2024 წლის 3 აპრილს მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ქართული ოცნება“ ისევ დაარეგისტრირებდა „აგენტების კანონს“, რომელმაც წინა წელს ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში. მან აღნიშნა, რომ ახალ კანონპროექტს წინა წლის ვერსიისგან, რომელიც უკან გაიხმეს, მხოლოდ ერთი ტერმინი განასხვავებდა – „უცხოური გავლენის აგენტის“ ნაცვლად კანონში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ ჩაიწერებოდა. ინიციატივის მიხედვით, ყველა ორგანიზაცია, რომელიც არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებდა, ვალდებული ხდებოდა უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად დარეგისტრირებულიყო. ამ კანონის მთავარი სამიზნე კვლავ ხდებოდნენ დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პროექტებს დასავლური დონორი ფონდებისა და საელჩოების დახმარებით ახორციელებდნენ.
მაშინ, როცა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გასახსნელად უნდა მომზადებულიყო, ოპოზიციურმა პარტიებმა, პრეზიდენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევად მიიჩნიეს. ინიციატივა საერთაშორისო პარტნიორებმაც გააკრიტიკეს.
ამ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ პირველი აქცია პარლამენტთან 4 აპრილს გაიმართა. 8 აპრილს ჟურნალისტები შეიკრიბნენ პარლამენტთან, მანამდე კი 400-ზე მეტმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს უხსნიდნენ, რატომ იყო ეს კანონი თავისი არსით რუსული, მმართველმა პარტიამ კი წინა წლის მსგავსად დაიწყო მოქალაქეთა დარწმუნება, რომ ეს კანონი „ევროპულია“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამტკიცებდნენ, რომ კანონის მიზანი გამჭვირვალობაა, თუმცა კანონპროექტის განხილვის დროს პარლამენტში შესვლის და მუშაობის უფლება მხოლოდ ტელეჟურნალისტებს მისცეს, ხოლო სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს – არა. კომიტეტის სხდომაზე, სხდომის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიკროფონს უთიშავდა ყველა იმ ოპოზიციონერ დეპუტატს, რომელიც კანონპროექტს “რუსულ კანონს” ეძახდა.
კანონპროექტის განხილვის დროს პარლამენტთან ათასობით ადამიანი იკრიბებოდა, “არა რუსულ კანონს” – სკანდირებდნენ ისინი. შინაგან საქმეთა სამინისტროს კი შენობასთან საპოლიციო ძალებს აგზავნიდა – დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოდან უხმაუროდ გასვლა რომ შესძლებოდათ.
აქციის პირველივე დღეს პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა. თუმცა, გამოსვლები გრძელდებოდა მომდევნო დღეებშიც, შსს-საც მუდმივად გამოჰყავდა საპოლიციო ძალები, მათ შორის იყენებდა სპეციალურ საშუალებებს ხალხის დასაშლელად – 16 აპრილს აქციის დაშლის დროს სპეცრაზმელებმა სცემეს მოქალაქეებსა და მედიასაშუალებების: „პუბლიკის“, „ტაბულას“ და „აპრილის“ ჟურნალისტებს.
მასობრივი ძალადობის შემდეგ ცნობილმა სპორტსმენებმა ერთმანეთის მიყოლებით გამოაქვეყნეს ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებები, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამტკიცებდნენ, რომ ეს მთავრობის პოზიციასაც ემთხვეოდა – ანუ მთავრობასაც ევროინტეგრაცია სურდა.
პოლიციამ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე ათობით ადამიანი დააკავა, რომელთა უდიდესი უმრავლესობა სასამართლომ დააჯარიმა. მათ შორის ისინიც, რომლებიც ამ კანონის გასაპროტესტებლად კეტავდნენ თბილისის ქუჩებს. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 10-მდე ადამიანზე.
19 აპრილს დემონსტრანტებმა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, მარჯვენა სანაპირო, გმირთა მოედანი. “ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას”, – გმირთა მოედანთან ფიცი დადეს ახალგაზრდებმა, რომლებიც ორგანიზაცია “დაფიონის” ხელმძღვანელის, ზვიად ცეცხლაძის ინიციატივით. ზვიად ცეცხლაძე 2024 წლის ნოემბერში ხელახლა დაწყებული პროევროპული აქციების დროს დააკავეს და 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
2024 წლის გაზაფხულზე უნივერსიტეტების ნაწილში სწავლა შეჩერდა. აქციები იმართებოდა რეგიონებშიც.
