2021 წლის 6 აგვისტოს თბილისის დასუფთავების სამსახურის, „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლები – მძღოლები და ნაგვის დამცლელები გაიფიცნენ სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით: ითხოვდნენ ხელფასის ზრდას, ავტომობილების შეკეთებას, ნაგვის ურნების გამოცვლას და ახალ უნიფორმებს.
„თბილსერვისჯგუფი“ სახელმწიფო კომპანიაა, მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელია თბილისის მერია.
თანამშრომელთა ნაწილი კომპანიის ოფისთან, დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე შეიკრიბა და არ აძლევდნენ სხვა მძღოლებს ტერიტორიიდან ნაგვის გამტანი ავტომობილებით გამოსვლის საშუალებას. გაფიცვამ ქალაქში პრობლემები შექმნა, გადავსებული იყო ურნები და ზოგიერთ ადგილზე გავლაც კი შეუძლებელი გახდა. ამას ემატებოდა ზაფხულის სიცხეში დაგროვებული ნაგვის გამო გაჩენილი სუნი.
თბილისის მერიამ იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ თანამშრომელთა ნაწილმა მუშაობა განაახლა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 7 აგვისტოს, გამთენიას გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნაგვის გატანის პროცესი იყო აღწერილი. თანაც, მასაც დასუფთავების სამსახურის ჟილეტი ეცვა და ეკეთა სპეციალური ხელთათმანები. მან გაფიცვას „რამდენიმე კრიმინალის“ მიერ მართული პროცესი უწოდა და თქვა, რომ სისხლის სამართლის წესით დასჯის საფუძველსაც ხედავდა.
7 აგვისტოს დილიდან გაფიცულმა თანამშრომლებმა შეკრება დაიწყეს. იმავე დღეს მათ მერიისგან დაპირება მიიღეს ხელფასების მომატების გარდა, ყველა სხვა მოთხოვნის 15 დღის ვადაში შესრულების შესახებ, გაფიცვა შეწყდა. 23 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ გაფიცვის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ირაკლი ბაღდავაძე, რომელიც კორუფციაზე საუბრობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბაღდავაძემ პროტესტი გააგრძელა. ის ჯერ ბელიაშვილის ქუჩაზე “თბილსერვისის” ოფისის წინ შიმშილობდა, შემდეგ 2021 წლის სექტემბერში ივანიშვილის რეზიდენციის სიახლოვეს გააგრძელა პროტესტი. მაგრამ პოლიციამ იქ ღამის გათენების უფლება არ მისცა. ბაღდავაძემ შარტავას ქუჩაზე, თბილისის მერიასთან გადაინაცვლა. მერია ამბობდა, რომ ის უკანონო გაფიცვისა და თანამშრომლებზე ზეწოლის გამო გაათავისუფლეს. ბაღდავაძემ შიმშილობად დიდხანს ვერ შეძლო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტა და ბრძოლა სამართლებრივი გზებით გააგრძელა.