2019 წლის 22 ივნისიდან 12 დეკემბრამდე
თბილისი და რეგიონი
პოლიტიკა
აქცია, მარში, ციფრული აქტივიზმი, შიმშილობა, პიკეტი
„გავრილოვის ღამეს“ აქციის მონაწილეთა დაშლას
სამოქალაქო აქტივისტები
პროპორციული არჩევნების ჩატარება და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა
ხელისუფლება
„ნუ გვაბრმავებ“, „გახარია წადი“, „აქ ყლე არავინ არის!!!“, „GAME IS OVER! GAKHARIA, „სისხლიანი 9+7 წელი“, „გამოდი გარეთ“. “ცალი თვალითაც გხედავ”
“გამოდი გარეთ
https://www.youtube.com/watch?v=TvkZl93X6TE”
“„გახარია წადი“
გამოდი გარეთ”
წითელი თვალსახვევი
მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციულად.
2019 წლის 20 ივნისს რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოჩენას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. საპროტესო აქცია შსს-მ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა. პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მიუხედავად, აქციების ძალადობრივად დაშლის გამო, საზოგადოების პროტესტი არ შეწყდა. 22 ივნისს, მრავალრიცხოვან აქციაზე, რომლის მონაწილეებიც, ძირითადად, სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდები იყვნენ, მოქალაქეებმა მოითხოვეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულად ჩატარება. შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას კი თანამდებობის დასატოვებლად სამსაათიანი ვადა მისცეს.
Facebook-ში მოეწყო საქართველოს ამ პროტესტის მხარდამჭერი ფოტოკამპანიაც. ფოტოებზე გამოსახული იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც ცალ თვალზე ხელი ჰქონდათ აფარებული. ისინი ამგვარად უცხადებენ სოლიდარობასთბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომელთაგან რამდენიმემ 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა. სოლიდარობის კამპანიას ორგანიზება გაუწია საკრუიზო გემზე მომუშავე ქართველმა მეზღვაურმა ბუკა გირკელიძემ.
თვალზე აფარებული ხელი და წითელი თვალის სახვევი ამ აქციების სიმბოლო გახდა. “ცალი თვალითაც გხედავ”; “ნუ მაბრმავებ” – ამ მესიჯს ჟესტით გამოხატავდნენ სპორტსმენებიც. დაიწერა სიმღერებიც. მაგალითად, “გამოდი გარეთ” – Moku T-სა და ტატო რუსიას ამ სიმღერას ხშირად რთავდნენ აქციებზე. გაჩნდა სტენსილებიც. რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან, მიწისქვეშა გადასასვლელის კედელზე, ქუჩის მხატვარმა ქართლის დედა დახატა – ისიც ცალ თვალს ხელით იფარავდა.
24 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოიტანეს შს მინისტრის, გიორგი გახარიას თვალახვეული ბიუსტი, რომელიც მომდევნო კვირეების განმავლობაშიც რუსთაველზე დარჩა.
„დაუსიგნალე ოკუპაციას“, — ავტოკოლონა ამ გზავნილით, რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრა და თბილისის ქუჩები მოიცვა. ავტომობილები მოძრაობდნენ სიგნალებით. ფანჯრებიდან დროშები ფრიალებდა. ასეთი ავტომსვლელობა შემდეგ დღეებშიც გაიმართა.
24 ივნისს აქციის მონაწილეებმა „პირველი გამარჯვება“ იზეიმეს. ამ დღეს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდებოდა. ამ გადაწყვეტილებას მიესალმნენ არასამთავრობო ორგანიზაციები: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ და სხვები. მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მათ მიიღეს „კონსოლიდირებული და მტკიცე“ პროტესტის შედეგად.
მიუხედავად ამისა, აქციები ყოველ დღე ისევ იმართებოდა. გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობდნენ ბექა ბასილაია და ვახტანგ სიხარულიძე, თუმცა, 13 ივლისს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იძულებულნი გახდნენ, შიმშილობა შეეწყვიტათ.