დაიწყო ძალადობა აქციებში მონაწილე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებზე – 9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში ოთხი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გიორგი მუმლაძეს. მისი თქმით, თავდამსხმელები მუმლაძის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ ის ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს. მოგვიანებით თბილისში დაესხნენ თავს და სცემეს პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს, ბორის ჩელე ყურუასა და პარტია “ახალის” წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს.
8 მაისს ღამით, ფიზიკურად გაუსწორდნენ “აგენტების კანონის” წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის კიდევ სამ მონაწილეს: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დიმიტრი ჩიქოვანს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გია ჯაფარიძესა და აქტივისტს ლაშა ღვინიანიძეს.
ჩაუსაფრდნენ “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერს ზურა ჯაფარიძეს, რა დროსაც პოლიტიკოსმა გამაფრთხილებლად გაისროლა.
ფიზიკური ძალადობის გარდა, ღამის საათებში თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან გაჩნდა მტრული წარწერები და პოსტერები. დააზიანეს ჟურნალისტებისა და აქტივისტების ავტომობილები. სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნება” იყო.
ბოლო წლების ყველაზე ხალხმრავალი აქციებზე, რომლებიც აპრილი-მაისში გაიმართა, ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი აქტივისტების ჩამოყვანა არ დაუორგანიზებიათ, ხალხი თვითონ გამოდიოდა ქუჩებში, ხოლო დედაქალაქში თუ სხვა პატარა და დიდ ქალაქებში ვირუსულად მრავლდებოდა ქუჩის წარწერები: „არა რუსულ კანონს!“ „სად მივდივართ? – ევროპაში“ „ვისია საქართველო? – ჩვენია“. ეს შეძახილები ისმოდა აქციებზეც.
ყველაზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა 2024 წლის 11 მაისს. იმ დღეს ხალხი სამ ადგილას შეიკრიბა – რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე და მეტრო სამას არაგველთან. სამივე ტალღა რიყეზე შეერთდა. გამოცემა on.ge-ს მიხედვით, საღამოს 10 საათისთვის 140 ათასზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი. Visioner-ის დათვლით კი, მთელი დღის განმავლობაში ხალხის რიცხვი 300 ათასიც შეიძლება ყოფილიყო. არანაკლები რაოდენობის ხალხი აპროტესტებდა კანონს შემდეგ დღეებშიც.
ხელისუფლება ისევ აკავებდა აქტივისტებს და შსს-ს დანაყოფები ისევ ძალადობდნენ დემონსტრანტებზე. 14 მაისს სასტიკად სცემეს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერს დავით ქაცარავას, მანამდე, 1 მაისს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციონერი დეპუტატებს ალეკო ელისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილსაც. სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს სარეკლამო სააგენტო “ლიმონის” დამფუძნებელი, გიორგი ოკმელაშვილი, მას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება წაუყენეს და მოგვიანებით 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამავე აქციებზე სისხლის სამართლის წესით დააკავეს კიდევ 9 ადამიანი: გიორგი შანიძე, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ანდრეი რაუტბერგი, გიორგი კუჭაშვილი, დავით კოლდარი, საბა მეფარიშვილი, ომარ ოკრიბელაშვილი და ირაკლი მეღვინეთუხუცესი. გიორგი შანიძის სასამართლო პროცესები მალე დასრულდა და ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს ანდრეი რაუტბერგი, გაათავისუფლეს ვაჟა დურგლიშვილიც. დანარჩენი შვიდი კი საპატიმროში იხდის სასჯელს.
2024 წლის აპრილი-მაისის აქციები ბევრი რამით იყო გამორჩეული.
წინააღმდეგობის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ კანონი მაინც მიიღო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას ვეტო დაადო, რომელიც მმართველმა პარტიამ 2024 წლის 28 მაისს დაძლია. კანონი ძალაში 2024 წლის 3 ივნისს შევიდა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის ნაცვლად კანონპროექტზე ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოაწერა. ბოლო საპროტესტო აქცია 2 ივნისს გაიმართა. საქველმოქმედო აქცია-კონცერტზე თანხა შეაგროვეს იმ ადამიანებს დასახმარებლად, ვისაც სასამართლო ჯარიმას აკისრებდა. წინ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო და საპროტესტო აქციები აღარ გამართულა, თუმცა მოქალაქეები ცდილობდნენ დისკომფორტი შეექმნათ დეპუტატებისთვის – აქტივისტები შეხვედრისას მათ ეძახდნენ “მონას” და შემდეგ ამის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებდნენ.