EN

სანდრო გირგვლიანის საქმე

left arrow

2006

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2006-2007

გავრცელების არეალი

თბილისი, რეგიონი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია, შიმშილობა

პროტესტის მიზეზი

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის არასათანადო გამოძიება

ლიდერები, ორგანიზატორი

ირინა ენუქიძე (სანდრო გირგვლიანის დედა), უფლებადამცველები

მთავარი მოთხოვნა

დაისაჯონ სანდრო გირგვლიანის მკვლელები! გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი!

პროტესტის ადრესატი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი

ლოზუნგები, ტრანსპარანტები

“შსს – შენი სიცოცხლე საფრთხეშია“

დაისაჯონ სანდრო გირგვლიანის მკვლელები!

დაისაჯონ სიკვდილის ბრიგადები, დაისაჯონ შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები მიეცით სიცოცხლის სიგნალი, შენი სიცოცხლე საფრთხეშია, დაიცავი სიცოცხლის უფლება, მკვლელები ციხეში, ქალაქში ვანოა

პროტესტის შედეგი

პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია

სანდრო გირგვლიანის საქმე “ვარდების რევოლუციის ” შემდეგ მოსული ახალი ხელისუფლების “შავ ლაქად” იქცა. ყველაფერი 2006 წლის 28 იანვარს დაიწყო, როცა ოქროყანის სასაფლაოსთან იპოვეს 28 წლის სანდრო გირგვლიანის ცხედარი. მას მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. 2006 წლის 12 თებერვალს ტელეკომპანია “იმედის” ეთერით გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, გირგვლიანის მკვლელობას წინ უძღოდა შარდენის ქუჩაზე ბარში მაღალი თანამდებობის პირებთან შეკამათება.

სასამართლო გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ 27 იანვარს, ღამით, შარდენის ქუჩაზე მდებარე ბარში სანდრო გირგვლიანმა ლევან ბუხაიძესთან ერთად მიაკითხა თამარ (თათია) მაისურაძეს, რომელიც იქ იმყოფებოდა სხვა მეგობრებთან ერთად. მაგიდასთან ისხდნენ: მაისურაძის მეგობარი ანა კალანდაძე,  შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე დათა ახალაია, მისი მოადგილე ოლეგ მელნიკოვი, შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გურამ დონაძე. ჯგუფი ვასილ სანოძის დაბადების დღეს აღნიშნავდა. ბარში შესული სანდრო გირგვლიანი სხვა მაგიდასთან დაჯდა. ცოტა ხანში თათია მაისურაძე მათ მაგიდასთან გადაჯდა, სანდრო გირგვლიანმა გააპროტესტა შსს–ს წარმომადგენლებთან ერთად ყოფნა. მასა და თათია მაისურაძეს შორის დაძაბული საუბარი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ბარიდან გამოსვლის შემდეგ გირგვლიანი და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე უცნობმა პირებმა გაიტაცეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც გირგვლიანი გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეგობარმა გაქცევა მოახერხა. მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ეს უცნობი პირები შსს-ს თანამშრომლები იყვნენ: გერონტი (გია) ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილურიძე.

მკვლელობის გამოძიება

სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. ამბავი ტელეკომპანია იმედით გასული რეპორტაჟის შემდეგ გასაჯაროვდა. შსს-ს მიერ საქმის გამოძიება გააპროტესტეს როგორც გირგვლიანის ოჯახის წევრებმა, ისე – ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა და შსს–ს უნდობლობა გამოუცხადეს, რადგან საქმეში თავად ამ უწყების თანამშრომლები ფიგურირებდნენ. პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების “დემოკრატიული ფრონტისა“ და “ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლებმა მოუწოდეს საქმესთან კავშირში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, დაეტოვებინათ თანამდებობები და მოითხოვეს მათი მტკიცებით, “მკვლელობის უშუალო შემსრულებლის”, ოლეგ მელნიკოვის,  უმოკლეს ვადაში დაპატიმრება. მოგვიანებით მართლაც გაირკვა, რომ  მელნიკოვმა გირგვლიანისა და ბუხაიძის გასვლის შემდეგ ბარი მალევე დატოვა, როგორც თავად ამბობდა სიგარეტის ყიდვის მიზნით. თუმცა დასახელებული მაღაზიაში ყოფნა სათვალთვალო კამერების ნახვის შემდეგ ვერ დადასტურდა. ის ბარში 40 წუთის შემდეგ დაბრუნდა. სასამართლო სხდომაზე ბუხაიძემ დაადასტურა, რომ მელნიკოვი ერთ-ერთი იყო მათ შორის ვინც ოქროყანაში გირგვლიანი სასიკვდილოდ სცემა. 

