2018 წლის 27 მაისი – 2019 წლის 27 მაისი
თბილისი, რეგიონი
სამართალი
აქცია, შიმშილობა
სასამართლოში მოწმის ჩვენების შეცვლა – ზაზა სარალიძე ამტკიცებდა, რომ მისი შვილის მკვლელი დაუსჯელი იყო
ზაზა სარალიძე
დათუნა სარალიძის მკვლელების დასჯა,
მთავარი პროკურორის გადადგომა, მთავრობის გადადგომა
საგამოძიებო უწყებები, მთავარი პროკურორი
„#ნუ მოკლავ“, „მომავალი საფრთხეშია“, „აღსრულდეს სამართალი“, „მკვლელი ქუჩაშია“, „მოკლულია 2 მოსწავლე“
გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს დათუნა სარალიძის მკვლელს
“ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე – რადიო თავისუფლება
https://shorturl.at/ptcBd
საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოძიება
https://1tv.ge/video/gamomdziebeli-reportiori-siskhlshi-mosvrili-bichebi-khoravas-quchidan/
ზაზა სარალიძის მიმართვა
https://www.youtube.com/watch?v=Dev-QuUiah8”
2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისის ცენტრში, 51-ე სკოლიდან გამოსული ორი მოსწავლე, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, თანატოლებმა სასიკვდილოდ დაჭრეს. კონფლიქტი სკოლის საპირფარეშოში დაიწყო, შემდეგ კი ხორავას ქუჩაზე გაგრძელდა. დანაშაულის სიმძიმის გამო მკვლელობა ხორავას ქუჩაზე მაშინვე გახდა მედიისა და საზოგადოების ინტერესის საგანი
ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე კი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი არასრულწლოვანი გუგა ბარბაქაძე რამდენიმე საათში დააკავა, მეორეზე, გიორგი ჯანაშიაზე კი ძებნა გამოაცხადა. ის 4 დეკემბერს პოლიციას ჩაბარდა. გამოძიება რამდენიმე დღის დაწყებული იყო, როცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დადგენილი და დაკავებულია“. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კი საგამოძიებო უწყებების მუშაობა მოიწონა და თქვა, რომ ყველას გაუქრა ეჭვი ვინმეს დაუსჯელობაზე. სასამართლო განაჩენის გამოცხადებამდე პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გარდა ამ ორი დაკავებულისა, მკვლელობის ნაწილში სხვა არავის დანაშაული იკვეთებოდა.
დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ საქმე არ იყო სათანადოდ გამოძიებული. დაუდგენელი იყო ბევრი დეტალი, რომელიც კითხვებს აჩენდა. ამასვე ამბობდა დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.
მისი განსაკუთრებული პროტესტი მოჰყვა ბრალდების მხარის, ე.წ. „ოქროს მოწმის“, მიხეილ კალანდიას ჩვენებებს, უფრო ზუსტად კი შეცვლილ ჩვენებებს. მთელი პროცესის განმავლობაში, მიხეილ კალანდიამ საკუთარი ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. თავდაპირველად ის ამბობდა, რომ ბრალდებულ არასრულწლოვანებს ჩხუბისას დანა არ ჰქონდათ. მოგვიანებით კი დეტალურად აღწერა ჩხუბის პროცესი და ისიც, თუ ვინ გამოიყენა დანა ხორავას ქუჩის ეზოში.
ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას, როგორც შვილის მკვლელს, ისე მოიხსენიებდა და მის დასჯას ითხოვდა,. ის ამბობდა, რომ თუ ყველა დამნაშავე არ დაისჯებოდა, პროტესტს დაიწყებდა. პირველი აქცია პარლამენტის შენობასთან 27 მაისს, განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა.
31 მაისს დილით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკა არეშიძემ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი ჯანაშიას კი დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობისთვის 9 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. ამ განაჩენით, უცნობი დარჩა ვინ მოკლა დავით სარალიძე.
