2018 წლის 14 თებერვალს თბილისში პარლამენტის შენობასთან შრომის ინსპექციის შექმნისა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნით სტუდენტურმა მოძრაობა აუდიტორია 115-მა აქცია გაიმართა.
პროტესტი მოჰყვა მორიგ ტრაგიკულ ფაქტს. 9 თებერვალს, თბილისში 26 წლის ჯარჯი ჯანჯალაშვილი მშენებარე შენობის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ის 1209-ე მუშაა, რომელიც 2011 წლიდან 2017 წლამდე სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა.
“გვამებით სავსე ქალაქი”; “აჯანყდი 1209”; “ჩვენი სიჩუმე მუშას კლავს” – ამ ტრანსპარანტებით სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ გაემართნენ, სადაც სამუშაო ადგილებზე დაღუპული მუშების მუყაოს ფიგურები დააწყვეს. პარლამენტის კიბეებზე გაშალეს ნაჭერიც, რომელზეც გარდაცვლილი მუშების სახელები ეწერა და დახატეს სტენსილიც. „ნუ ამახინჯებთ ქალაქს”, – პოლიციამ აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
“სახელმწიფო თავისი უმოქმედობით გვაიძულებს, ვაშენოთ ისეთი მკვლელი სახლები, რომელიც მსხვერპლად მშენებლების სიცოცხლეს ითხოვს!“ – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
აუდიტორია 115-მა პარალელურად აქცია გამართა ბათუმშიც, აჭარის მთავრობის სახლის წინ.