27 ივნისს, ხალხმრავალი აქციების გამო, გადაიდო პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა. პარლამენტის ახალმა თავმჯდოამრემ, არჩილ თალაკვაძემ კი თქვა: „ყველასთვის ცხადია, რომ არსებულ ვითარებაში, შეუძლებელი იქნება პარლამენტში სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება“.
29 ივნისს შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით „თავისუფლების მარშზე“ თბილისის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობა გაიმართა. აქციები იმართებოდა ბათუმში, ზუგდიდსა და გორში.
1 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინა მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად.
პროტესტის მე-14 დღეს სიტყვით აღარავინ გამოსულა, ამ დღეს სცენა მუსიკოსებმა დაიკავეს, რომლებმაც საპროტესტო აქცია-კონცერტი გამართეს. “გავრილოვის ღამიდან” ერთი თვის თავზე, 20 ივლისს, „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა თბილისის ქუჩებში პოსტერები გააკრეს. პოსტერებზე ცალ თვალზე ხელაფარებული ადამიანების ფოტოები იყო გამოსახული. „უკვე ერთი თვეა, ცალი თვალით გიყურებ და მეორეს აღარასოდეს დავხუჭავ“, – იყო პოსტერების მთავარი გზავნილი. მოაწყვეს მეორადი ნივთების ბაზრობაც. მონაწილეები ამბობდნენ, რომ შემოსული თანხის 20 პროცენტს ნებაყოფლობით ჩარიცხავდნენ აქციების ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე.
22 ივლისს აქციის ორგანიზატორებმა და სამოქალაქო აქტივისეტებმა განაცხადეს, რომ ახალ, საგანგებო რეჟიმზე გადადიოდნენ და ყოველ დღე, 20:20 საათზე რუსთაველის გამზირიდან დაიწყებდნენ გადაცემას „სირცხვილია“. სწორედ ასე ჩაეყარა ორგანიზაციას საფუძველი, რომელიც რეესტრში რამდენიმე თვის შემდეგ, 2019 წლის 10 დეკემბერს, დარეგისტრირდა. ამ გადაცემებს საჯარო დისკუსიის სახე ჰქონდა. რუსთაველზე მოწყობილ სცენაზე სხვადასხვა თემებს განიხილავდნენ, ბოლო, 41-ე გადაცემა პროტესტის 91-ე დღეს, 2019 წლის 18 სექტემბერს გამართეს ორ დღეში, 20 სექტემბერს კი, მოაწყვეს აქცია სახელწოდებით “ერთად ერთის წინააღმდეგ”. მთავარი მოწოდება იყო: “გამოდი გარეთ”. ამ აქციის მოსამზადებლად სოციალურ ქსელში დაიწყეს კამპანია #აქედანაცსირცხვილია – სხვადასხვა ადგილას მყოფი მოქალაქეები იღებდნენ ფოტოებს, ავრცელებდნენ ამ ჰეშტეგით და ხალხს მოუწოდებდნენ, მისულიყვნენ აქციაზე. მაგალითად, ალპინისტმა ზურა კვესიტაძემ ამ ჰეშტეგით ბანერი მყინვარწვერზე აიტანა.
2019 წლის 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც პარტია „ქართული ოცნება“ იყო, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. ამ ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. ცვლილებების მისაღებად 150 პარლამენტიდან 113 ხმა იყო საჭირო, კანონპროექტს კი მხარი 101-მა დაუჭირა (წინააღმდეგ წავიდა სამი). ამით “ქართულმა ოცნებამ” თვითონვე წაიღო უკან დაპირება, რომელიც “გავრილოვის ღამის” შემდეგ დაწყებული ხალხმრავალი პროტესტის პასუხად დადო.
გატეხილი სიტყვა გახდა მიზეზი, რომლის გამოც პარტია დატოვა რვა პარლამენტარმა (თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; სოფიო ქაცარავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; დიმიტრი ცქიტიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; თამარ ხულორდავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ირინე ფრუიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; გიორგი მოსიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი; მარიამ ჯაში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე; ზაზა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე). ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „იმედგაცრულებულია“ კანონპროექტის ჩავარდნის გამო. წუხილი გამოხატეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერმა გიორგი გახარიამ.
