EN

“არა რუსულ კანონს” – პირველი ინიციატივა

left arrow

2023

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2023 წლის 20 თებერვალი – 10 მარტი

პროტესტის გავრცელება

ეროვნული

პროტესტის თემატიკა

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიციირება.

ლიდერები/ორგანიზატორი

არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები

მთავარი მოთხოვნა

კანონპროექტის უკან გაწვევა

პროტესტის ადრესატი

საპარლამენტო უმრავლესობა

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

„არა რუსულ კანონს!“

შეძახილები

„არა რუსულ კანონს!“

სხვა ვიზუალური ელემენტები

ჭყლის ჭავლის გამოყენება, ფერადი ნათებები

დროშიანი ქალის ფოტო
წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგო

პროტესტის შედეგი

მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. კანონი უკან გაიწვიეს.

მნიშვნელოვანი ინტ. რესურსები

https://www.facebook.com/watch/?v=572308367948160

2022 წლის მიწურულს, 29 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა – „ხალხის ძალამ“, რომელიც მკვეთრად ანტიდასავლური და ანტიევროპული განცხადებებით გამოირჩეოდა, განაცხადა, რომ მუშაობდა კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, „უცხოური გავლენების აგენტების რეესტრი“ შეიქმნებოდა და მასში დარეგისტრირება მოუწევდათ უცხოეთიდან დაფინანსების მიმღებ არასამთავრობო და „სხვა“ ორგანიზაციებს. 2023 წლის 14 თებერვალს მედიისთვის ხელმისაწვდომი გახდა კანონპროექტიც („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“).

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური გავლენის აგენტებად“ ცხადდებოდნენ ის მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსების 20% ან მეტი უცხოეთიდან მოდიოდა. კანონი დაფინანსების გამცემ ქვეყნებსა და დონორებს „უცხოურ ძალად“ აცხადებდა. იმის მიუხედავად, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ეს დოკუმენტი მათ არ შეუმუშავებიათ, მოიწონეს და მისი მიღების საჭიროებაზეც ალაპარაკდნენ. 

პროტესტი მალევე, 2020 წლის 20 თებერვალს დაიწყო. პარლამენტში ონლაინ მედიის მცირე ჯგუფი მივიდა და გაშალა ბანერები: “მაინც ვერ გაგვაჩუმებთ”; “რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი”; “თქვენ თვითონ ხართ უცხოეთის აგენტები”; “საქართველოში რუსეთს ვერ დაამყარებთ”. ამის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების წევრები ამ კანონს მოიხსენიებდნენ, როგორც “რუსულ კანონს”.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო ამერიკული FARA-ს ანალოგი და ზუსტად იმეორებდნენ „საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას“, თუმცა საზოგადოებას უფრო მეტი ასოციაცია რუსულ კანონთან გაუჩნდა და ამიტომაც შეარქვეს მას „რუსული კანონი“. 

პარტნიორი ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ეს კანონპროექტი ხელს უშლიდა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, განსაკუთრებით მაშინ, როცა კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილებოდა. საქართველოში მომუშავე და მედიაორგანიზაციები კი ამბობდნენ, რომ კანონის მიღება მათ მუშაობას შეაფერხებდა, არასამთავრობო დასძენდნენ, რომ ბენეფიციარებს ვეღარ დაეხმარებოდნენ. კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებოდა პარლამენტში მყოფი ყველა ოპოზიციური ჯგუფი, გამონაკლისი იყვნენ ევროპელი სოციალისტები. დოკუმენტის მიღების წინააღმდეგი იყო სახალხო დამცველი და საქართველოს პრეზიდენტი.

2 მარტს კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს დაპირისპირება იყო დეპუტატებს შორის, ჟურნალისტებს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს, ამიტომ მათ, ვინც პარლამენტში მოახერხა შესვლა, დერეფანში გაშალეს წარწერა: „არა რუსულ კანონს!“. ისმოდა შეძახილები და სტვენის ხმაც. 

დოკუმენტის განხილვის დროს აქცია იმართებოდა რუსთაველის გამზირზე, ჟურნალისტების ნაწილი იმ დღეს პარლამენტიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. პოლიციამ 36 ადამიანი დააკავა, მათ შორის ორი ჟურნალისტი იყო.

7 მარტს „აგენტების კანონი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მოთხოვნით პლენარულ სხდომაზე განსახილველად მოულოდნელად გაიტანეს (პირვანდელი ვერსიით, დოკუმენტი 9 მარტს უნდა განხილულიყო). ამ დროს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იდგა. კანონპროექტის განხილვის დაწყებასთან ერთად ქუჩაში ხალხის რაოდენობამ იმატა. ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლის მიუხედავად, იმ დღეს პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. აქციის დასაშლელად პოლიციამ გამოიყენა საპოლიციო საშუალებები, თუმცა ხალხი არსად მიდიოდა. 

