჰესის წინააღმდეგ

left arrow

2018

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2018 წლის 14 მარტი- 2021 წლის 22 სექტემბერი

გავრცელების არეალი

ეროვნული

პროტესტის სფერო

გარემო

პროტესტის ფორმა

ადგილის დაკავება, აქცია, მარში, პიკეტი

პროტესტის მიზეზი

ჰესის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას

ლიდერები, ორგანიზატორი

რიონის ხეობის მცველები, ვარლამ გოლეთიანი

მთავარი მოთხოვნა

არ აშენდეს ნამახვანჰესი

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება და ინვესტორი კომპანია

ლოზუნგები, ტრანსპარანტები

„არა ნამახვანჰესს!“ “„არა გიგანტურ ჰესებს“, „ჩვენ ვიცავთ მამულს“, „ქართული მიწა არ იყიდება“

პროტესტის შედეგი

გაუქმდა ჰესის აშენების პროექტი

მნიშვნელოვანი რესურსები

რიონის ხეობის მცველები თბილისში – რადიო თავისუფლება https://www.youtube.com/watch?v=LC8ZwjbwxVM

რატომ აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას – ინდიგო

https://indigo.com.ge/articles/ratom-aprotesteben-namokhvanhesis-msheneblobas

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის აშენება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე იყო დაგეგმილი. 1985 წელს დამტკიცდა პროექტი, რომლის თანახმადაც დაიგეგმა 500 მეგავატის სიმძლავრის 161 მეტრის სიმაღლის თაღოვანი კაშხლის მშენებლობა. საბჭოთა კავშირის დაშლის და შემდგომი მოვლენების გამო ეს პროექტი თაროზე შემოიდო.

ნამახვანჰესს 2009 წელს მიუბრუნდა ხელისუფლება, როდესაც თურქულ-კორეულ კონსორციუმთან თანამშრომლობას გეგმავდა. თუმცა ამ კონსორციუმმაც პროექტი მალევე დატოვა. 

ჰესის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე საუბარი 2015 წლის მიწურულს განახლდა. სახელმწიფო კომპანია „ნამახვანი ჰესების კასკადმა“ მოამზადა ნამახვანი ჰესის პროექტის სრულიად ახალი ვერსია. ამ პროექტის თანახმად, მდინარე რიონზე ჰესს ორი კაშხლით ჯამში 433 მგვტ უნდა გამოემუშავებინა, რაც შესაძლებელს გახდიდა წლის განმავლობაში 1,5 მილიარდ კილოვატსაათი ელექტროენერგიის გამომუშავებას.  2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა 433 მგვტ სიმძლავრის ნამახვანი ჰესის ასაშენებლად. პროექტის მიმართ ინტერესი მხოლოდ ნორვეგიულმა „ქლინ ენერჯი გრუფმა“ გამოხატა. 2017 წლის 17 იანვარს ეს კომპანია გამარჯვებულად გამოცხადდა.  2019 წლის გაზაფხულზე ნორვეგიული კომპანიის 90%  თურქულმა კომპანია „ენკამ“ იყიდა. პროექტის განხორციელების ვალდებულებაც მან აიღო. 2019 წელს მთავრობასა და თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზს” („ქლინ ენერჯი გრუფ“) შორის ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტის ღირებულება 850 მილიონი აშშ დოლარით შეფასდა. ითქვა, რომ საქართველოს მოხმარებული ელექტროენერგიის 11%-ის გამომუშავება ნამახვანჰესს შეეძლო.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” “ენკას” რუსულ კავშირებზე მიუთითებდა. როგორც მათ გამოიკვლიეს, ამ თურქულ კომპანიას ჰიდროელექტროსადგური არასოდეს აეშენებინა. მისი პორტფელის უდიდესი ნაწილი მოდიოდა რუსეთში განხორციელებულ პროექტებზე, რომელთა შორის იყო რუსეთის ფედერაციის პარლამენტის (დუმის) შენობისა და მთავრობის სახლის (თეთრი სახლის) რეკონსტრუქცია. 

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოსახლეობა პროექტის განახლებისთანავე გამოვიდა.

