EN

მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია

left arrow

2017

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2017 წლის 27 დეკემბერი – 2019 წლის 31 დეკემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი, რეგიონი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია, ადგილის დაკავება

პროტესტის მიზეზი

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.

ლიდერები, ორგანიზატორი

მალხაზ მაჩალიკაშვილი

მთავარი მოთხოვნა

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელების დასჯა

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ლოზუნგები, ტრანსპარანტები

“დაისაჯოს თემირლანის მკვლელი”, “ოცნება კლავს”. #ნუმომკლავ ” მამები სიმართლისთვის”

ვიზუალური ელემენტები

იდგა დიდი ბანერი პარლამენტის წინ, გამოფენილი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ფოტოები,
დაიდგა კარვები

პროტესტის შედეგი

შედეგი არ მოჰყოლია

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ტერორიზმის საქმეზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმელის ტყვიამ იმსხვერპლა. მაჩალიკაშვლის მამის განცხადებით, სახლში შესულმა სპეცრაზმმა თემირლანს საწოლში მძინარეს შუბლის არეში ესროლა. დაჭრილი რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამ ხეობაში სპეცოპერაცია იმ პირების წინააღმდეგ ჩატარდა, რომლებიც ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დაეხმარნენ. მათი კავშირების დასადასტურებლად სუს-მა ვიდეო გაავრცელა. ახმედ ჩატაევი 21-22 ნოემბერს ისანში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

გამოძიების ობიექტურად ჩატარების მოთხოვნით, პანკისელები 2017 წლის 27 დეკემბერს შეიკრიბნენ. ამ საკითხზე უხუცესთა საბჭოს სხდომაც გაიმართა. შეკრებილებმა უკმაყოფილება გამოხატეს სპეცოპერაციის ფორმებთან დაკავშირებით. მოგვიანებით მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მტკიცებულებების ნაწილი გააცნო, თუმცა უხუცესთა საბჭოს წევრებმა თქვეს, რომ „მასალების შინაარსის შეფასება რთულია და ის უნდა გახდეს სამართლებრივი განხილვის საგანი“. 

კიდევ ერთი აქცია 20 აპრილს გაიმართა. სოფელ დუისში, მაჩალიკაშვილების სახლში, ათობით ადამიანი შეიკრიბა და თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარება მოითხოვა. 

მაჩალიკაშვილი 2018 წლის მაისში პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციას შეუერთდა. ზაზა სარალიძეც შვილის მკვლელის დაკავებას ითხოვდა და მამები, მას შემდეგ, ერთად ითხოვდნენ სამართალს. “მამები სიმართლისთვის” – ასე ერქვათ ერთობლივ პროტესტს. მაჩალიკაშვილი პარლამენტთან ათენებდა და აღამებდა თვეების განმავლობაში, მათ შორის შვილის დაბადების დღეზეც იქ იყო. 

თბილისში პანკისელებიც ჩამოვიდნენ. 12 ნოემბერს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ოფისის წინ შეიკრიბნენ.  აქციაზე კიდევ ერთხელ მოითხოვეს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავეების, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის იმ დროისთვის უკვე ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დასჯა, რადგან ოჯახი თემირლანის მკვლელობაში მას ადანაშაულებდა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ სპეცოპერაციას გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. ამ ბრალდებას უარყოფდა გოგაშვილი, რომელმაც თანამდებობა 2018 წლის 21 აგვისტოს დატოვა.

2019 წლის მოახლოებასთან ერთად თბილისის მერიამ კარვების აყრა სცადა, თუმცა სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის შემდეგ თბილისის მერიამ გადაწყვეტილება შეცვალა.

პარლამენტის ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2019 წლის 5 თებერვალს საქმის გამოსაძიებლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

2019 წლის 12 ივნისიდან კომისიის შესაქმნელად მოქალაქეთა 100 ათასი ხელმოწერის შეგროვებაც დაიწყეს მაჩალიკაშვილის მშობლებმაც. მალევე მაჩალიკაშვილის ოჯახმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა. 

