2012 წლის 18 სექტემბერს, 1 ოქტომბერს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს გლდანის ციხის სამი თანამშრომელი პატიმართა არაადამიანური მოპყრობის გამო. სამინისტრომ ციხის კადრები გაავრცელა, რომელშიც ჩანდა, როგორ სცემდა საპატიმროს ორი მცველი მსჯავრდებულს საკანში.
შსს–მ განაცხადა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის, შემდეგ ვიდეოს ჩაწერის და, ფულის სანაცვლოდ, დამკვეთებისთვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა მიიღეს პატიმარ თამაზ თამაზაშვილისაგან, რომელიც დედოფლისწყაროში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის (მომავალში პრემიერ-მინისტრის) მამა იყო. თავის განცხადებაში შსს–მ ასევე თქვა, რომ ციხის ერთ–ერთი დაკავებული თანამშრომლის, კერძოდ კი მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსის ლევან ფურცხვანიძის კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი. ამ განცხადებიდან ცხადად არ ჩანდა, შსს კადრების რა ნაწილს მიიჩნევდა რეალურად და რას დადგმულად.
მალევე ტელეკომპანია “მაესტრომ” გაავრცელა ექვსწუთიანი ვიდეო, რომელშიც ასევე ჩანდა პატიმართა მიმართ ძალადობა. 18 სექტემბერსვე, გვიან ღამით, “მაესტრომ” და “მეცხრე არხმა” კიდევ უფრო შემზარავი ვიდეომასალა გაავრცელეს. ამ კადრებში აჩვენებდნენ, თუ როგორ აუპატიურებენ ციხის ბადრაგები პატიმარს ჯოხით; კიდევ ერთ ვიდეოში ნაჩვენები იყო საკნის კარზე მიბმული პატიმარი, რომელსაც ცოცხით აუპატიურებენ.
ამ კადრების გავრცელებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა, რადგან ამ კადრებით დადასტურდა დიდი ხნის მანძილზე არსებული ბრალდებები პატიმრების არაადამიანური მოპყრობის თაობაზე.
მოქალაქეები მაშინვე შეიკრიბნენ ფილარმონიასთან, რადგანაც გავრცელდა ხმები, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ფილარმონიაში „ვერის უბნის მელოდიებზე“ დასასწრებად მივიდა. მომიტინგეები სასჯელაღსრულების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის და, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას გადაყენებას მოითხოვდნენ. მათ მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს. აქციაზე გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც. საპროტესტო აქცია ღამის 3 საათის შემდეგ მშვიდობიანად დაიშალა, თუმცა შემდეგ დღეებშიც გაგრძელდა და უფრო ფართომასშტაბიანი გახდა. სტუდენტური მოძრაობა “ლაბორატორია 1918”, რომელიც იმ პერიოდში უნივერსიტეტის ავტონომიისთვის იბრძოდა, ამ აქციებს შეუერთდა.
მეორე დღეს ხათუნა კალმახელიძე თანამდებობიდან გადადგა. მის ადგილას კი სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში დანიშნეს. დააკავეს სასჯელაღსრულების 10 თანამშრომელი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღიარა “სისტემური მარცხი” და სასჯელაღსრულების სისტემის „ფუნდამენტური“ რეფორმირება პრემიერ–მინისტრ ვანო მერაბიშვილს ჩააბარა.
პროტესტი არ შეწყვეტილა. 19 სექტემბერს აქციები გაიმართა ფილარმონიის, სახელმწიფო უნივერსიტეტის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, გლდანის მერვე საპყრობილისა და მოდულის შენობებთან. აქციის რამდენიმე ათეული ათასი მონაწილე შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას მოითხოვდა. სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებენ აწ უკვე გათავისუფლებულ სასჯელაღსრულების მინისტრს, ხათუნა კალმახელიძესაც.
ფილარმონიიდან აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირით მთავრობის კანცელარიისკენ გადაინაცვლეს, ცოცხებით ხელში. „გამოდით!“ – ამ შეძახილებით ისინი მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. შემხვედრი ავტომობილები მათ სიგნალებით აცილებენ.
”დღეიდან ამ ნივთს, ანუ ცოცხს, ჰქვია მიხეილ სააკაშვილი”, – ამ სიტყვებით აქციის მონაწილეებმა ერთი ცოცხი კანცელარიის ფოიეში შეაგდეს:
„ცოცხი მოვიდა, მიშა! ცოცხით მოვედით!“
შეკრებილებმა სიმბოლურად დაწვეს ცოცხები. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბეებიდან მათ ციხეებში წამების ფაქტები სხვადასხვა ლოზუნგებით გააპროტესტეს: „თევზი თავიდან ყარს!“ „გლდანი თუ გუანტანამო?!“ „ძირს ცოცხებიანი სისტემა!“ „არ აწამო!“
უნივერსიტეტის ეზოდან რამდენიმე ასეულმა სტუდენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან გადაინაცვლა. ისინი პატიმრების წამების ფაქტების ამსახველი კადრებისა და აქციების ობიექტურად გაშუქებას ითხოვდნენ.
სიტუაცია დაიძაბა გლდანის #8 საპყრობილესთან, სადაც პატიმართა ოჯახის წევრები მოითხოვდნენ პატიმრების ნახვას, ისინი ციხის შესასვლელზე აბრახუნებდნენ. შიშობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრებსაც ძალადობა ემუქრებოდათ. აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. საღამოს “საყვირების აქცია” დაიწყო. ავტომანქანები ციხესთან წრეს ქმნიდნენ და საყვირების საშუალებით პატიმრებს მხარდაჭერას უცხადებდნენ. “საყვირების აქციის” გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ციხიდან გამოსული პატიმრის ერთ–ერთმა ახლობელმა შეკრებილ ხალხს განუცხადა, რომ გლდანის საპყრობილეში პატიმრებს ციხესთან მიმდინარე ამბებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ.