პროტესტის დასაწყისი

ჯერ კიდევ 2018  წელს გაიმართა აქცია ქუთაისში „არა დიდ ჰესებს!“; „ნუ ჩაგვძირავთ!“; „მზე და ქარი ჰესების ალტერნატივად!“; „გადავარჩინოთ ქუთაისი ნამახვანის საფრთხისგან!“ – ამ ლოზუნგებით იდგნენ მოქალაქეები „ჯაჭვის ხიდზე“. მათ გამოსვლა საგანგებოდ დაამთხვიეს მდინარეთა დაცვის საერთაშორისო დღეს – 14 მარტს.

“ეს არის ბომბი, რომელიც ჩაუდეს ზედა რაჭას”, – ასე შეაფასა დიდი ჰესების პროექტები მთავრობის კანცელარიასთან მისულმა თამთა მეტრეველმა. იმ დღეს, 2020 წლის 24 მაისს ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას რამდენიმე ათეული ადამიანი ცდილობდა და რაჭასა და ლეჩხუმში დიდი ჰესების აშენებაზე ნებართვის გაუქმებას ითხოვდა.  2020 წლის აგვისტოში შეიქმნა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“. ჰესი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანასა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთს შორის უნდა აშენებულიყო. ჟონეთის მოსახლეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი სამუშაოების დაწყებისთანავე, 2020 წლის ოქტომბერშივე დაიწყო.  25 ოქტომბერს სოფელ ნამახვანთან, სადაც მშენებელი კომპანია მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებდა, ადგილობრივებმა კარვები გაშალეს და მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით ღამეებს ათევდნენ. მედიამ მათ რიონის ხეობის დარაჯები და მცველები მალევე უწოდა.

პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციები გარემოზე ზემოქმედების სათანადო შესწავლასა და სხვა შესაბამის კვლევების ჩატარებას ითხოვდნენ. მომზადებული იყო მხოლოდ ერთი კაშხლის, ქვედა ნამახვანი ჰესის გავლენის შეფასება, ხოლო ზედა ჰესის ზემოქმედება შესწავლილი არ იყო.

29 ოქტომბერს, ნამახვანჰესის წინააღმდეგ პირველ დიდ აქციაზე ხალხმა მშენებლობის ადგილას ჯვარი აღმართა.  პროტესტის მონაწილეები ჯვართან დროდადრო გალობდნენ ხოლმე.

სიტუაცია  14 ნოემბერს გამწვავდა, როცა მეორე დიდი აქციისას ჯაჭვით ჩაბმულმა ხალხმა ქუთაისისა და ლეჩხუმის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გადაკეტა, პოლიციამ კი ისინი დაშალა

ამ მომენტიდან პროცესში ჩაერთნენ არამხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გარემოს დაცვაზე მუშაობდნენ, არამედ ადამიანის უფლებებზე მომუშავენი, მაგალითად EMC (ახლანდელი სოციალური სამართლიანობის ცენტრი) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მათ “მწვანე ალტერნატივასთან” ერთად გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვეს, რომ ხელისუფლება “რეპრესიული მეთოდებით და საპოლიციო ძალების გამოყენებით” ცდილობს მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობას. ისინი მთავრობას მოუწოდებდნენ, შეეჩერებინა პროექტი “ფართო საზოგადოებრივ ჯგუფებთან და განსაკუთრებით ადგილობრივ მოსახლეობასთან ჯეროვანი კონსულტაციების გამართვამდე და კომპანიის მხრიდან ჰესის შესაძლო ზეგავლენის თაობაზე არსებითი ხასიათის დოკუმენტაციისა და კვლევების წარმოდგენამდე”.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ ქვედა ნამახვანი ჰესის გარემოზე ზეგავლენის ანგარიშზე, რომლის თანახმადაც,  მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტის განხორციელებით – 610 ჰა სარკის ზედაპირის მქონე წყალსაცავის მოწყობის გამო – მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწა დაიკარგებოდა. ანგარიშში ისიც აღნიშნული იყო, რომ პროექტი ფიზიკური და ეკონომიკური განსახლების თვალსაზრისითაც შეიცავდა რისკს. წყალსაცავის წყლით დაიტბორებოდა და ფიზიკური განსახლება დასჭირდებოდა 100-მდე ოჯახს. კიდევ უფრო მეტ ოჯახზე კი პროექტს არაპირდაპირი ზეგავლენა ექნებოდა. იდგა სერიოზული სეისმური რისკიც; ექსპერტების შეფასებით, ნამახვანის და ტვიშის კაშხლების კასკადი 5 მაგნიტუდის  მიწისძვრასაც ვერ გაუძლებდა. 