აქციებზე განსაკუთრებით აქტიურობდნენ ახალგაზრდები Gen Z (თაობა Z) როგორც მათ მოიხსენიებდნენ ხოლმე. ჯენზი განსაკუთრებით იმით დაამახსოვრდა ხალხს, რომ წყლის ჭავლის გამოყენებისა და დარბევის შემდეგ ისინი მაინც ჯიუტად ბრუნდებოდნენ პროტესტის ადგილას. მთელი ღამე გაგრძელდა სპეციალური ღონისძიებები. მეორე დღეს, 8 მარტს ათასობით ადამიანი რუსთაველის გამზირზე შესაკრებად ემზადებოდა, ხელისუფლება კი მაინც აცხადებდა, რომ ეს კანონი ხალხისთვის აუცილებელია და რომ ის საქართველოს ღირსების საკითხს ეხება. 

მძიმე ღამის შემდეგ ხალხმრავალი აქცია კვლავ გაიმართა 8 მარტსაც. პოლიციამ ამჯერადაც მათ დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი გამოიყენა, დააკავეს არაერთი ადამიანი. 

ამ აქციებზე დემონსტრანნტებმა საქართველოს ისტორიაში პირველად ისროლეს „მოლოტოვის კოქტეილები“. მოგვიანებით ამ ბრალდებით პოლიციამ 23 წლის ლაზარე გრიგორიადისი დააკავა. 7-8 მარტის ღამიდან არაერთი დასამახსოვრებელი სურათი შემორჩა არქივს: წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგო, ქალი ევროკავშირის დროშით, ცეკვა სიერენების ხმაზე, ორიგინალური ტრანსპარანტები; „საპატრიარქომ წყლის ჭავლი მაინც გვიკურთხოს, არ გავცივდეთ”; „მათ ცადეს ჩვენი დამარხვა, მაგრამ დაავიწყდათ, რომ თესლები ვართ“; „300 არაგველი, 76 გველი“; „მეგრელების წიწაკის არ გვეშინია“, „ჩემ ქმარს ჩემი არ ეშინია, წიწაკის სპრეით ვერ შეაშინებთ“; „ხალხი მარსზე მიდის და მე გიჟი ვარ, მოსკოვში წავიდე?“ „ალო, 112-ია, 76 ვართ, რაღაც კანონი მივიღეთ და სუყველას დედა გვაქვს მოტყ…“; „ბებიაჩემის ნასროლი ჩუსტის უფრო მეშინია, ვიდრე თქვენი“… – ბანერებზე, ფურცლებზე, ათასგვარ ზედაპირზე დატანილი ეს და ბევრი სხვა ფრაზა მეტყველებდა რიგით დემონსტრანტებს შორის ინდივიდუალურად გაღვივებულ ბრაზზე და სწრაფად გამოხატულ საპროტესტო რეაქციაზე. რუსთაველზე მისულებს მომცრო ბანერები ან გულზე ეკიდათ ანდა – მეტი ხაზგასმისთვის – ხელებაწეულებს მაღლა ეჭირათ.

9 მარტს დილით, როცა ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი სამოქმედო გეგმების გასაჟღერებლად ემზადებოდა, პარტია „ქართული ოცნების“ სახელით განცხადება გავრცელდა კანონპროექტის ჩაგდების შესახებ. ხალხმრავალი აქციის მთავარი მოთხოვნაც ეს გახლდათ.

10 მარტს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ მართლაც ჩააგდო. სხდომა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატებს სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა.

რუსული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ქუჩის საპროტესტო აქციები აღარ გამართულა, თუმცა ვნებათაღელვამ უნივერსიტეტებში გადაინაცვლა. ლექტორების საჯარო შერცხვენა, ლექციების ბოიკოტი, აუდიტორიის კარზე გაკრული წარწერები – ამჯერად სტუდენტების პროტესტის სამიზნე კანონპროექტზე ხელმომწერი პროფესორები გახდნენ.

Media

ქალი ევროკავშირის დროშით

ქალი ევროკავშირის დროშით

ფოტო: ზურა ცერცვაძე

წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგონა

წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგონა

ფოტო: ზურა ცერცვაძე

"არა რუსულ კანონს" - ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში

"არა რუსულ კანონს" - ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში

ფოტო: გვანცა ნემსაძე, "რადიო თავისუფლება"

ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში კანონპროექტის პირველი ინიციატივისას

ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში კანონპროექტის პირველი ინიციატივისას

ფოტო: გვანცა ნემსაძე, "რადიო თავისუფლება"