2006 წლის 28 თებერვალს პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი შეიკრიბა სალარო აპარატების წინააღმდეგ. დემონსტრანტები იმ საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებდნენ, რომლებიც მოვაჭრეებს ბაზრობებზე სალარო აპარატებით გამოყენებას ავალდებულებდა. ამ კანონის თანახმად, იმ მოვაჭრეებს, რომლებიც სალარო აპარატების გარეშე ვაჭრობენ, 1 მარტიდან 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. მომდევნო დარღვევები უფრო მაღალ ჯარიმებს ითვალისწინებს, კერძოდ 5 000 და 10 000 ლარს. ბაზრობების მოვაჭრეები აცხადებდნენ, რომ სალარო აპარატები, რომელთა საშუალო ღირებულება 300 ლარამდე აღწევდა, მათ საქმიანობას მნიშვნელოვან ფინანსურ დარტყმას მიაყენებდა. აქცია 1 მარტსაც გაგრძელდა თბილისში, ბათუმსა და გორში. ტელევიზიით ნაჩვენებ ინტერვიუებში, გორის საპროტესტო აქციის მონაწილენი აცხადებდნენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალა, თბილისში ჩასულიყვნენ და პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეერთებოდნენ.
აქცია ლეიბორისტული პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. 3 მარტის “ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში “რესპუბლიკელების“, “ახალი მემარჯვენეების“ და “კონსერვატორების“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციების ერთიან სტრატეგიაზე იმსჯელეს. ოპოზიცია მოითხოვდა სალარო აპარატების პრაქტიკაში ეტაპობრივად დანერგვას.
მათი ინიციატივით, 9 მარტს მორიგი აქცია გაიმართა და პარლამენტის წინ 2-3 ათასი ადამიანი შეიკრიბა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის უფლება არ მისცა, რასაც მცირე დაპირისპირება მოყვა. მომიტინგეებმა კანცელარიისკენ გადაინაცვლეს.
აქციები მომდევნო დღეებშიც პერმანენტულად იმართებოდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ხელისუფლებამ უკან არ დაიხია.
ამის შემდეგ პროტესტის მოთხოვნა გაფართოვდა და 30 მარტის აქციაზე ზოგადად მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკეს. ამ პერიოდისთვის უკვე იმართებოდა აქციები სანდრო გირგვლიანის საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, რომელსაც სოციალური პროტესტის მონაწილეებიც შეუერთდნენ.