უწყვეტი წინააღმდეგობა

პროტესტი არ შეწყვეტილა.  აქციის მონაწილეები ყოველ დილით მიდიოდნენ იმ ადგილას, სადაც კარვები ჰქონდათ გაშლილი და გვიან ღამემდე კოცონთან ერთი მოთხოვნით რჩებოდნენ – შეწყდეს მშენებლობა და ჰესის მშენებელმა კომპანიამ გაიყვანოს ტექნიკა.

პროტესტის ლიდერად 27 წლის ვარლამ გოლეთიანი იქცა. ის თავისი ფეისბუქ ლაივებით ახერხებდა, პროტესტის შესახებ უწყვეტი ინფორმაციის გავრცელებას რეგიონს მიღმა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში იმასაც აჩვენებდნენ, როგორ მუშაობდა ტექნიკა და მათი შეფასებით, “ანადგურებდა ბუნებას”.

“ერთ შეხვედრაზე ჩვენმა ოპონენტებმა გვკითხეს – როგორ შეიძლება ქვეყანაში ასი ჰესი შენდებოდეს და ასივეს წინააღმდეგი იყოთო. იცით, რა არის ჩვენი პასუხი? ის, რომ ასივე ჰესის შემთხვევაში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი გააკეთა ერთმა კომპანიამ. „გამა“ კონსალტინგმა… კიდევ, იცით,საქმე რაშია? თუ ჩვენ კარგად წავიკითხავთ და ჩავხედავთ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, შეიძლება გარემოზე საუბარი საერთოდ მეორეხარისხოვნად მოგვეჩვენოს იმასთან შედარებით, რაც იქ წერია. ვგულისხმობ, როგორც მიწის გადაცემას 99 წლის სარგებლობით, ისე წიაღისეულით სარგებლობის საკითხს, ტარიფს და ა.შ”, – ამბობდა ვარლამ გოლეთიანი. 

მესამე მასშტაბური აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ ჟონეთში 22 ნოემბერს გაიმართა, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან შეუერთდნენ. მათ მსვლელობა დაიწყეს იმ ადგილიდან, სადაც ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა.

2021 წლის თებერვლისთვის კომპანიას ხეობაში მცხოვრებ 278 ოჯახისთვის ჰქონდა გადახდილი კომპენსაცია – სულ 32 000 მილიონი ლარი. თუმცა როგორც აქციის მონაწილეები ამბობდნენ, არავის დაუთვლია, თუ რა ზარალს მიიღებენ რიონის ხეობის მცხოვრებნი ჰესის მშენებლობის შემდეგ, როგორ ზემოქმედებას მოახდენდა კასკადი ადგილობრივ ფლორასა და ფაუნაზე, ან გადარჩებოდა თუ არა თუნდაც ყურძნის ადგილობრივი ჯიშები შეცვლილი კლიმატის პირობებში. 

2021 წლის 30 იანვარს პოლიციამ ჯვრისა და კარვის აღება სცადა. ჯვართან მისასვლელ გზაზე პოლიციის თანამშრომლებმა შლაგბაუმი დადგეს. პოლიციამ საპროტესტო კარავი დაშალა. ჰესის მოწინააღმდეგეებმა კი ადგილი შეიცვალეს და ოდნავ ზემოთ, სოფელ ნამოხვანთან განთავსდნენ. როგორც რადიო თავისუფლება წერდა, ღამეს ლალი ეფრემიძის ყანის ადგილზე ათევდნენ – ლალის ყანა აქ დარჩენილი ერთადერთი გაუყიდავი ტერიტორია იყო. სხვებმა დათმეს მიწები. ის სადავო ტერიტორიად ითვლებოდა, რომელსაც მეპატრონე ვერ ირეგისტირებდა, მაგრამ არც კომპანიაზე გაუყიდია. ლალი ეფრემიძის 3000მ2 ფართობის ნაკვეთი წინააღმდეგობის ადგილად იქცა. აქაც მოაწყვეს სალოცავი კუთხე აქციის მონაწილეებმა. 

