EN

ძიუდოისტების პროტესტი

left arrow

2018

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2018 წლის 4 მაისიდან 2 ივნისამდე

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ძიუდოს ნაკრები უმედლოდ რჩებოდა ტურნირებზე.

ლიდერები,ორგანიზატორი

ძიუდოისტები, ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი

მთავარი მოთხოვნა

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომა

პროტესტის ადრესატი

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი

პროტესტის შედეგი

დავით ქევხიშვილი გადადაგა

2018 წლის მაისის დასაწყისში  ძიუდოისტების ნაწილმა ფედერაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით. მას  ერთპიროვნულ მმართველობაში, ნეპოტიზმსა და ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებდნენ. 

ფედერაციის პრეზიდენტსა და ძიუდოისტებს შორის პირველი ხმაურიანი დაპირისპირება 2016 წლის იანვარში დაიწყო. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც მაშინ საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული გუნდის ცუდ სავარჯიშო პირობებზე გაამახვილა ყურადღება და ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ძიუდოს 90-იან წლებში დაბრუნებაში დაადანაშაულა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა თქვა, რომ ინფორმაცია ნაკრების გამოცდილმა წევრებმა მიაწოდეს.

ზვიადაურის ბრალდებიდან რამდენიმე დღეში დავით ქევხიშვილს უკვე თავად მოქმედმა ძიუდოისტებმა შეუტიეს. ევროპის სამგზის ჩემპიონმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ ნაკრების წევრებს ქურთუკებითა და წინდებით უწევთ ვარჯიში გაყინულ დარბაზებში.

2016 წელს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ირაკლი რაზმაძეს კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს და მის ნაცვლად ირაკლი ცირეკიძე დანიშნეს, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია. 

ძიუდოისტები შედეგს ვეღარ აჩვენებდნენ და ტურნირებს მედლების გარეშე ტოვებდნენ. 2018 წლის 26-28 აპრილს თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უმედლოდ დარჩა. 1992 წლის შემდეგ ეს იყო პირველი ევროპირველობა, როცა საქართველომ გამარჯვებას ვერ მიაღწია. სწორედ ამ ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა ძიუდოისტებმა 4 მაისს მოითხოვეს ქევხიშვილის გადადგომა. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სპორტსმენების გააქტიურებას ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაყენებით უპასუხა და რიგგარეშე ყრილობაც დანიშნა. 

10 მაისს, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ სამინისტრომ, შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტმა და ოლიმპიურმა კომიტეტმა შექმნეს კომისია, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებდნენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ.

ქართველი ძიუდოისტების აქციებს სპორტის ქართველი და უცხოელი ვარსკვლავებიც გამოეხმაურნენ – სოციალურ ქსელებში მათი მხარდამჭერი ვიდეო განცხადებები ვრცელდებოდა.

მინისტრმა გიორგაძემ ბრიფინგის წინ კაბინეტში ითათბირა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, ლერი ხაბელოვთან, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიხეილ ყაველაშვილთან, იმავე კომიტეტის წევრთან შოთა ხაბარელთან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან, ანზორ ჩუბინიძესთან.

“სპორტის მმართველი ორგანოების ხელმძღვანელთა გვერდით ანზორ ჩუბინიძის გამოჩენამ შეიძლება გულშემატკივრები გააოცა, სპორტსმენებისა და შიდა წრეში მოტრიალე ხალხისთვის კი ეს მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. კულუარებში სწორედ ანზორ ჩუბინიძეს ასახელებენ დავით ქევხიშვილის მფარველად და, ზოგადად, ქართულ სპორტში უდიდესი გავლენის მქონე ადამიანად. სამინისტროს შეხვედრაზე ჩუბინიძის გამოჩენამ ისედაც გაღიზიანებული ძიუდოისტები კიდევ უფრო გააბრაზა”, – წერდა რადიო თავისუფლება.

მიხეილ გიორგაძის განცხადებიდან ერთ საათში რიგგარეშე ყრილობა დაიწყო, რომელზეც ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ საგანგებოდ დაქირავებულმა დაცვის სამსახურმა ქევხიშვილთან შეხვედრის მსურველი სპორტსმენები დარბაზში არ შეუშვა. ჯაჯგურის შემდეგ, დელეგატების მითითებით დაცვამ უკან დაიხია. ყრილობაზე რამდენიმე ძიუდოისტი შევიდა, მაგრამ ათიოდ წუთში ისინი უკვე გარეთ იყვნენ. დიალოგი და კითხვა-პასუხი ვერ შედგა. ყრილობა დასრულებამდე დატოვა მიხეილ ყაველაშვილმაც. პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ქევხიშვილის მხარი დაუჭირა. ასე მოიქცნენ ყრილობის დელეგატებიც.

ვინაიდან ხელისუფლების მხრიდან რეალური ქმედება არ ჩანდა, 22 მაისს აქციები განახლდა. სპორტსმენებმა ქევხიშვილის სამუშაო ოთხიდან სკამი გაიტანეს, ნაგვის ურნასთან დატოვეს და ოთახის კარი ორი ფიცრით აჭედეს. დავით ქევხიშვილი ფედერაციის შენობაში არ იმყოფებოდა. ფედერაციის წარმომადგენლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

31 მაისს კი, თბილისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი ჩხუბისას, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ვეტერანი ძიუდოისტი, იოსებ წელაური, რომელიც ქევხიშვილის გადადგომას ითხოვდა პროტესტში ჩართულ სხვა სპორტსმენებთან ერთად. 

ამ ფაქტზე სამართალდამცავებმა იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების გამო დააკავეს ძიუდოს ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი, ლომერ ჟორჟოლიანი. ერთ-ერთი ვერსიით, ინციდენტის ადგილზე დავით ქევხიშვილიც იმყოფებოდა და იქაურობა სასწრაფოდ დატოვა.

2 ივნისს დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის პარალელურად დავით ქევხიშვილი ჩართული იყო პოლიტიკურ საქმიანობაშიც. ის 2016 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კი ის უკვე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი იყო ყვარლის მუნიციპალიტეტში.

Media

ძიუდოისტები კანცელარიასთან

ძიუდოისტები კანცელარიასთან

23.05.2018 ფოტო: პირველი არხი