სასამართლოდან გამოსული ზაზა სარალიძე ტირილითა და ყვირილით მთავარი პროკურატურის შენობისკენ წავიდა. პროკურატურასთან მას პოლიციის კორდონი დაახვედრეს. სწორედ იქ გაჟღერდა მთავარი პროკურორის გადაყენების საკითხი. აქციაზე მყოფ ათასობით ადამიანს შორის იყო საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუაც.
რამდენიმე საათში საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა, თუმცა ხალხი მაინც არ დაიშალა და ისინი პარლამენტის შენობისკენ წავიდნენ – ზაზა სარალიძე ითხოვდა, გადამდგარიყო ყველა თანამდებობის პირი, რომელიც მისი შვილის მკვლელს ხელს აფარებდა.
იმ დღეს პარლამენტთან ხალხმრავალ აქციაზე სალაპარაკოდ მივიდა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. მას ხალხმა ლაპარაკის უფლება არ მისცა – ისმოდა შეძახილები „წადი“. უარყოფითი შეძახილების მიუხედავად, პრემიერი ამტკიცებდა, რომ მისი მისვლა ხალხმა პოზიტიურად აღიქვა. აქცია იმ ღამეს დასრულდა, სარალიძე კი პარლამენტთან გაშლილ კარავში დარჩა.
იმავე ღამეს გამოკითხვაზე დაიბარეს პროკურატურის ის მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომლის მიმართაც არსებობდა ეჭვი, რომ საქმის მოწმეებზე ახორციელებდა ზეწოლას. ის მიხეილ კალანდიას ბიძა იყო.
მეორე დილით, 1 ივნისს, ზაზა სარალიძესთან მივიდა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც და აღნიშნა, რომ „ეკლესია გამაერთიანებელია და, ბუნებრივია, ყველას მშვიდობისაკენ მოვუწოდებთ. ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ უმართავი პროცესების განვითარებას, მით უმეტეს, რომ შემხვედრი ნაბიჯები იდგმება“.
იმავე დღეს ხორავას ქუჩის საქმე პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა ხელახალი გამოძიებისთვის.
პარლამენტთან კი აქციები გრძელდებოდა. მთავარ მოთხოვნებად მთავრობის გადადგომა, სამართლიანობის აღდგენა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში დამნაშავე ყველა ადამიანის დასჯა იყო. შეიქმნა მოძრაობა #ნუმომკლავ.
აქციები რეგიონებშიც იმართებოდა. გორში გაჩნდა წარწერები: #ნუმომკლავ “სამართალი სადაა”, „მკვლელი ქუჩაშია“, „მოკლულია 2 მოსწავლე“. დასუფთავების სამსახურმა წარწერები მალევე წაშალა. ამ წარწერების გამო შსს ითხოვდა რადიო მოზაიკის “დირექტორის” გვანცა დოლუაშვილის დაჯარიმებას ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო. მისი სასამართლო პროცესის დროს მხარდამჭერებმა აქცია გამართეს “შსს დაიწყე ბოდიშით”. მოსამართლემ მტკიცებულებების არარსებობის გამო, ადმინისტრაციული საქმე შეწყვიტა.
საპროტესტო სტენსილები თბილისშიც არაერთ ადგილას განთავსდა. გიორგი გაგოშიძის სტენსილი „2 მოკლული მოსწავლე + 1 დაუსჯელი მკვლელი = 3 უსამართლობა“, ლესელიძის ქუჩაზე 3 ივნისს გამოჩნდა. მომდევნო დღეს, ბარათაშვილის ხიდის გადასასვლელში, კიდევ ერთი საპროტესტო გრაფიტი დატოვა ავტორმა, სანდრო ფაჩუაშვილმა: „14 წლის. 13 ჭრილობა. 0 მკვლელი“.
ზაზა სარალიძის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო ზვიად კუპრავა, რომელიც ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ „თავისუფლების გამოხატვისა და აზრის გამოხატვის უფლება ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ იმ პირებს, ვისაც სურთ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ, ამის უფლებას არ მივცემთ“.