რიონის ხეობის მცველების ინტერესების დასაცავად ვარლამ გოლეთიანი 2021 წლის 18 თებერვალს პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზეც მივიდა და შეეცადა, დეპუტატებისთვის აეხსნა, რატომ ეწინააღმდეგებოდა მოსახლეობა ჰესის აშენებას და ამ პროექტის საჯარო განხილვა ითხოვა.

„რიონის ხეობის მცველები“ 21 თებერვალს ქუთაისში შეიკრიბნენ და ნამახვანჰესის წინააღმდეგ ხალხმრავალი აქცია გამართეს. აქციას შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები, გარემოს დამცველები, ოპოზიციური პარტიის წევრები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოსახლეობა.

ხელისუფლების პასუხი 

ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციის შემდეგ, 4 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს მოსახლეობასთან გასაუბრება დაავალა, ამავე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ პროექტთან დაკავშირებით მოსმენას გამართავდნენ.

„დიდი საყვედური ჩემგან დაგვიანებისთვის, იმდენად დაგაგვიანდათ, რომ ორჯერ სპეცრაზმმა მოგასწროთ“, – უთხრა 5 მარტს ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაკა სულაძემ მინისტრებს, რომლებიც ცაგერში მათთან შესახვედრად ჩავიდნენ. 

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მაშინ თქვა, რომ ეცდებოდნენ, ყველა დაერწმუნებინათ ამ ჰესის მნიშვნელოვნებაში.

პარლამენტმა 10 ათასზე მეტი ადამიანის ხელმოწერილი პეტიცია 9 მარტს განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხთა გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე. ამ სხდომაზე პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ თქვა: „ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ეს ქვეყანა, არაფერი არ აშენდება, ფაუნა-ფლორაში იცხოვრეთო. მეორეს მხრივ ეკონომიკა არ გვექნება“. ამავე სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ არ იგეგმებოდა „ამ პროექტის საფუძვლიანი, ხელახალი რევიზია, რადგან ეს პროექტი დამტკიცებულია“ და დასძინა, რომ „მორატორიუმი შეუძლებელია, გაჩერება შეუძლებელია, განვითარების შეფერხება შეუძლებელია“.

დაახლოებით მარტის მეორე ნახევარში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით გაჩერდებოდა. თუმცა მისი დაპირება არ შესრულდა. 

“ენკამ“ სამუშაოები განაახლა, რასაც 2021 წლის 3 აპრილს ხეობაში მორიგი დაპირისპირება მოჰყვა. იმ დღეს კომპანიის ახლად დანიშნული დირექტორი მერაბ ლომინაძე ჩავიდა. პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. იმ ღამეს პოლიციამ აქციის 12 მონაწილე დააჯარიმა კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების (გადაადგილება) დარღვევის გამო – აქტივისტები ღამეებს სოფელ გუმათთან საკუთარ მანქანაში ათენებდნენ, რადგან პოლიციამ სოფელ ნამოხვანში გაშლილ კარვებამდე მისვლის  უფლება არ მისცა. 

იმ დღეს 500-ზე მეტი პოლიციელი, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაც შეიყვანეს ხეობაში და და იქაურობა ჩაკეტეს. რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიციას ნამოხვანამდე მისასვლელი გზა გუმათში და მექვენასთან რკინის ბარიკადებით ჰქონდა გადაკეტილი. როგორც “მთის ამბები” წერდა, პოლიციის მიერ მოწყობილი ბლოკპოსტის გამო ჩაკეტილი იყო რიონის ხეობის 7 სოფელი – გუმათი, რიონი, ზარათი, ოფურჩხეთი, ჟონეთი, ნამოხვანი და მექვენა. ამ სოფლებში 3000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ამოწმებდნენ ყველას და მანქანით გადაადგილებას უზღუდავდნენ მოსახლეობას. გამოცემის ხნობით, სახლებში დასაბრუნებლად გზის ფეხით გაგრძელებაზე ნებართვას იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ ისინი ან მათი ოჯახის წევრები ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლთა სიაში არ აღმოჩნდებოდნენ, “ბლოკადაში ვართ” – ამბობდნენ ადგილობრივები.

