2021 წლის ივნისის დასაწყისში ქვიარ ადამიანების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციამ „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა, რომ დედაქალაქში 1-5 ივლისს „პრაიდის კვირეული“ გაიმართებოდა. კვირეული ფილმის ჩვენებით დაიწყებოდა, იქნებოდა „ქვიარ ფესტივალი“, ბოლო, მე-5 დღეს კი, დედაქალაქში „ღირსების მარშის“ (PRIDE) ჩატარება გადაწყდა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ პრაიდის მონაწილეებს უფლება აქვთ, გამოხატონ საკუთარი აზრი, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები კი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, დაეცვათ აქტივისტები. გავრცელდა საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაც, რომელიც მოუწოდებდა საქართველოში აკრედიტებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს, რომ „თავი შეიკავონ თბილისი პრაიდის მხარდაჭერისა და მათი წახალისებისგან“.
კვირეული ფილმის – „ღირსების მარშის“ კლუბ „ხიდში“ დახურული ჩვენებით გაიხსნა. ამას წინ უსწრებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლითაც დებდნენ პირობას, რომ დაგეგმილი ღონისძიება უსაფრთხოდ ჩატარდებოდა.
2 ივლისს, კინოჩვენების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, კლუბ „ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრება დაიწყეს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომლებსაც მედია სიძულვილის ჯგუფადაც მოიხსენიებს. ისინი მისულ სტუმრებს აგინებდნენ, ესროდნენ კვერცხებსა და ქვებს . უნდოდათ, ფიზიკურად გასწორებოდნენ მათ, თუმცა პოლიციამ იქ 23 ადამიანი დააკავა.
„ღირსების მარშის“ გამართვამდე ორი დღით ადრე, საქართველოს საპატრიარქომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და მრევლი 5 ივლისს პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, ქაშუეთის ეკლესიასთან პარაკლისის აღსავლენად მიიწვია. ხალხს კონტრაქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ პრორუსული მედია „ალტ-ინფო“ და მისი ხელმძღვანელები.
სიძულვილის ჯგუფები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ 5 ივლისს, დილიდან იკრიბებოდნენ. იმ დილით მთავრობის სხდომა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვით დაიწყო, რომელმაც ირიბად წაახალისა სიძულვილის ჯგუფები. მან თქვა, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება „მიზანშეუწონელი“ იყო, მის უკან „რადიკალური ოპოზიცია“ იდგა.
დღის საინფორმაციო გამოშვებებში ტელემედია უკვე იუწყებოდა და აჩვენებდა კადრებს, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ძალადობდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, ხელს უშლიდნენ მუშაობაში და უკრძალავდნენ კადრების გადაღებას.
ქალაქში მომხდარი ძალადობის გამო „თბილისი პრაიდმა“ „ღირსების მარში“ გააუქმა, თუმცა სიძულვილის ჯგუფები არ დაშლილან. იმ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, მათგან 53 ჟურნალისტი. თუმცა მოძალადეები რუსთაველის გამზირზე არ გაჩერებულან, მათ მოიარეს ქალაქის სხვა ქუჩებიც, არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისის დაარბიეს, მესამე სართულზე მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისში კი აივნიდან შეიჭრნენ, ჩამოგლიჯეს ლგბტ დროშა და დაარბიეს ოფისი. ამ დღეს სცემეს TV პირველი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც რამდენიმე დღეში, 11 ივლისს, დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა მასობრივი ძალადობის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პარლამენტის შენობის წინ დაბრუნდნენ და იცეკვეს. ამ დღეს მომხდარი ძალადობის გამო 32 ადამიანი დააკავეს, თუმცა მათ შორის არ ყოფილან ორგანიზატორები.