EN

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ

left arrow

2021

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2021 წლის 11 ივლისიდან 20 ივლისამდე

გავრცელების არეალი

თბილისი და რეგიონი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა, სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

2021 წლის 5 ივლისს ძალადობის მსხვერპლის, TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება.

ლიდერები/ორგანიზატორი

ინგა გრიგოლია, ნიკა გვარამია, ვახო სანაია, ეკა მიშველაძე, დიანა ტრაპაიძე

მთავარი მოთხოვნა

მთავრობის გადადგომა, 5 ივლისის ძალადობაში მონაწილე პირებისა და ორგანიზატორების დასჯა

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ტრანსპარანტები

“დაისაჯონ მკვლელები”, FOR LEXO, “გადადგეს და დაისაჯოს მკვლელი ღარიბაშვილი”

პროტესტის შედეგი

შედეგი არ მოჰყოლია

2021 წლის 11 ივლისს დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა. ის ერთ-ერთი იყო იმ 50-ზე მეტ ჟურნალისტს შორის, რომელზეც 2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა იძალადეს. ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისის სადარბაზო ასასვლელში ათეულობით ადამიანმა სასტიკად სცემა. პოლიციამ გვამი ექსპერტიზის ბიუროში ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად გადაიტანა.

იმ დღეს მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პროტესტის ნიშნად მთავრობის ადმინისტრაციას წითელი საღებავი შეასხა. პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა 20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ. ასევე, 70-ზე მეტმა მედიასაშუალებამ ერთობლივი განცხადებით მიმართა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ისინი ითხოვდნენ მყისიერ რეაგირებას იმ ფაქტზე, რომ 5 ივლისის მოვლენებზე ხელისუფლებას სათანადო რეაქცია არ ჰქონია.

საღამოს, შინაგან საქმეთა სამინისტროში, კრიმინალური პოლიციის უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგი გამართა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებზე საუბრის დროს  ნარკომომხმარებლობაზე მიანიშა. ბრიფინგი ერთი საათით უძღოდა წინ თბილისში გამართულ აქციას, რომელზეც მთავარი სპიკერები ჟურნალისტები იყვნენ. მათი მოთხოვნა მთავრობის გადადგომა იყო, რისთვისაც ვადად მეორე დღის 12:00 საათი დაასახელეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამართავდნენ უწყვეტ აქციებს და უარს იტყოდნენ სხვა ამბების გაშუქებაზე, გარდა ამ მოვლენებისა. 11 ივლისს აქცია გაიმართა ბათუმშიც. 

მეორე დღეს, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მედიამენეჯერები პარლამენტში მივიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მათმა ნაწილმა სხდომათა დარბაზში შესვლა მოახერხა. პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა ოპოზიციის უმრავლესობამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი განაცხადა, რომ წყვეტდა პარლამენტში მუშაობას. 

პარლამენტთან აქცია გაიმართა 12 ივლისსაც. მოქალაქეებმა შემდეგ გადაინაცვლეს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც პოლიციამ 12 დემონსტრანტი დააკავა.

13 ივლისს დაკრძალეს ლექსო ლაშქარავა, ამ დროისთვის 5 ივლისის ძალადობაში მონაწილე ათეულობით ადამიანიდან მხოლოდ 5 მათგანი იყო დაკავებული.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა (ის მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარე გახდა) ლაშქარავას დაკრძალვის დღეს თქვა: „გლოვაშიც კი პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენ. კადრებს არჩევენ. დრონით გადაღებული ჩასვენება… მკვლელობაზე საუბრობენ. სინამდვილეში კი, დღეს, მათ თავად მოკლეს მედია“.

იმავე დღეს, 13 ივლისს, მოძალადეთა დასჯის მოთხოვნით ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ბრიფინგი დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეაწყვეტინეს. მათ მოითხოვეს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადაყენება.

17 ივლისს მორიგი აქცია გაიმართა პარლამენტის წინ. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ჟურნალისტები და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. პარალელურად “სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია იმართებოდა ბათუმშიც. ტრანსპარანტებზე გამოსახული იყო ბიძინა ივანიშვილი წარწერით “რუსი ოლიგარქი”, ლევან ვასაძის ფოტოს ეწერა “რუსეთის აგენტი”, ხოლო ალტ-ინფოს წევრის, ზურა მახარაძის ფოტოზე იყო წარწერა: “დაისაჯოს დამნაშავე”.  

18 ივლისს, 5 ივლისთან დაკავშირებით, პარლამენტში სასაუბროდ მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. თუმცა, მინისტრის მოსმენა გადაიდო იმ მიზეზით, რომ ჟურნალისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები პროტესტს მართავდნენ. შემდეგ გამოსვლა მაინც დაიწყო, მაგრამ რამდენიმე წუთშივე ოპოზიციონერი დეპუტატები ვახტანგ გომელაურის ტრიბუნასთან მივიდნენ და არ მისცეს სიტყვის გაგრძელების შესაძლებლობა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. სხდომაზე პროტესტს გამოხატავდნენ ჟურნალისტებიც, რომლებმაც მათთვის გამოყოფილი ნაწილიდან გადმოფინეს ბანერი: „დასაჯეთ დამნაშავეები“.

გომელაურის სიტყვით გამოსვლის დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, თინა ბოკუჩავა თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილისკენ წავიდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა მას ამის უფლება არ მისცა – ძალის გამოყენებით მოაშორა ადგილს – უკნიდან მიუახლოვდა, მხრების ქვეშ ხელი წაავლო და გაიყვანა.

ჟურნალისტების აქცია გაიმართა 20 ივლისსაც, მთაწმინდის პარკში, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე უნდა წარედგინათ. მისმა თანაგუნდელმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ხელიდან გამოსტაცა ლექსო ლაშქარავას ფოტო.

ამ საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით არავინ დასჯილა.

Media

ლექსო ლაშქარავას დაკრძალვა

ლექსო ლაშქარავას დაკრძალვა

2021 წლის 13 ივლისი. ფოტო: მირიან მელაძე

ტვ პირველის ჟურნალისტები აქციაზე

ტვ პირველის ჟურნალისტები აქციაზე

2021 წლის 11 ივლისი. ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება

ბანერი პარლამენტთან აქციაზე

ბანერი პარლამენტთან აქციაზე

2021 წლის 11 ივლისი. ფოტო: ანა მსხალაძე / On.ge

მედიის პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციაში

მედიის პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციაში

2021 წლის 13 ივლისი. ფოტო: მედიაჩეკერი