პარალელურად მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ აგრძელებდა პროტესტს. ხან დამოუკიდებლად, ხანაც სხვა პროტესტებს უერთდებოდა, მაგალითად, მონაწილეობდა პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით გამართულ აქციებში.

2019 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, დაახლოებით პირველის ნახევარზე, როცა ხალხი ახალი წლის დადგომას აღნიშნავდა, მერიის შესაბამისმა სამსახურმა პარლამენტის წინ ტერიტორია გაწმინდა – პირველ რიგში, აიღეს საპროტესტო კარვები. იქ მისვლა რამდენიმე აქტივისტმა შეძლო, თუმცა მერიის თანამშრომელთა მუშაობას ხელი ვერ შეუშალეს. მოგვიანებით მერიამ იქ ბავშვთა გასართობი ატრაქციონები დადგა.

ადგილზე მისული მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობდა, რომ „მე აქ დავრჩები, კარავსაც გავშლი და ბანერსაც დავდგამ, მე მაქვს ამის უფლება, გამოვთქვა ჩემი პროტესტი. ამ კარავში მე თემირლანს ვხედავ და ეს კარავი აქ უნდა იდგეს. ისიც ბავშვია, როგორც აქ მოვლენ ბავშვები, მაგრამ არ მგონია, აქ ბავშვები მოვიდნენ“. მანვე ისიც გაიხსენა რომ წინა ჯერზე, როდესაც მისი კარავი აიღეს, საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით შეგროვებული ხელმოწერები დაკარგა, რომელსაც კარავში ინახავდა. ახალი წლის დღეების გასვლის შემდეგ, მერიამ ატრაქციონი აიღო და პარლამენტის წინ სივრცე შემოღობა. იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელიც თითქმის 9 თვის შემდეგ, აგვისტოში დასრულდა

2020 წლის 25 იანვარს პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყვიტა. მიზეზად კი დანაშაულის არარსებობა დასახელდა.

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა… სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში,” ,- აცხადებდნენ პროკურატურაში.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ბრძოლას აგრძელებდა. 2020 წლის 19 თებერვალს რუსთაველის მეტროსთან ბანერი დადგა და საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ხელახლა დაიწყო, თუმცა კომისიის შექმნას ვერ მიაღწია.

თემირლანის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამიზნე ამჯერად მალხაზ მაჩალიკაშვილი გახდა – 2019 წლის  7 მაისს ის ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი რამდენიმე პირის მკვლელობას გეგმავდა. მტკიცებულებად კი მის ძმისშვილთან საუბრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. “ეს ჩემი ფიქრებია, თუმცა მიზანი არ მქონია. როცა მე ესენი ძალათ მამწარებენ… მხეცი ვერ გაუძლებდა და როცა მამწარებენ, მაქვს ხოლმე ასეთი საუბარი”, – ახსნა საუბრის შინაარსი მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.

მაჩალიკაშვილის საქმის გამო არა, მაგრამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და კიდევ რამდენიმე სხვა ბრალით სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 2022 წელს დააკავეს და 2023 წელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

თემირლანის მკვლელობიდან თითქმის 5 წლის შემდეგ, 2023 წლის 19 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა პროცედურულ, გამოძიების ნაწილში. საქართველოს მთავრობას ოჯახისთვის მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

Media

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან

2019 წლის 5 თებერვალი. ფოტო ფეისბუქ გვერდიდან "მამები სიმართლისთვის"

აქციის მონაწილეები მაჩალიკაშვილების ეზოში, სოფელ დუისში

აქციის მონაწილეები მაჩალიკაშვილების ეზოში, სოფელ დუისში

2018 წლის 20 აპრილი. ფოტო: გიორგი ალადაშვილი, რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლანის ფოტოსთან

მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლანის ფოტოსთან

ფოტო: Facebook

ხელმოწერების შეგროვება რუსთაველის მეტროსთან

ხელმოწერების შეგროვება რუსთაველის მეტროსთან

2019 წლის 17 ივლისი. ფოტო ფეისბუქ გვერდიდან "მამები სიმართლისთვის"