2012 წლის 19 ოქტომბერს თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანიის “თელასის” მომსახურების ცენტრების თანამშრომელთა ნაწილმა კომპანიის მთავარ ოფისთან გამართა საპროტესტო აქცია. ისინი ”თელასის” კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის გადადგომას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ გაფიცული იყო “თელასის” 15 ფილიალი. კომპანიის თანამშრომლები შრომის შესაბამის ანაზღაურებას მოითხოვდნენ, პროტესტს გამოთქვამდნენ კომპანიაში პოლიციური რეჟიმის გამო და ირწმუნებოდნენ, რომ კონტროლიორებს აბონენტების პირადი მონაცემების შეგროვებას ავალებენ.
საპროტესტო აქციებს განაგრძობდნენ ”თელასიდან” ორი თვით ადრე გათავისუფლებული თანამშრომლებიც. მათი განცხადებით, კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ზურაბ არსოშვილმა სამსახურიდან უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით დაითხოვა 150-მდე ადამიანი და ისინი “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორებით და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებით შეცვალა. ზურაბ არსოშვილი თელასში მოსვლამდე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შიდა ქართლის გუბერნატორი. მის შესახებ ჟურნალისტური გამოძიებაც მომზადდა, რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ მას არაერთი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი.
”თელასის” ყოფილმა თანამშრომლებმა სამართლიანობის და უფლებების აღდგენის თხოვნით წერილობით მიმართეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს. ყოფილმა თანამშრომლებმა პირველი აქცია 17 ოქტომბერს გამართეს. ამ დღეს მხოლოდ სამსახურში აღდგენის მოთხოვნა ჰქონდათ.
საპროტესტო აქციების შედეგად “თელასის” კომერციულმა დირექტორმა ზურაბ არსოშვილმა თანამდებობა დატოვა, თუმცა 8 ნოემბერს თელასის თანამშრომლები ისევ გაიფიცნენ. მათი თქმით, კომპანიაში რჩებოდა არსოშვილის გუნდი, რომელიც მართვას უსამართლო და უკანონო მეთოდებით განაგრძობდა. გაფიცვა მას შემდეგ შეწყდა, რაც “თელასის” გენერალურ დირექტორთან აშოტ მანუკიანთან მოლაპარაკის შემდეგ პროფკავშირების წარმომადგენლებმა თანამშრომლებს აცნობეს, რომ მიღწეულია შეთანხმება “თელასიდან” დათხოვნილი 125 ადამიანის სამსახურში დაბრუნების და მაღალი რგოლის მენეჯერთა გათავისუფლების შესახებ.
20 ნოემბრისთვის ეს დაპირება ისევ შეუსრულებელი იყო, ამიტომ თელასის თანამშრომლები კვლავ გაიფიცნენ და კოლეგების სამსახურში აღდგენა ისევ მოითხოვეს.