2018 წლის 16 იანვარს სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვართან, ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც სამუშაოს გამო ხშირად კვეთდნენ საზღვარს. ისინი აპროტესტებდნენ თურქეთის მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ წესს, რომლის მიხედვითაც, 90-დღიანი ვადის გამოყენების შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში თურქეთში სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვეღარ შევიდოდნენ ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე. ერთი საათით ყოფნაც კი ერთ დღედ აღირიცხებოდა.
აჭარისა და გურიის რეგიონების ადგილობრივი მცხოვრებნი დასაქმების მიზნით ყველაზე ხშირად სწორედ თურქეთის რესპუბლიკაში გადადიოდნენ. მათი ნაწილი თურქეთის საზღვრისპირა რეგიონში, ართვინში, მაღაზიებსა და სასტუმროებში მუშაობდა. ისინი დილით თურქეთში მიდიოდნენ და საღამოს სახლში ბრუნდებოდნენ. საქართველოს მოქალაქეები, ხშირად, სეზონურად პოულობდნენ სამუშაოს გაზაფხულის და ზაფხულის თვეებში. როგორც წესი, ისინი ჩაისა და თხილის საკრეფად გადადიოდნენ თურქეთში. ახალი რეგულაციები კი ამ შემოსავალს საფრთხეს უქმნიდა.
აქციის შემდეგ, 16 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ართვინის გუბერნატორს შეხვდა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პატარიძემ განაცხადა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ შეზღუდვა საზღვრის გადაკვეთისას და ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მიმოსვლას.