2006 წლის 28 თებერვალს, როდესაც ვანო მერაბიშვილი პარლამენტში მივიდა, მათ შორის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე კითხვების საპასუხოდ, ოპოზიციამ (რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები და სხვები) პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა და 1 მარტიდან უკვე საპროტესტო აქციები დააანონსეს, ვინაიდან პარლამენტის ზეწოლის გზით ვანო მერაბიშვილის გადაყენების იმედი არ ჰქონდათ.

7 მარტს გურამ დონაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მიზეზად დაასახელეს “კონფლიქტური ურთიერთობები“ რამდენიმე ჟურნალისტთან.  

მეორე დღეს ვანო მერაბიშვილმა გახმაურებული მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი  გია ალანია და იმავე დეპარტამენტის კიდევ სამი თანამშრომელი, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ყაჭავა და მიხეილ ბიბილურიძე დანაშაულში ბრალდებულებად ცნეს და სასამართლომ მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ისინი ერთ საკანში მოათავსეს, რაც “პატიმრობის შესახებ” კანონის დარღვევა იყო. თუმცა ოჯახის ამ საჩივარს რეაგირება არ მოჰყოლია.

უნდობლობა გამოძიებისადმი

თუმცა, როგორც გირგვლიანის ოჯახი, ასევე – ოპოზიცია და ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქმის ობიექტურ გამოძიებას, მკვლელობის ყველა მონაწილის, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების დასჯას და ვანო მერაბიშვილის გადადგომას ითხოვდნენ.

“მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან“, – 10 მარტს განაცხადა სანდრო გირგვლიანის დედამ ირინა ენუქიძემ, რომელიც მოგვიანებით ფართომასშტაბიანი აქციების მთავარი სახე გახდა. 

13 მარტს დათა ახალაიამ და ვასილ სანოძემ თანამდებობები დატოვეს მიუხედავად იმისა, რომ უარყოფდნენ მკვლელობასთან რაიმე კავშირს. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გირგვლიანის ოჯახისა და უფლებადამცველებისთვის. ამიტომ საპროტესტო აქციების ორგანიზება დაიწყეს.

16 მარტს თბილისსა და სხვა ქალაქებში მძღოლებმა ერთდროულად ჩართეს მანქანის სიგნალი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ.  მეორე დღეს კი ასეულობით მოქალაქე შეიკრიბა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. “შსს – შენი სიცოცხლე საფრთხეშია“ – ამ შინაარსის პლაკატები აქციის მონაწილეებმა სამინისტროს წინ გამოფინეს. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებდა და მისი გადაყენების შესახებ ხალხის მოწოდებას “ძალიან სასაცილო” უწოდა.

პრივილეგიები ბრალდებულებისთვის

პარალელურად გირგვლიანის ოჯახი ჩიოდა, რომ დათა ახალაიას ძმა ბაჩო ახალაია, რომელიც იმ დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, “ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ოთხ ბრალდებულს რაც შეიძლება კომფორტულად ეგრძნო თავი ციხეში მათ შორის, მათთვის ალკოჰოლის, მედიკამენტებისა და ნარკოტიკების მიწოდების გზითაც. მეზობელ საკნებში მყოფ პატიმრებს ხშირად ესმოდათ მათი სიცილისა და დროსტარების ხმა”. ოჯახი ფიქრობდა, რომ მსჯავრდადებულებს ასე კარგად იმიტომ ეპყრობოდა, რომ ამ უკანასკნელებს ხელი არ დაედოთ მისი ძმისთვის, დათა ახალაიასთვის. ეს საჩივარიც რეაგირების გარეშე დარჩა.