პოლიციამ გაშლილი კარვები დაშალა, მიზეზად კი რიონის ხეობაში წყლის დონის მომატება დაასახელა.  კარვების ადგილი გადახნეს

12 აპრილს მათ პოლიციის ჯებირები გაარღვიეს და შეეცადნენ სოფელ ნამოხვანში იმ ადგილამდე მისულიყვნენ, სადაც უწყვეტ პროტესტს მართავდნენ. პოლიციელებმა მოქალაქეები უკან გამოაბრუნეს და რკინის ჯებირებიც ხელახლა აღმართეს.

13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობა გამოუცხადა. “მიუხედავად იმისა, ხელისუფლებას მართებულად მიაჩნია თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, იგი ვალდებულია, მოისმინოს ხალხის ხმა”, – წერდნენ ისინი საერთო განცხადებაში.

„რიონის ხეობის მცველების“ მხარდამჭერი აქციები გაიმართა ბათუმში, რუსთავში, გორში, პანკისში.

მეორე დღეს აქციის მონაწილეებმა იმ შემოვლითი გზის ჩაკეტვა დაიწყეს, რომლითაც ხეობაში “ენკას” ტექნიკა და პოლიცია შედიოდა. პოლიციამ 6 პირი დააკავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.

რიონის ხეობის მცველები თბილისში

ჯერ კიდევ 2021 წლის 14 მარტს ქუთაისში გამართულ აქციაზე თქვა ვარლამ გოლეთიანმა, რომ თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებდა “ათი ათასობით” ადამიანის მოთხოვნას, შემდეგი აქცია თბილისში,  პარლამენტთან გაიმართებოდა. 

“რიონის ხეობის მცველები” 23 მაისს მართლაც ჩავიდნენ თბილისში. ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციას სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულებიც შეუერთდნენ. ჯგუფებს თავისი აღმნიშვნელი ბანერი ეჭირათ, მაგალითად: “რაჭველებიც ჩამოვედით”, “ქსნის ხეობა”, “ზესტაფონი რიონის ხეობის გადასარჩენად” და აშ. პირველად აქ გამოჩნდა დიდი ზომის ბანერი წარწერით: “არ გაჩერდება ხალხის მდინარე – ქვეყნის გულიდან გამომდინარე”. ეს ბანერი, წლების შემდეგ, 2024 წლის პროევროპული აქციების ერთ-ერთ გამორჩეულად დასამახსოვრებელ ბანერად იქცა.

სცენა პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოეწყო. შეკრებილებს უმეტესად ვარლამ გოლეთიანი მიმართავდა. მანვე თქვა, რომ არსებობდა იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი დასკვნა პროექტზე, რომელსაც არ ასაჯაროებდნენ.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესრულებისთვის ვადა მეორე დღის 12 საათამდე მისცეს. მოთხოვნები კი ასეთი იყო: კომპანია „ენკამ“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული, გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოპროექტებზე შესაბამისი პოლიტიკის განსაზღვრამდე და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცველებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს. ის ღამე კარვებში გაათენეს  მეორე დღეს იუსტიციის სახლთან  გადაკეტეს გზა, რადგან ეკონომიკის სამინისტრო იუსტიციის სახლში იყო განთავსებული, შემდეგ რესპუბლიკის მოედნისკენ დაიძრნენ. 

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე შეკრებილი საზოგადოება ეკლექტური იყო – ჩანდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილებიც და ქვიარ აქტივისტებიც, რომლებიც აქციის ბოლოს გაყარეს, რადგან ერთ მათგანს ლგბტ სიმბოლიკის სამკლავური ეკეთა. 

