2012 წლის 14 ოქტომბრიდან ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა დაიწყო. „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული 3700 თანამშრომელი კვლავ უარს ამბობდა მუშაობის დაწყებაზე, 10 მაღაროელი კი პატარიძის სახელობის მაღაროში მჯდომარე აქციას მართავდა. მაღაროელების გაფიცვა ხელფასის მომატების საკითხზე შეუთანხმებლობამ განაპირობა. ისინი ხელფასის 100%-ით გაზრდას მოითხოვდნენ. ჭიათურელი მაღაროელები ”ჯორჯიან მანგანეზში” ე.წ. ორმაგი ბუღალტერიის არსებობაზეც საუბრობდნენ.
18 ოქტომბრის ღამით ”ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის ვლადისლავ ლოზინსკისა და მაღაროელების გასაუბრების შემდეგ, მიიღეს დაპირება, რომ სამუშაო პირობები და ტექნიკური აღჭურვილობა გაუმჯობესდებოდა. თუმცა გაფიცვის მე-17 დღეს მათ კვლავაც არ ჰქონდათ ნათელი პასუხები, დაკმაყოფილდებოდა თუ არა მათი მოთხოვნები. ამიტომ ჭიათურის მაღაროების მუშების ოცკაციანმა საინიციატივო ჯგუფმა 2012 წლის პირველ ნოემბერს საპროტესტო აქციები თბილისშიც გამართა. მათ სახელმწიფო კანცელარიასთან მოიყარეს თავი და ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც 25 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, შეხვედრა წერილობით მოითხოვეს, წინა ღამით კი მაღაროებში არსებული მძიმე სამუშაო პირობები და დაბალი ხელფასები პრეზიდენტის რეზიდენციასთან გააპროტესტეს. ”მუშა და არა მონა”, ”მიშამ შექმნა მონობა” – ეწერათ ტრანსპარანტებზე სახელმწიფო კანცელარიის კიბეებზე მსხდომებს. ამ დროისთვის მათი მოთხოვნა იყო ხელფასების 50%-ით გაზრდა და პრემიების გაცემა.
პირველ ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მაღაროელების ნაწილი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა. სრულად გაფიცული რჩებოდა მხოლოდ ითხვისის მაღარო, – აცხადებდნენ ”ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციაში. მაღაროელების ნაწილი კი ამ ინფორმაციას უარყოფდა.
”ჩვენს კომპანიაში აუცილებლად უნდა შემოვიდეს აუდიტი, რომელიც შეისწავლის კომპანიის ფინანსურ საქმიანობას და ყველა დარღვევას. გვინდა, ნახონ და შეისწავლონ, ასევე, ჩვენი სამუშაო პირობები, რა გაუსაძლის გარემოში ვიყავით, გვინდა გავიგოთ ჩვენი შრომის ფასი, გვინდა, ვიცოდეთ რა ღირს ის, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, რომ ამის მიხედვით მოვითხოვოთ ადეკვატური ხელფასი. ვისი მონობის ქვეშ ვართ, ვინაა ჩვენი ინვესტორი, ისიც კი არ ვიცით”, – ამბობდნენ შეკრებილები.
”ჯორჯიან მანგანეზში” რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ითხვისის მაღაროს გარდა, ხუთი მაღარო უკვე ამუშავებული იყო. მაღაროელები თავად მოითხოვდნენ მუშაობის დაწყებას და ისინი დილიდან შევიდნენ კიდეც მაღაროებში – დაახლოებით 1000-კაცზე მეტი.
კომპანია ამტკიცებდა, რომ “დიდი აცდენაა ჯგუფებს შორის, ერთმანეთში ვეღარ თანხმდებიან” ”ჯორჯიან მანგანეზში” ასევე ამბობენ, რომ მუშების ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილდა – დაწყებული იყო აზომვითი სამუშაოები და მალე გაუმჯობესდებოდა მაღაროელთა სამუშაო გარემო, ნაყიდი იყო ტექაღჭურვილობა, რომლის ჭიათურამდე ტრანსპორტირებასაც დრო სჭირდებოდა. ხელფასის 100%-ით გაზრდა კი შეუძლებლად მიაჩნდათ. ”ჯორჯიან მანგანეზი” მუშებს მათი ხელფასის 32 %-იანი გაზრდას სთავაზობდა.
2012 წლის 6 ნოემბერს დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, პრემიერის აპარატში შეიქმნებოდა დროებითი კომისია, რომელიც “შრომითი ურთიერთობების და ზოგადად, სოციალური დიალოგის ტიპის საკითხს” შეისწავლიდა.
გია ჟორჟოლიანის განმარტებით, ჭიათურელ მაღაროელებს პირადად გააცნო ეს: „მშრომელებმა გამოხატეს სრული ნდობა პრემიერ-მინისტრისა და ამ კომისიის მიმართ, მათ ეს აღიქვეს გარანტიად და დათანხმდნენ იმ მოთხოვნებს, რომელიც ადმინისტრაციამ უკვე დღეს შესთავაზა“, – თქვა მან. ამ პირობების თანახმად, ჭიათურელ მაღაროელებს ხელფასი 32%-ით გაეზრდებოდათ, თუმცა შეთანხმება პრემიების საკითხზე ვერ მოხდა.