2021 წლის 27 ივნისს დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა მწვანე სივრცის დასაცავად და მოუწოდა ეკონომიკის სამინისტროს, თბილისის მერიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, გაეუქმებინათ დახურული ტიპის სტადიონის აშენების გადაწყვეტილება.
2019 წელს „შენი იდეა მერს“ კონკურსის ფარგლებში, ფინალში გასული იდეით და მოქალაქეების მხარდაჭერით, ამ ადგილზე უნდა აშენებულიყო პარკი, მაგრამ მერე უკვე იქ, II მკ. რაიონში, კორპუსებს შორის, პარკის ნაცვლად, დახურული სტადიონის აშენება დაიგეგმა. როგორც საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჰელენ მეჩითოვა ამბობდა, ამას შეეწირა 41 ხე.
ადგილობრივები ამბობდნენ, რომ უბანში ისე გადაწყდა სტადიონისა და საწვრთნელი ბაზის მშენებლობა, რომ მათთვის არაფერი უკითხავთ. მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს, მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებისას გაიგეს, რომ ტერიტორიაზე, რომლის კეთილმოწყობასაც 2016 წლიდან ითხოვდნენ, ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო ცენტრის მშენებლობას იწყებდა.
3 დეკემბერს მცხოვრებლების უკმაყოფილება მოჰყვა ადგილზე სამშენებლო ტექნიკის შეყვანას. სამშენებლო მანქანების მუშაობას სამართალდამცველები იცავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, წინააღმდეგობის გაწევისას ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავეს. ამის შემდეგ სამშენებლო სამუშაოების სამზადისი შეჩერდა და ადგილობრივებმა მოლაპარაკების შეთავაზება მიიღეს.
23 დეკემბერს ტერიტორია შემოღობეს, რამაც კიდევ გააღიზიანა ადგილობრივები. ამჯერადაც სადავო მონაკვეთზე პოლიცია მივიდა.
საბოლოოდ, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სტადიონი მაინც აშენდა და 2022 წლის 24 ნოემბერს გაიხსნა.