26 მაისს აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ, რათა ადგილზე შეეშალათ ხელი კომპანიის საქმიანობისთვის. 

გუმათში პოლიციის ბარიკადებთან მისულებს დამატებით აღმართული ჯებირი დახვდათ. მასზე ბრახუნით მოითხოვდნენ სოფლებში შესვლას. თითქმის ერთ საათიანი უწყვეტი  ბრახუნის შემდეგ პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება დაიწყო. 8 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ჯებირის დაზიანებაზე გამოძიება დაიწყო. 

29 მაისს, მორიგი შეტაკებისას, პოლიციამ 2 პირი ფეხში დაჭრა – ერთი რეზინის ტყვიით და მეორე ცეცხლსასროლი იარაღით, პოლიციელზე თავდასხმისთვის კი ერთი აქტივისტი, ირაკლი მუკბანიანი დააკავა.

ვინ არიან ხეობის მცველები?

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კიდევ მეტად ცხადი გახდა, რომ “რიონის ხეობის მცველების” მოთხოვნები ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვისაც მიუღებელი იყო. მათი მხარდაჭერა ხეობიდან ჩამოსულებს არ მიუღიათ, პირიქით – კრიტიკა ისმოდა. ერთეული არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, არც სხვა საზოგადოებრივი  გაერთიანებებისგან მიუღიათ ფართო მხარდაჭერა. 

თბილისში ჩამოსვლით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ეროვნული მაუწყებლების ყურადღება და დისკუსიის გაფართოება მოახერხეს, თუმცა მათ მიმართ კითხვები და ეჭვებიც გამრავლდა – კითხულობდნენ, ვინ იდგა ხეობის მცველების უკან? ზოგნი რუსეთის კვალს ხედავდნენ, სხვები – ხელისუფლებისას, ხელისუფლება – ოპოზიციისას. იმაზე კი თანხმდებოდნენ, რომ ეს ჯგუფი “ვიღაცისგან მართული იყო. მაინც საიდან ჰქონდა ამ ჯგუფს თბილისში ჩამოსვლის და სამი დღით სცენის დაქირავების თანხა? – ამ კითხვით პროტესტის მონაწილეთა მიმართ ეჭვებს აჩენდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

რიონის ხეობის მცველები კი ამტკიცებდნენ რომ მცირე ოდენობის შემოწირულობებით (უმეტესად ემიგრანტებისგან) შეძლეს სცენის დაქირავება და თბილისში ჩამოსვლა. ამის დასტურად მოგვიანებით აუდიტის დასკვნაც გამოაქვეყნეს. ამ დასკვნით, 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით, ორგანიზაციამ შემოწირულების სახით 283 498 ლარი მიიღო. შემწირველები საქართველოში მცხოვრები და ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. თავის მხრივ ხალხმა ფეისბუქში დაიწყო კამპანია #მეგადავრიცხე იმის დასამტკიცებლად, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ერთადერთი დამფინანსებელი ხალხი იყო.

ინტერესი გაიზარდა პერსონალურად პროტესტის ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის მიმართაც.  „ვარლამ გოლეთიანი – გმირი ქართველი”, „რიონის ხეობის ახალგაზრდული მოძრაობა”, „ქართული გენი უკვდავია” – ასეთი ათეულობით თემატური გვერდი და ჯგუფი გაჩნდა ფეისბუქზე.  ამ ჯგუფებში ბევრი რელიგიური და ეროვნული თემატიკის პოსტი გამოქვეყნდა. მოგვიანებით ნაწილ მათგანზე თავად პროტესტის მონაწილეებმა თქვეს, რომ ყალბი ანგარიშები იყო და აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ, ნაწილი კი “რადიო თავისუფლებამ” შეისწავლა და დაადგინა, რომ ყალბი ანგარიშები ავრცელებდნენ ინფორმაციას და ცრუ მხარდამჭერები იყვნენ. დათო სიმონია კი, რომელიც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს კომუნიკაციაში ეხმარებოდა, ამბობდა, რომ ათეულობით გვერდი და ანგარიში მართლა მხარდაჭერას კი არ გამოხატავს, არამედ თამაშობს მხარდამჭერების ემოციებსა და სანტიმენტებზე. ისინი ცდილობდნენ, წარმოეჩინათ, თითქოს რიონის ხეობაში ვარლამ გოლეთიანის გარშემო ერთგვარი კულტია შექმნილი, რაც, სიმონიას თქმით, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. 