რამდენიმე პარტია გაემიჯნა აქციებს, რადგან მიიჩნიეს, რომ ხალხის პროტესტს „ნაციონალურმა მოძრაობა“ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებდა.
აქციები მომდევნო დღეებშიც იმართებოდა. 6 ივნისს კი პარლამენტში ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია. აქციები შეწყვიტა ზაზა სარალიძემაც, თუმცა მალევე რამდენიმე დღეში აქციები განახლდა, 40-ზე მეტი დღის განმავლობაში სარალიძე და მისი მხარდამჭერები ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებდნენ. პოლიცია მათ კარვების გაშლის უფლებას არ აძლევდა. 46-ე დღეს, როცა სარალიძემ კიდევ ერთხელ სცადა კარვების გაშლა, პოლიციამ კვლავ ხელი შეუშალა და ამ დროს ის პოლიციას თავს დაესხა. სარალიძე თბილისში დააკავეს, თუმცა საქმე რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა. სარალიძე პასუხისგების დაკისრების გარეშე გაათავისუფლეს – მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მის გვერდით იყო სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა.
10 სექტემბერს ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ შიმშილობა დაიწყო. მან მთავრობის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. ის ღამე სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა ერთად გაათენეს პარლამენტის შენობის წინ. სარალიძეს დიაბეტი ჰქონდა, ამიტომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მალევე გაუარესდა და 12 სექტემბერს კლინიკაში გადაიყვანეს.
ნოემბერში შვილმოკლულმა მამებმა მერიიდან წერილი მიიღეს, რომ მუნიციპალიტეტი ითხოვდა, მათ მიმდებარე ტერიტორია დაეტოვებინათ, რადგან საახალწლოდ ნაძვის ხის აწყობა იგეგმებოდა. სახალხო დამცველი აცხადებდა, რომ ხელოვნური მიზეზით გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეზღუდულიყო. მოგვიანებით მერიამ გადაწყვეტილება შეცვალა და ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე ააწყო.
ზაზა სარალიძისთვის კარვის დადგმის აკრძალვას კონსტიტუციური უფლების შეზღუდვად მიიჩნევდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ამიტომაც ისინი 10 ნოემბერს კარვებით მივიდნენ და პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად პარლამენტის წინ მაინც გაშალეს. შეიქმნა პეტიცია “უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!”
აქციები შეჩერდა. საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა ზაზა სარალიძე, როგორც შემდეგ ახსნა, “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე”. 2019 წლის 4 მარტს მიხეილ კალანდიას ბიძა მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. თავად კალანდია კი 2019 წლის 4 ივნისს ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ზაზა სარალიძემ „TV პირველის“ ეთერში თქვა, რომ „ფაქტობრივად, სამართალი აღდგენილია“
კალანდიას დაკავებას წინ უსწრებდა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება, რომელმაც ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს განაჩენი – მოსამართლემ არასრულწლოვანი გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნო დაუდგენელ პირებთან ერთად ჯგუფურად დავით სარალიძის მკვლელობაში. მას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ასევე 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა მიხეილ კალანდიასაც 2020 წლის 25 თებერვალს. თავდაპირველად სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა, მაგრამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გამოყენებით, სასჯელი შეუმცირდა.
დათუნა სარალიძის მკვლელობიდან სამი წლის შემდეგ საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტი გამოჩნდა – 2021 წლის 14 აპრილს პოლიციამ 20 წლის გიორგი მენაბდე დააკავა. გამოძიების მტკიცებით, გიორგი მენაბდე მიხეილ კალანდიასთან და გიორგი ჯანაშიასთან ერთად ბასრი საგნით დაჭრა დავით სარალიძე. მიყენებული ჭრილობებისგან კი სარალიძე გარდაიცვალა. 2022 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მენაბდე დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ საფუძველზე სასჯელი შეუმცირა და10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება
ფოტო: ნეტგაზეთი
2018 წლის 1 ივნისი. ფოტო: ტაბულა
ფოტო: ლიბერალი