2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა. ამ ღონისძიების ფარგლებში რუსეთის დუმის დეპუტატები საქართველოში იმყოფებოდნენ. სხდომას უნდა გასძღოლოდა რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა.
ამან ოპოზიციონერ დეპუტატებში გაბრაზება გამოიწვია, ისინი სხდომათა დარბაზში შევიდნენ და გავრილოვს სხდომის წაყვანის უფლება არ მისცეს – დახიეს მისი ფურცლები და დაიკავეს თავმჯდომარის ადგილი. ამ მიზეზით, რუსმა დეპუტატებმა სასტუმრო „რედისონში“ გადაინაცვლეს, სადაც მოქალაქეებმა აქცია გამართეს. „რუსეთი ოკუპანტია“, „არა ოკუპაციას“, „ძირს პუტინი“, „ძირს გავრილოვი“ — სკანდირებდნენ სასტუმროსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები. მოგვიანებით რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს.
გავრილოვის ჩასვლა ზუგდიდშიც გააპროტესტეს. აქცია, სახელწოდებით „სირცხვილია“ სამოქალაქო აქტივისტებმა დაგეგმეს. „რუსეთი ოკუპანტია,“ “არა მცოცავ ოკუპაციას,“ „საქართველოს არ სჭირდება ოკუპანტი ღორები“ – ეჭირათ ტრანსპარანტები.
მოგვიანებით, იმავე დღეს, რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვეს, თუმცა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი აქცია გაიმართა.
19:00 საათზე დაანონსებულ აქციაზე, მოულოდნელად, ათასობით ადამიანი მივიდა, ოპოზიციამ კი პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაყენება მოითხოვა. მოგვიანებით საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ, მოქალაქეები კი სპეცრაზმელებს აღჭურვილობას ართმევდნენ, მათ პარლამენტში შესვლა სურდათ. დაახლოებით 00:00 საათისთვის პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო. ცრემლმდენი აირისა და რეზინის ტყვიების გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები ისევ ბრუნდებოდნენ პარლამენტის შენობასთან.
240 ადამიანი დაშავდა იმ ღამეს, რომელიც მედიას შემორჩა როგორც გავრილოვის ღამე. სპეცრაზმელის ნასროლი ტყვიით ორმა დემონსტრანტმა თვალი დაკარგა. ამის გამო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შემდეგ მოიხსენიებდნენ როგორც “თვალთხარიას”. სპეცრაზმელების ტყვიები მოხვდათ პარლამენტთან მომუშავე ჟურნალისტებსაც. პოლიციამ ამ ღამით 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
21 ივნისს თანამდებობა დატოვა პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ასამბლეის ჩატარების ინიციატორმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი საპარლამენტო მანდატზე თქვა უარი.
პროტესტი ამით არ დასრულდა. საპროტესტო აქციები მომდევნო დღეები განახლდა და პერმანენტული ხასიათი მიიღო. ამ აქციებს სათავეში მოძრაობა “სირცხვილია” ჩაუდგა, რომელიც “გავრილოვის ღამის” შემდეგ ჩამოყალიბდა.
ვინ გასცა დემონსტრანტებისადმი რეზინის ტყვიების სროლის ბრძანება? – ამ კითხვაზე პასუხი ღიად დარჩა მას შემდეგაც, რაც გიორგი გახარია ხელისუფლებიდან წავიდა და ოპოზიციური პარტია შექმნა. ის ირწმუნებოდა, რომ ამ ღამეზე პასუხისმგებელი თავად იყო, რისიც ხალხს არ სჯეროდა.