იმ დღეს პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო. ხალხმრავალი აქცია გაიმართა პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ლეობორისტული პარტიის ოფისში შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ითხოვდნენ „გარდამავალი მთავრობის“ პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. მმართველ პარტიაში თქვეს, რომ არ განიხილავდნენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხს.
იმ ღამეს რუსთაველი გადაკეტილი დარჩა, ხალხმა კარვები და გასათბობი საშუალებები მიიტანა. პროფესიით გასტროენტეროლოგმა ჯაბა ზარქუამ, რომელიც ამავე დროს აქცია “სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, გადაწყვიტა, დროებით პაციენტები რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში მიეღო, ამით შეეცადა არც პროტესტს გამოკლებოდა და არც პაციენტები დაეტოვებინა უყურადრებოდ. კონსულტაციის საფასურია სოლიდარობა! – თქვა მან.
17 ნოემბერს აქციაზე „ყველას მინუს ერთი“ დემონსტრანტებმა შეკრება დღის საათებში დაიწყეს. მათმა ნაწილმა პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირება მოახერხა, პროტესტის ნიშნად ჭიშკრებს ბოქლომები დაადეს და კარვები გაშალეს. საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა საპარლამენტო უმრავლესობას დააკისრა. იმ საღამოს რუსთაველზე აქცია გაიმართა სახელწოდებით „ყველა მინუს ერთი“.
18 ნოემბერს პოლიციამ პარლამენტის ტერიტორიასთან მოწყობილი ბარიკადები აიღო, დაშალა აქციის მონაწილეები და პიკეტირების მოხსნა დაიწყო. აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე დასხდომით ცდილობდნენ პოლიციისთვის ხელის შეშლას. მათ დასაშლელად გამოიყენეს ჭყლის ჭავლი. პოლიციამ 37 ადამიანი დააკავა.
პროტესტი არ გაჩერებულა. 22 ნოემბერს, სხვადასხვა რეგიონში, “ბოქლომების აქცია” გამართეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა. მათ იმ მაჟორიტარი დეპუტატების ოფისებს დაუმაგრეს ბოქლომები, რომლებმაც არ მისცეს ხმა საარჩევნო სისტემის ცვლილებას. პარტია “გირჩის” წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მივიდნენ ბანერით: “საქართველო არ გაისუსება”.
პარლამენტთან ხალხმრავალი აქცია გაიმართა 25 ნოემბერსაც. პოლიციამ ქუჩების გათავისუფლება წყლის ჭავლის გამოყენებით 26 ნოემბრის დილის 05:00 საათზე დაიწყო. მანამდე პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, ასევე 9 აპრილის, ჭიჭინაძისა და ზუბალაშვილის ქუჩებზე მყოფ ადამიანებს გზის გასათავისუფლებლად ნახევარსაათიანი დრო მისცა. დააკავეს 28 დემოსტრანტი. ხელისუფლებამ სპეციალური ჯებირებით შემოღობა პარლამენტის მიმდებარე ქუჩები.
აქციები იმართებოდა სხვა დღეებშიც. 12 დეკემბერს პოლიციამ პარლამენტთან 16 ადამიანი დააკავა, მათ შორის იყვნენ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, მოძრაობა „ლელოს“ ორი წევრი – ირაკლი კუპრაძე და გიორგი ბუნტური.20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას შერეულ საარჩევნო სისტემას სთავაზობდა: 100 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი იქნებოდა და 50 მაჟორიტარი (მანამდე 75/75-ზე იყო). საბოლოოდ, ცვლილება შევიდა კანონში და 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდა – სრულად არ გაუქმებულა მაჟორიტარების სისტემა, მაგრამ მათი წარმომადგენლობა პარლამენტში შემცირდა.