მოქალაქეები მომხდარს აპროტესტებდნენ რეგიონებშიც. ხალხი შეიკრიბა ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთში, ლაგოდეხში და სხვა ქალაქებში.
ციხის კადრები ფართომასშტაბიანი აქციის მიზეზი გახდა. პროტესტი არ წყდებოდა. 20 სექტემბერს პატიმართა ახლობლები ისევ გლდანის ციხესთან შეიკრიბნენ, ხოლო სტუდენტები – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საიდანაც მთავარი პროკურატურისკენ დაიძრნენ. ხალხის სიმრავლის გამო ფილარმონიიდან მეტრო “რუსთაველამდე” შეწყვეტილი იყო საავტომობილო მოძრაობა. ისინი ორთაჭალის #1 საპყრობილესთანაც მივიდნენ, რის შემდეგაც პატიმრებმა ციხის გისოსიანი ფანჯრებიდან მაისურები და სხვადასხვა ნაჭრები ააფრიალეს. “ძირს ახალაია!” “სოლიდარობა პატიმრებს!” – ორთაჭალის ციხესთან ამ შინაარსის ლოზუნგები ისმოდა. აქაც დაწვეს ცოცხები. ორთაჭალიდან მომიტინგეები ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციისკენ დაიძრნენ.
20 სექტემბერს შს მინისტრი ბაჩო ახალაია გადადგა. თუმცა საზოგადოების ბრაზი ამით არ განელებულა და აქციებიც გაგრძელდა. ისინი ითხოვდნენ ყველა იმ პირის დასჯას, რომელიც მონაწილეობდა, გეგმავდა და იძლეოდა ბრძანებებს პატიმართა გაუპატიურებაზე.
22 სექტემბრიდან სპიკერებს შორის უკვე აქტიურად ჩანდნენ ირაკლი კაკაბაძე და მოძრაობა “არას” წარმომადგენელი ლევან ჩიტიძე. ამ დღეს მოქალაქეები საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც მივიდნენ და მოვლენების ობიექტურად გაშუქება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. შეკრებილებს რატი ამაღლობელმა აცნობა, რომ მიღწეულია შეთანხმება და მეორე დღეს ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში მიწვეულნი იქნებოდნენ მწერლები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
აქციაზე არცთუ მცირე რაოდენობით გამოჩნდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ მაისურებიანი ახალგაზრდები. “გაჩნდა მოსაზრება, რომ გულწრფელი სტუდენტური პროტესტი გადაიზარდა პოლიტიკური დაკვეთის აღსრულებაში. სწორედ ამის გამო სტუდენტების ნაწილი მთელ დღეს აუდიტორიაში შევიყუჟეთ”, – წერს რადიო თავისუფლებაზე გამოქვეყნებულ “თავისუფლების დღიურში” სტუდენტი სალომე დანელია, რომელიც “ლაბორატორია 1918-ის” წევრი იყო და იქვე იხსენებს 22 სექტემბერსაც, “საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა სტუდენტებს მშვიდობისაკენ მოუწოდა. მე კი ვფიქრობ, ეს სწორედ ის მშვიდობაა, რომლისაც უნდა გეშინოდეს. როგორც მოსალოდნელი იყო, პატრიარქის მოწოდების თანახმად, მასობრივი სტუდენტური პროტესტი მასობრივ ლოცვაში გადაიზარდა”.
24 სექტემბერს სტუდენტები უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. ”არ აწამო”, „დაამთავრე ტირანია“, „სისტემა ყარს“, „მოითხოვე დაისაჯონ“, „სისტემა უნდა დაინგრეს“ – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ტრანსპარანტებისა, რომლებიც სტუდენტებს ეჭირათ.
ახალგაზრდები თავდაცვის სამინისტროსთან მივიდნენ და ჯარისკაცებს მოუწოდეს, ხალხის გვერდით დამდგარიყვნენ, შემდეგ წავიდნენ იუსტიციის სამინისტროსთან სადაც იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დასჯას ითხოვდნენ და სკანდირებდნენ “ადეიშვილი ციხეში”. იქიდან კი ფილარმონიასთან გადაინაცვლეს, სადაც სხვა ჯგუფი აგრძელებდა პროტესტს. სტუდენტთა ნაწილი კინოთეატრ “ამირანთან” გზის სავალ ნაწილზე გადავიდა, რის შემდეგაც პოლიციელებმა ისინი ძალის გამოყენებით გზიდან გადაიყვანეს.
სტუდენტურ აქციებს 24 სექტემბერს მუსიკოსებიც შეუერთდნენ. სიმღერა, სახელწოდებით ”სისტემა უნდა დაინგრეს” სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა.
27 სექტემბრისთვის საპატიმროებში არაადამიანური მოპყრობის გამო დაკავებული იყო 16 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ციხის ორი დირექტორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
28 სექტემბერს ჯგუფ “ვაკის პარკის” ორგანიზებით, გლდანის ციხესთან კონცერტი გაიმართა. კონცერტის პარალელურად ციხესთან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების ავტოკოლონა მივიდა.
“ახალგაზრდებმა ციხეს წრე შემოარტყეს და პატიმრებს ამხნევებენ. ისინი პატიმრებს ორი დღე გაძლებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ორი დღის შემდეგ კანონიერება აღდგება”, – წერდა სააგენტო ინტერპრესნიუსი.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა და “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა დასრულდა.