“პრაიდის” წინააღმდეგ

რიონის ხეობის მცველების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც მათ პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგეთა აქციაზე თბილისში ჩასვლა გადაწყვიტეს. 2021 წლის ივლისში ქვიარ აქტივისტები კვირეულს აორგანიზებდნენ, რის წინააღმდეგაც ჰომოფობიური ჯგუფები გაერთიანდნენ და გამოსვლა გადაწყვიტეს. სწორედ ამ ჯგუფებს უერთდებოდნენ რიონის ხეობიდან ჩასულები. ერთობლივ განცხადებაში თქვეს, რომ “პრაიდი” დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში”.

ეს განცხადება უცნაური იყო, რადგან რიონის ხეობის მცველები მხოლოდ ნამახვანჰესზე საუბრობდნენ და სხვა თემებზე კომენტირებისგან თავს იკავებდნენ. 

“ქვის მსროლელებზე გააკეთეს არჩევანი, როცა ამ არჩევანის გაკეთებასაც კი არავინ თხოვდათ, ხოდა, ჰყავდეთ ქვის მსროლელები”, – ფეისბუქში დაწერა განცხადების პასუხად ქვიარ აქტივისტმა გიორგი კიკონიშვილმა. ის  ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქტიური მხარდამჭერი იყო.

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კი ასევე ფეისბუქზე დაწერა, რომ ვარლამს და სხვა “ნამახვანელებს” დედაქალაქი 5 ივლისს ელოდა. ამ დღეს ქვიარ აქტივისტები “ღირსების მარშის” გამართვას გეგმავდნენ რუსთაველის გამზირზე, სიძულვილის ჯგუფები კი მათთვის ხელის შეშლას და პრაიდის ჩაშლას აპირებდნენ.

5 ივლისს რიონის ხეობის მცველები პრაიდის წინააღმდეგ აქცია მართლაც გამოჩნდნენ. ამბობდნენ, რომ როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, პატრიარქის მოწოდებით ჩამოვიდნენ და საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

5 ივლისი მასშტაბური ძალადობით დაამახსოვრდა არამხოლოდ ქვიარ აქტივისტებს, არამედ – ჟურნალისტებსაც, რომლებიც სრულიად მოულოდნელად მთავარი სამიზნეები აღმოჩნდნენ. საერთო ჯამში, 53 ჟურნალისტი გახდა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების მსხვერპლი. აქციის მონაწილეები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაუზიანეს ტექნიკა, აიძულებდნენ გადაღებული მასალების წაშლას და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი, დააზიანეს შენობა, სადაც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი იყო განთავსებული. ღირსების მარში ვერ შედგა. რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ამ აქციაზე სასტიკად სცემეს. “რიონის ხეობის მცველები” სწორედ ამ ჯგუფის მხარეს იდგა აქციაზე. 

გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია, “მწვანე ალტერნატივა”, რომელიც იმ რამდენიმე ორგანიზაციას შორის იყო, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს, იმ დღესვე გაემიჯნა რიონის ხეობის მცველებს და თქვეს, რომ კომუნიკაციას წყვეტდნენ ამ ჯგუფთან და დამოუკიდებლად გააგრძელებდნენ ბრძოლას ჰესის წინააღმდეგ. ნამახვან ჰესის აშენების ნებართვის გასაუქმებლად სასამართლოში სწორედ “მწვანე ალტერნატივა” დავობდა. სოციალური სამართლიანობის ცენტრმაც (EMC) თქვა, რომ ძალადობის აქციაში ჩართვის შემდეგ “ალიანსის შენარჩუნება” ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობასთან შეუძლებელი გახდა. “ჰესის წინააღმდეგ, ძალადობაზე თვალის დახუჭვით ბრძოლის არ გვჯერა“, – ამ განცხადებით კი მწვანეები გაემიჯნენ რიონის ხეობის მცველებს.

