EN

“ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”

left arrow

2023

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2023 წლის 12-14 თებერვალი

პროტესტის გავრცელება

თბილისი

პროტესტის თემატიკა

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

არტისტის, სანდრო სულაბერიძის მიმართ შსს-მ გამოძიება დაიწყო

ლიდერები/ორგანიზატორი

ნატა ფერაძე

მთავარი მოთხოვნა

შეწყდეს გამოძიება სანდრო სულაბერიძის მიმართ

პროტესტის ადრესატი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია

პროტესტის შედეგი

მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. გამოძიება შეწყდა.

2023 წლის 4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენაზე – “ავტოპორტრეტი სარკესთან”, რომელშიც 41 მხატვრის ნამუშევარი მონაწილეობდა, მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”. მოგვიანებით ეროვნული მუზეუმის მედიაში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო: “…ეროვნულმა გალერეამ … ზოგიერთ ნაკლებად ცნობილ მხატვარს პირველად მისცა შესაძლებლობა, წარმოეჩინა თავისი ხელოვნება, რაც მანამდე არ გახლდათ მუზეუმის საგამოფენო პოლიტიკა. სწორედ მხატვრების მიმართ სახელმწიფოს ასეთი მხარდაჭერა ემსახურება ხელოვნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დასანანია, რომ ზოგიერთმა მხატვარმა ეს შესაძლებლობა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა”.

მხატვარს იქვე არაფერი განუმარტავს, თუმცა, სოციალურ ქსელებსა და სახელოვნებო სივრცეებში გავრცელებული მოსაზრებით, ასე გამოხატა პროტესტი სანდრო სულაბერიძემ  კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის სამუზეუმო და, ზოგადად, კულტურის მიმართ პოლიტიკის გამო.

მხატვრის საქციელს მალე საქმის წარმოების დაწყება მოჰყვა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამას მოჰყვა 12 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე, ეროვნული გალერეის წინ, სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების  საპროტესტო აქცია იმავე გზავნილით: „ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია”. მათ არტისტის მიმართ დაწყებული გამოძიების შეწყვეტა მოითხოვეს. 

“თეა წულუკიანი თავისი პოლიტიკით ემტერება კულტურას. ამის მაგალითია, თუნდაც ის, რა დღეში ჩააგდეს გელათი.. ეროვნული მუზეუმი, რომელიც ფაქტობრივად დაშლილია და უფუნქციოდ არის, შეჩერებულია უამრავი პროექტი, უამრავი პრობლემაა სფეროში და ზოგადად, კულტურაში ისეთი დესტრუქციული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომ თითქმის მთელი სფერო განაწყო მის წინააღმდეგ,“ – უთხრა “ნეტგაზეთს” „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ წიქარიძემ, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა.

პროტესტის გამოსახატად მისულ სამოქალაქო აქტივისტს, ნატა ფერაძეს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ და როცა კედლის საღებავების გამორთმევა დუაპირეს, ფიზიკურად იძალადეს მასზე. 

შემდეგ დღეებში ხელოვნების თავისუფლების მხარდამჭერებმა თბილისის ქუჩებში გადაიტანეს გალერეის კედელზე დატოვებული ტექსტი. “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”, –  ეს ფრაზა სწრაფად მოედო ქუჩებს.

გამოფენაში მონაწილე არტისტების ნაწილმა ჯერ განცხადება გაავრცელა სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შეწყვეტის მოთხოვნით, შემდეგ კი თქვეს, რომ სურდათ, გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, მათაც გაეტანათ ნამუშევრები გალერეიდან. 14 თებერვალს გაირკვა, რომ ნამუშევრებს მოქმედი გამოფენიდან ვერავინ ჩამოხსნის და რადგან ექსპოზიციაში მონაწილე არტისტების ნაწილს აღარ სურდა მონაწილეობა, ეროვნული მუზეუმის გადაწყვეტილებით, გამოფენა ოცი დღით ადრე დაიხურა.იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

Media

წარწერა ეროვნული გალერეის კედელზე

წარწერა ეროვნული გალერეის კედელზე

მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია"