2021 წლის 11 ივლისიდან 20 ივლისამდე
თბილისი და რეგიონი
პოლიტიკა, სამართალი
2021 წლის 5 ივლისს ძალადობის მსხვერპლის, TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას.
ინგა გრიგოლია, ნიკა გვარამია, ვახო სანაია, ეკა მიშველაძე, დიანა ტრაპაიძე
მთავრობის გადადგომა, 5 ივლისის ძალადობაში მონაწილე პირებისა და ორგანიზატორების დასჯა
ხელისუფლება
დაისაჯონ მკვლელები, FOR LEXO
შედეგი არ მოჰყოლია
“გადადგეს მკვლელი მთავრობა” — პარლამენტთან 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის გარდაცვალებას აპროტესტებენ
https://go.on.ge/2c0u
ჟურნალისტების პროტესტი ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მთავრობის ბრიფინგზე
https://www.mediachecker.ge/mediagaremo/article/88710-zhurnalistebis-protesti-leqso-lashqaravas-fotoebith-mthavrobis-brifingze”
2021 წლის 11 ივლისს დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მსხვერპლი, ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა. ის ერთ-ერთი იყო იმ 50-ზე მეტ ჟურნალისტს შორის, რომელზეც იმ დღეს იძალადეს. პოლიციამ გვამი ექსპერტიზის ბიუროში ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად გადაიტანა.
იმ დღეს მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პროტესტის ნიშნად მთავრობის ადმინისტრაციას წითელი საღებავი შეასხა. პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა 20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ. ასევე, 70-ზე მეტმა მედიასაშუალებამ ერთობლივი განცხადებით მიმართა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ისინი ითხოვდნენ მყისიერ რეაგირებას იმ ფაქტზე, რომ 5 ივლისის მოვლენებზე ხელისუფლებას სათანადო რეაქცია არ ჰქონია.
საღამოს, შინაგან საქმეთა სამინისტროში, კრიმინალური პოლიციის უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგი გამართა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებზე საუბრის დროს ნარკომომხმარებლობაზე მიანიშა. ბრიფინგი ერთი საათით უძღოდა წინ თბილისში გამართუულ აქციას, რომელზეც მთავარი გამომსვლელებიც ჟურნალისტები იყვნენ. მათი მოთხოვნა მთავრობის გადადგომა იყო, რისთვისაც ვადად მეორე დღის 12:00 საათი დაასახელეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამართავდნენ უწყვეტ აქციებს და უარს იტყოდნენ სხვა ამბების გაშუქებაზე, გარდა ამ მოვლენებისა. 11 ივლისს აქცია გაიმართა ბათუმშიც.
მეორე დღეს, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მედიამენეჯერები პარლამენტში მივიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მათმა ნაწილმა სხდომათა დარბაზში შესვლა მოახერხა. პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა ოპოზიციის უმრავლესობამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი განაცხადა, რომ წყვეტდა პარლამენტში მუშაობას.
პარლამენტთან აქცია გაიმართა 12 ივლისსაც. მოქალაქეებმა შემდეგ გადაინაცვლეს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა.
13 ივლისს დაკრძალეს ლექსო ლაშქარავა, რომელიც ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისის სადარბაზო ასასვლელში ათეულობით ადამიანმა სასტიკად სცემა, მაგრამ მათგან ლექსოს დაკრძალვამდე მხოლოდ 5 მათგანი იყო დაკავებული.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა (ის მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარე გახდა) ლაშქარავას დაკრძალვის დღეს თქვა: „გლოვაშიც კი პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენ. კადრებს არჩევენ. დრონით გადაღებული ჩასვენება… მკვლელობაზე საუბრობენ. სინამდვილეში კი, დღეს, მათ თავად მოკლეს მედია“.
იმავე დღეს, 13 ივლისს, მოძალადეთა დასჯის მოთხოვნით ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ბრიფინგი დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეაწყვეტინეს. მათ მოითხოვეს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადაყენება.
17 ივლისს მორიგი აქცია გაიმართა პარლამენტის წინ. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ჟურნალისტები და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. პარალელურად “სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია იმართებოდა ბათუმშიც. ტრანსპარანტებზე გამოსახული იყო ბიძინა ივანიშვილი წარწერით “რუსი ოლიგარქი”, ლევან ვასაძის ფოტოს ეწერა “რუსეთის აგენტი”, ხოლო ალტ-ინფოს წევრის, ზურა მახარაძის ფოტოზე იყო წარწერა: “დაისაჯოს დამნაშავე”.
18 ივლისს, 5 ივლისთან დაკავშირებით, პარლამენტში სასაუბროდ მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. თუმცა, მინისტრის მოსმენა გადაიდო იმ მიზეზით, რომ ჟურნალისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები პროტესტს მართავდნენ. შემდეგ გამოსვლა მაინც დაიწყო, მაგრამ რამდენიმე წუთშივე ოპოზიციონერი დეპუტატები ვახტანგ გომელაურის ტრიბუნასთან მივიდნენ და არ მისცეს სიტყვის გაგრძელების შესაძლებლობა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. სხდომაზე პროტესტს გამოხატავდნენ ჟურნალისტებიც, რომლებმაც მათთვის გამოყოფილი ნაწილიდან გადმოფინეს ბანერი: „დასაჯეთ დამნაშავეები“.
გომელაურის სიტყვით გამოსვლის დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, თინა ბოკუჩავა თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილისკენ წავიდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა მას ამის უფლება არ მისცა – ძალის გამოყენებით მოაშორა ადგილს – უკნიდან მიაუახლოვდა, მხრების ქვეშ ხელი წაავლო და გაიყვანა.
ჟურნალისტების აქცია გაიმართა 20 ივლისსაც, მთაწმინდის პარკში, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე უნდა წარედგინათ. მისმა თანაგუნდელმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ხელიდან გამოსტაცა ლექსო ლაშქარავას ფოტო.
ამ საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით არავინ დასჯილა.