ხელშეკრულება გაუქმდა

ენერგეტიკულმა გაერთიანებამ, რომლის მთავარი მიზანია ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, ნამახვანჰესთან დაკავშირებით საქართველოში მედიატორი გამოგზავნა. მედიაციის დასაწყების წინაპირობად რიონის ხეობის მცველებმა სოფელ გუმათთან პოლიციის ბარიკადების მოხსნა დააყენეს, რაც მალევე შესრულდა. დანარჩენი ორი პირობა, რაზეც  ნამახვანის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, იყო რისკების შესწავლა და ენერგო უსაფრთხოებაზე დოკუმენტის შემუშავება –  მთავრობას მომავალი 10 წლის ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკა უნდა განესაზღვრა.

25 ივნისს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ჰესი მიუღებელი პირობებით შენდებოდა, ეს მემკვიდრეობა მას დახვდა და პირობები უნდა გადაეხედათ. სამთვიანი მედიაცია უშედეგოდ მიმდინარეობდა. 17 სექტემბერს რიონის ხეობის მცველებმა ეს პროცესი დატოვეს, რადგან მხარეები ვერ თანხმდებოდნენ. 

22 სექტემბერს „ენკამ“ მოულოდნელად განაცხადა, რომ ნამახვანის ჰესს აღარ ააშენებდა და საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას აუქმებდა. 2022 წლის 24 მარტს ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა, რასაც საარბიტრაჟო დავა მოჰყვა. “ენკა” ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. 2024 წლის დეკემბერში საქართველომ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო. თავად ენკას მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ კომპენსაცია 383.2 მილიონ დოლარს შეადგენდა. განაჩენის აღსრულებისთვის “ენკამ” აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მიმართა, რომლის თანახმად, კომპენსაციის მოცულობა უკვე გაზრდილია და 2025 წლის 7 ივლისის ის უკვე 450 მილიონ დოლარს აღემატება, რასაც  საურავიც ერიცხება.

Media

ჯვარი ჰესის მშენებლობის ადგილას

ჯვარი ჰესის მშენებლობის ადგილას

ფოტო ვიდეოდან. 2021 წლის 3 იანვარი

რიონის ხეობის მცველები კარავთან

რიონის ხეობის მცველები კარავთან

2021 წლის თებერვალი. ფოტო: თომა ბეგიაშვილი, რადიო თავისუფლება

სალოცავი ადგილი ნამოხვანთან

სალოცავი ადგილი ნამოხვანთან

2021 წლის თებერვალი. ფოტო: თომა ბეგიაშვილი, რადიო თავისუფლება

რიონის ხეობის მცველების აქცია ქუთაისში

რიონის ხეობის მცველების აქცია ქუთაისში

ფოტო: თათა კაჭკაჭიშვილი, რადიო თავისუფლება

ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების რიონის ხეობაში

ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების რიონის ხეობაში

მარჯვნივ: ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მარცხნივ: რიონის ხეობის მცველები ვარლამ გოლეთიანი და მაკა სულაძე

170-ე ღამე კარავში. 13.04.2021

170-ე ღამე კარავში. 13.04.2021

რიონის ხეობის მცველები ყოველ საღამოს აქვეყნებდნენ ფოტოს პროტესტის ადგილიდან

პოლიციის ბარიკადები

პოლიციის ბარიკადები

2021 წლის აპრილი. ფოტო: ილია სამურგანიდი

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია თბილისში

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია თბილისში

2021 წლის 23 მაისი. ფოტო: პუბლიკა

ვარლამ გოლეთიანი თბილისში აქციისას

ვარლამ გოლეთიანი თბილისში აქციისას

23.05.2021 ფოტო: მინდია გაბაძე, პუბლიკა

ბანერი - "არ გაჩერდება ხალხის მდინარე - ქვეყნის გულიდან გამომდინარე"

ბანერი - "არ გაჩერდება ხალხის მდინარე - ქვეყნის გულიდან გამომდინარე"

23.05.2021 ფოტო: მინდია გაბაძე, პუბლიკა

რიონის ხეობის მცველები

რიონის ხეობის მცველები

მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება