EN

აქცია ლექტორების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების წინააღმდეგ

left arrow

2012

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2012 წლის 5-17 სექტემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

განათლება

პროტესტის მიზეზი

სტუდენტები მიიჩნევდნენ, რომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ლექტორები პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

პროტესტის ფორმა

აქცია, მარში

ორგანიზატორი

დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია
ლაბორატორია 1918

მთავარი მოთხოვნა

უნივერსიტეტში აღადგინონ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ლექტორები
დაიშალოს რეგენტთა საბჭო და უნივერსიტეტმა მიიღოს სრული ავტონომია

პროტესტის ადრესატი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტი

ლოზუნგები, ტრანსპარანტები

”არა ბოლშევიზმს”, ”განათლება პოლიტიკის გარეშე”, ”გასაგდები კიდევ ბევრია?!”
“შეწყდეს პოლიტიკური დევნა” R.I.P. Education
არა ავტორიტარულ განათლებას!
ავტონომია უნივერსიტეტს!
ნუ გაანაყოფიერებთ პოლიტიკურ პარტიებს!

პროტესტის შედეგი

ლექტორები სამსახურში არ აღუდგენიათ და არც რეგენტთა საბჭო დაშლილა.

2012 წლის 5 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ აქციის მონაწილეები გენდერის სპეციალისტის, ლელა გაფრინდაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. ლელა გაფრინდაშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასწავლიდა. სტუდენტების თქმით, გაფრინდაშვილი ხელისუფლებისგან განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს ღიად აფიქსირებდა, რაც მისი დათხოვნის მიზეზი გახდა.

ლელა გაფრინდაშვილთან ერთად უნივერსიტეტიდან გაუშვეს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სხვა ლექტორებიც – ნოდარ ხადური და დავით ნარმანია. მათ ხელშეკრულებებს ვადა ამოეწურათ, ხელახალ კონკურსში კი ვერ გაიმარჯვეს.

11 სექტემბერს რამდენიმე ლექტორის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტი სტუდენტებმა მორიგი აქციით გააპროტესტეს. მათ არამხოლოდ სტუდენტებს, უნივერსიტეტის ლექტორებსაც მოუწოდეს, არ შეგუებოდნენ უსამართლობას. აქციას, რომლის მთავარი ლოზუნგებიც იყო “არა ბოლშევიზმს”, ”განათლება პოლიტიკის გარეშე”, ”გასაგდები კიდევ ბევრია?!”, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები შეუერთდნენ.

აქციის ორგანიზატორი დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია იყო. მის თავმჯდომარე ალექსანდრე (ლექსო) კობაიძეს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ლექტორების უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. 

ლელა გაფრინდაშვილი ამბობდა, რომ უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შეიქმნა ვითარება, რომელსაც ლექტორების აღშფოთება უნდა გამოეწვია, მაგრამ მაშინ ღიად სტუდენტების გვერდით არავინ დადგა. ეს ეხებოდა, მაგალითად, სტუდენტური თვითმმართველობის წევრების მიერ სტუდენტთა იმ ჯგუფზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რომელმაც კონსტიტუციით გარანტირებული ქართულად სწავლის უფლების დაცვა მოითხოვა. მათ უნივერსიტეტს მოსთხოვეს ბიუჯეტიდან გარკვეული თანხების გამოყოფა საჭირო ლიტერატურის ქართულ ენაზე სათარგმნად. ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ამ მოვლენების დროს ის სტუდენტების გვერდით დადგა, რაც, ასევე, ხელს არ აძლევდა ხელმძღვანელობას.

ბრალდებების საპასუხოდ უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა: “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ გააჩნია ინფორმაცია ლელა გაფრინდაშვილის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ და არც დაინტერესებულა ამ საკითხით. შესაბამისად, განცხადება მისი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.”

14 სექტემბრიდან აქციებს სათავეში სტუდენტური გაერთიანება “ლაბორატორია 1918” ჩაუდგა.  ამ დღეს აქციას სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდნენ. აქციას წინ სოციალური ქსელით გავრცელებული მანიფესტი უძღოდა, რომელშიც სტუდენტები საკუთარი და ლექტორების უფლებების დაცვას მოითხოვდნენ. აქციამ უნივერსიტეტის ბაღიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გადაინაცვლა, სადაც სტუდენტებს რექტორთან შეხვედრა და საკუთარი მოთხოვნების გაცნობა სურდათ. ალექსანდრე კვიტაშვილი მათ ადგილზე არ დახვდათ, თუმცა სტუდენტები თავიანთ მთავარ მოთხოვნებს ჯერ უნივერსიტეტის ფოიეში, შემდეგ კი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კაბინეტის წინ სკანდირებდნენ.

უკვე 17 სექტემბერს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, რექტორის კაბინეტთან შეკრებილი რამდენიმე ათეული სტუდენტი რექტორთან შეხვედრას ხმამაღლა და ფეხების ბრაგუნით ითხოვდა:

„გეშინოდეთ ჩვენი! გეშინოდეთ ჩვენი! გეშინოდეთ ჩვენი! გამოვიდეს რექტორი, გამოვიდეს რექტორი!“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილი, კაბინეტიდან გამოვიდა. პირველი მოთხოვნა, რომელიც სტუდენტებმა რექტორს წაუყენეს, სააქტო დარბაზში შეხვედრა იყო. თუმცა შეხვედრა სააქტო დარბაზში არ შედგა. სტუდენტებმა და რექტორმა საპროტესტო აქციების მიზეზების გარკვევა იქვე, რექტორის კაბინეტის კართან, დაიწყეს. სტუდენტები რექტორს მიმართავენ შეძახილებით: „ნუ გვატყუებთ!“

მსვლელობა, ძახილით „შემოგვიერთდით!“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დერეფნებში სტუდენტებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც უნივერსიტეტის რექტორისგან ვერ მიიღეს დასტური იმის შესახებ, რომ, მათი აზრით, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ლექტორები უნივერსიტეტს დაუბრუნდებოდნენ, რეგენტთა საბჭო დაიშლებოდა და უნივერსიტეტი სრულ ავტონომიას მიიღებდა.

რეგენტთა საბჭო, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2011 წელს შეიქმნა. მისი მოვალეობა იყო უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში მთავრობის პოლიტიკის კოორდინირებულად წარმართვა. რეგენტთა საბჭო რამდენიმე სამინისტროს, მათ შორის, იუსტიციის, ეკონომიკის, ფინანსთა და განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნებით იყო დაკომპლექტებული.

უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში შეკრებილ სტუდენტებს აქციის ორგანიზატორები, ”ლაბორატორია 1918”-ის წარმომადგენლები, რიგრიგობით მიმართავდნენ. ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, ამბობდა, რომ ყველა მოთხოვნა ერთ მთავარ მოთხოვნაში ერთიანდებოდა – ავტონომია უნივერსიტეტს.

”უნივერსიტეტში მთელი ძალაუფლება კონცენტრირებულია სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან წარმოდგენილ და დანიშნულ პირებზე. ჩვენ კი გვინდა, რომ, ისევე, როგორც ევროპასა და ამერიკაში, უნივერსიტეტში მთელი ძალაუფლება გადავიდეს სტუდენტებისა და ლექტორების ხელში”, – ამბობდა ლევან ლორთქიფანიძე.

უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა, სტუდენტთა მოთხოვნებს უპასუხა, ოღონდ – კაბინეტში და მხოლოდ ჟურნალისტებთან. სტუდენტებმა მასთან არ შევიდნენ, რექტორი კი სააქტო დარბაზში არ მივიდა. კვიტაშვილმა თქვა, რომ რეგენტთა საბჭო ვერ დაიშლებოდა, ვერც ლექტორებს დააბრუნებდნენ, რადგან ისინი პოლიტიკური ნიშნით არ გაუთავისუფლებიათ. 

ისევე როგორც უნივერსიტეტის რექტორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახლად დანიშნული დეკანი ანდრო ბარნოვიც აცხადებდა, რომ ლელა გაფრინდაშვილმა კომისიას ვერ წარუდგინა სრულყოფილი სასწავლო გეგმა, ანუ სილაბუსი. ანდრო ბარნოვს, რომელიც თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე იყო, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში, მეოთხე სართულზე, საკუთარ კაბინეტთან მიაკითხეს.

სტუდენტთა აქციები ამ თემაზე აღარ გაგრძელებულა, რადგან მეორე დღეს, 18 სექტემბერს, “ციხის კადრები” გასაჯაროვდა და ქვეყანა სხვა მასობრივმა პროტესტმა მოიცვა.

Media

ლაბორატორია 1918-ის აქცია

ლაბორატორია 1918-ის აქცია

2012 წლის 14 სექტემბერი. ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება

დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის აქცია

დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის აქცია

2012 წლის 11 სექტემბერი. ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება

პროტესტი თსუ-ში

პროტესტი თსუ-ში

2012 წლის 17 სექტემბერი. ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება

ლევან ლორთქიფანიძე სააქტო დარბაზში

ლევან ლორთქიფანიძე სააქტო დარბაზში

2012 წლის 14 სექტემბერი. ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება

თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი

თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი

2012 წლის 17 სექტემბერი. ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება

სტუდენტები თსუ-ს მეექვსე კორპუსთან

სტუდენტები თსუ-ს მეექვსე კორპუსთან

2012 წლის 17 სექტემბერი. ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება