2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2024 წლის 25 მარტამდე
საქართველო
პოლიტიკა
აქცია, შიმშილობა
მიხეილ სააკაშვილის დაკავება
ნიკა მელია, ნანუკა ჟორჟოლიანი
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება / სამკურნალოდ გადაყვანა
საქართცელოს ხელისუფლება
#FREEMISHA,
თავისუფლება მიშას
„დარია თუ ავდარია, მიშა მაგარია“.
მართალია, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანეს ჯერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში და შემდეგ პენიტენციური სამსახურის კონრაქტორ „ვივამედში“, თუმცა არ გადაუყვანიათ საზღვარგარეთ და არც გაუთავისუფლებიათ.
“აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით
https://www.facebook.com/watch/?v=238794264935668”
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ქვეყნის სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე, ქვეყნის საზღვარი მალულად გადმოკვეთა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ის ვიდეოჩანაწერებს ავრცელებდა, მმართველი პარტიის ლიდერები კი საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ის საქართველოში არ იყო.
სააკაშვილი 1 ოქტომბერს, არჩევნების წინა დღეს, საღამოს დააკავეს თბილისში (სანზონაში) და რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც ადვოკატები ამბობდნენ, მან გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა იმავე დღეს დაიწყო, მის მხარდასაჭერად კი პირველი აქცია 4 ოქტომბერს „რუსთავის ციხესთან“ გაიმართა.
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით კოლონა თბილისიდან რუსთავის მიმართულებით 8 ოქტომბერსაც დაიძრა. პოლიციამ ციხესთან სულ მცირე სამი ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით, მომდევნო დღეს კი 30-მდე ექიმმა გამართა იმავე მოთხოვნით აქცია.
პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გასათავისუფლებლად აქცია დაიგეგმა თბილისში, 14 ოქტომბერს. აქციაზე დასასწრებად ხალხი ჩავიდა სხვადასხვა რეგიონიდან. კახეთიდან თბილისში მიმავალ აქციის მონაწილეებს თელავი-ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე მოქალაქეებმა საპროტესტო კორიდორი მოუწყვეს, ცოცხებით ხელში მდგომნი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ავტოკოლონაში მყოფებს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობდნენ, რომ მაქსიმუმ 15 ათასამდე ადამიანი გამოვიდა, ენმ კი აცხადებდა, რომ აქციაზე 50-60 ათასი იყო.
აქციები იმართებოდა სხვადასხვა ქალაქში (ზუგდიდსა თუ ქუთაისში) და დედაქალაქის სხვადასხვა მისამართზეც, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ყველგან ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად სააკაშვილის შეწყალება იდგა.
3 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ოპოზიციონერმა ლიდერმა („დროა“) ელენე ხოშტარიამ.
6 ნოემბერს, შიმშილობის დაწყების 37-ე დღეს კი, აქტივისტებმა რუსთავის ციხესთან კარვები გაშალეს. ამ დღეს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომასალა, რომლითაც ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი საკვებს იღებდა („აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში“).
8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი რუსთავიდან გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც სპეციალურად აღჭურვეს პაციენტის მისაღებად. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანდა, რომ მისი გადაყვანის დროს გამოიყენეს ძალა. სააკაშვილი ამბობდა, რომ ის იქ მოტყუებით გადაიყვანეს. ხალხის და თანაპარტიელების პროტესტი გრძელდებოდა.
მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას მულტიფუნქციურ კლინიკაში მოითხოვდნენ ექიმები ქუთაისსა და ზუგდიდში.
შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს იმ პირობით, რომ უარს იტყოდა შიმშილობაზე. ამ დღეს შიმშილობა შეწყვიტა ელენე ხოშტარიამაც.
გორში სააკაშვილის მკურნალობაში ჩაერთო კონსილიუმი. კიდევ ერთი აქცია გაიამრთა თბილისში 21 დეკემბერს – მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს. მაშინ პარტიის იმდროინდელმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ იწყებოდა მასრობრივი შიმშილობა. მეორე დღეს დილიდან პარტიის ცენტრალური ოფისის ეზოში გაიშალა კარვები. 2022 წლის 1 იანვარს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა შიმშლობა შეწყვიტეს.
30 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2022 წლის 12 მაისიდან კი ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. პარტიის მხარდამჭერთა ნაწილი თავმჯდომარე ნიკა მელიასგან სააკაშვილის გასათავისუფლებლად მეტ აქტიურობას მოითხოვდა.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პარტიაში თავმჯდომარის ახალი არჩევნები მოითხოვეს სწორედ ეს იყო. 2023 წლის 30 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან 3 თებერვალს თქვა, რომ შეიქმნებოდა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების შტაბი. ხაბეიშვილმა თანამდებობა 2024 წლის 8 ივლისს დატოვა, ისე, რომ სააკაშვილის გათავისუფლების კუთხით საქმე წინ არ წაწეულა.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიას“ მიერ შექმნილი კონსილიუმი და პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ მისი სრული რეაბილიტაციისთვის აუცილებელი იყო სამკურნალოდ სხვაგან გადაყვანა. 29 ივლისს მიხეილ სააკაშვილს ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების შანსები გაზრდილი იყო. იმავე ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკით აღარ ინტერესდებოდა.
2023 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების მოთხოვნა. რამაც პროტესტის ხელახალი ტალღა წარმოშვა. “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით არაერთი აქცია გაიმართა რეგიონებში. ერთ-ერთი ბოლო აქცია 2024 წლის 25 მარტს გაიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. სალომე ზურაბიშვილმა მის შეწყალებაზე დასმულ კითხვას არაერთხელ უპასუხა – არა და არასდროს.