EN

აქცია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო

left arrow

2018

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2018 წლის 25 თებერვალი – 7 მარტი

გავრცელების არეალი

რეგიონი, თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია, პიკეტი

პროტესტის მიზეზი

ცხინვალში დაკავების შემდეგ გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოსური მხარე გადმოსვენებაზე უარს აცხადებდა.

ორგანიზატორი

სადამკვირვებლო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“,  დავით ქაცარავა. არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები

მთავარი მოთხოვნა

არჩილ ტატუნაშვილის საქართველოში გადმოსვენება.

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ტრანსპარანტები

მშვიდობა ომზე მეტია / War is not over

პროტესტის შედეგი

არჩილ ტატუნაშვილი გადმოასვენეს საქართველოში

2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი არის გულის შეტევა (ე.წ. ინფარქტი). საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ნაცემი იყო და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ქართულ მხარეს უარი უთხრა ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემაზე და ეს ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობით ახსნა. უარს მოჰყვა საპროტესტო აქცია – 25 თებერვალს, ერგნეთში სამოქალაქო სადამკვირვებლო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას” წევრები შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებენ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილს და საოკუპაციო ძალებს საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. ერგნეთში ჩავიდნენ დაღუპულის ოჯახის წევრები და ისინიც შეუერთდნენ აქციას.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა  სოფელ მისაქციელთან, საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე გადაინაცვლეს და იქ ითხოვდნენ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების დაჩქარებას. ასევე, ითხოვდნენ ადგილზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას და ოსურ მხარესთან გამართული მოლაპარაკების შედეგების გაცნობას. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ უფლება არ მისცა. საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი მეორე დღეს მაინც გადაიკეტა – წილკნის მოსახლეობამ გზა ნატახტართან დაბლოკა, რის გამოც რამდენიმე კილომეტრიანი სატრანსპორტო ხერგილი წარმოიქმნა. მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი. არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და თანასოფლელები ისევ ითხოვდნენ ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩასვლას. აქციის მონაწილეებთან ჯერ მცხეთის მუნიციპალიტეტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ჩავიდნენ.

ოჯახის და აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა ჰქონდათ: სამედიცინო ექსპერტიზის სპეციალისტთა დაშვება ცხინვალში, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ცხინვალიდან; ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული ლევან ქუტიშვილისა და იოსებ პავლიაშვილისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების მიცემა.

აქცია ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იმ პირობით დაიშალა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოსურ მხარესთან მოლაპარაკების გზით ორ დღეში ოჯახს გადასცემდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კახაბერ ქემოკლიძე ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს შეძლებისდაგვარად სწრაფად გადასცენ და ოკუპირებული ახალგორიდან ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობა კვლავ დაუბრუნონ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს, რომლებიც, ჩამორთმეული საბუთების გამო, ახალგორს ვერ ტოვებდნენ.

თუმცა ორდღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ამ საკითხზე ქართულ მხარეს 1 მარტსაც არ ჰქონდა კონკრეტული პასუხი. 

6 მარტს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილს 12 მარტამდე გადმოასვენებდნენ. პარალელურად, იმავე დღეს,  ცხინვალში აქცია გაიმართა. შეკრებილები გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისთვის შეიკრიბნენ, მაგრამ თან ისმოდა მოწოდებები, არ გადაეცათ  არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარისთვის. ეს სურვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოს ჯარისკაცთა ოჯახის წევრებისა და ახლობლებისგან ისმოდა. მათ თან ჰქონდათ 90-იანი 2008 წლების საომარი მოქმედებების შემდეგ გაუჩინარებული ახლობლების ფოტოები. 

7 მარტს მოქალაქეები შეიკრიბნენ თბილისშიც. სოციალური ქსელით ორგანიზებული აქციის ლოზუნგს  “მშვიდობა ომზე მეტია”  ასე ხსნიდნენ: “რუსეთის ფედერაციის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო მდგომარეობა რეალურად არის ომის მდგომარეობა და ის რბილ ძალასა და პროპაგანდისტულ მანქანას იყენებს საქართველოს წინააღმდეგ, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, გაცილებით უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე – ღია ომი”. “War is not over” – “ომი არ დასრულებულა” – ეწერათ ტრანსპარანტებზე. 

აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. 

11 მარტს ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი  მკვლელობიდან 26 დღის შემდეგ დაუბრუნეს ოჯახს. ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ერგნეთის საგუშაგოდან, წითელი ჯვრის დახმარებით გადმოასვენეს.

Media

აქცია ერგნეთში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო

აქცია ერგნეთში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო

25.02.2018 ფოტო: ძალა ერთობაშია