მედიაში ასევე გავრცელდა კადრები, რომ მსჯავრდადებულები საპატიმროსაც ტოვებდნენ გარკვეული პერიოდი, ცხოვრობდნენ კონკრეტულ კორპუსში,  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კი იღებდნენ სტუმრებს, სარგებლობდნენ მობილურით და სხვა პრივილეგიებით.  რამდენიმე წლის შემდეგ, 2014 წელს მიცემულ ინტერვიუში ბიბილურიძე ამბობს: “ბევრს გარეთ არ ჰქონდა ის, რაც ჩვენ ციხეში გვქონდა – ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილურები, კონდიციონერი… არ გვაკლდა გართობა, ქალები, საჭმელ-სასმელი”. 

სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით აქციები პერმანენტულად იმართებოდა. 23 მაისს “თანასწორობის ინსტიტუტის” აქტივისტებმა შიმშილობა დაიწყეს.  იმავე ღამეს პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტები პოლიციამ დაშალა. 8 ივნისს კი რამდენიმე აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააპატიმრეს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მცდელობისთვის. იგივე მოხდა 29 ივნისსაც

6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ჩემიამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და მთავარ ბრალდებულს, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი განყოფილების ყოფილ უფროსს, გია ალანიას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანარჩენ სამ ბრალდებულს  – ავთანდილ აფციაურს, ალექსანდრე ღაჭავას და მიხეილ ბიბილურიძეს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლო სხდომა გირგვლიანის ახლობლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. “გამოძიებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ საქმეზე ნახევარსიმართლე თქმულიყო და არ დამდგარიყო [შს მინისტრის მეუღლის] თაკო სალაყაიას, [შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნების] ოლეგ მელნიკოვის, დათა ახალაიას, ვასილ სანოძის, გურამ დონაძის პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ. ოჯახს სჯეროდა, რომ გირგვლიანზე ძალადობა თაკო სალაყაიას მითითებით განხორციელდა.

პროტესტი განაჩენის შემდეგ

იმავე დღეს ხელისუფლებისადმი ლოიალური სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანმა ეკა ხოფერიამ  გადაცემა პირდაპირ ეთერში დატოვა და თქვა, რომ როდესაც ასეთი მკვლელობა ხდება “როგორც მინიმუმ, შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს”. ეკა ხოფერია იმ დროს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსიც იყო.

საქმის ობიექტურად გამოძიებას საზოგადოების ცნობილი სახეებიც მოითხოვდნენ და საპროტესტო აქციებს უერთდებოდნენ, წერდნენ ვიდეორგოლებს. თუმცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები სასამართლოს განაჩენის შემდეგ აღარ გაგრძელებულა. 

სანდრო გირგვლიანის საქმე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულის მაგალითად იქცა.

“დაისაჯონ სიკვდილის ბრიგადები”, “დაისაჯონ შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები”, “მიეცით სიცოცხლის სიგნალი”, “შენი სიცოცხლე საფრთხეშია”, “დაიცავი სიცოცხლის უფლება”, “მკვლელები ციხეში”, “ქალაქში ვანოა”, – ამ შინაარსის პლაკატების გაკვრას თბილისის ქუჩებში, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, პოლიციელების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ახერხებდნენ.

2007 წლის 31 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამ საქმეზე მსჯავრდადებულებს  უზენაესმა სასამართლომ (ერთ-ერთი მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო) სასჯელი 6 თვით შეუმცირა.  იმავე წლის 24 აგვისტოს სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე გარდაიცვალა. 2008 წლის 24 ნოემბერს კი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მსჯავრდადებულები შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა. 2009 წლის 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი პირობით ვადამდე გაათავისუფლა.

“გაოგნებული” სტრასბურგის სასამართლო

წლების შემდეგ, 2011 წელს,  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და მეორე მუხლის – სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებაში წერია:  სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები- შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდადებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდადებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდადებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა.შ.- ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება”.

Media

საპროტესტო პლაკატები კედლებზე

საპროტესტო პლაკატები კედლებზე

ფოტო: ინტერპრესნიუსი

2006 წლის 7 ივნისის აქცია

2006 წლის 7 ივნისის აქცია

წყარო: ინტერპრესნიუსი

აქცია გირგვლიანი მკვლელების დასჯის მოთხოვნით

აქცია გირგვლიანი მკვლელების დასჯის მოთხოვნით

24 ივლისი 2006 წელი. ფოტო: ინტერპრესნიუსი, წყარო: გაზეთი 24 საათი