EN

მაესტროს დაყადაღებული ანტენები

left arrow

2012

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2012 წლის 13 ივლისი – 1 აგვისტო

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

მედია

პროტესტის მიზეზი

მაესტროს სატელიტური ანტენების დაყადაღება

პროტესტის ფორმა

აქცია

ორგანიზატორები

მამუკა ღლონტი, ილია (ბაჩო) კიკაბიძე, მაესტროს ჟურნალისტები

მთავარი მოთხოვნა

მოეხსნას ყადაღა სატელიტურ ანტენებს

პროტესტის ადრესატი

პროკურატურა

ტრანსპარანტები

მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა
იძებნება ანტენები
თავისუფლება პოლიტიკურ თეფშებს

ვიზუალური ელემენტები

ერთჯერადი თეფშები მაესტროს ლოგოთი, სატელიტური ანტენები

2012 წლის ზაფხულში ტელეკომპანია მაესტრომ სამაუწყებლო არეალის გასაფართოებლად სატელიტური ანტენების შემოტანა და მოსახლეობისთვის დარიგება გადაწყვიტა. “მაესტრო ყველა ოჯახში” – ასე ერქვა პროექტს. 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების შემდეგ პროკურატურამ მიიჩნია, რომ სინამდვილეში ეს იყო ”თვალთმაქცური გეგმა”, რომელიც მიზნად ისახავდა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვას. ამიტომ 11 ივლისს “მაესტროს” ათასობით სატელიტური ანტენა საბაჟოზევე დააყადაღეს. 

13 ივლისს მაესტროს საინფორმაციო გამოშვება 15:00 საათზე ეთერში არ გავიდა, და ამის ნაცვლად ტელეკომპანიამ გაუშვა ვიდეომასალა, რომელშიც ჟურნალისტები და თანამშრომლები პარლამენტის წინ იდგენენ წარწერით  “მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა”. ისინი სატელიტური ანტენების დაყადაღებას აპროტესტებენ. 

“პროექტი – ”მაესტრო ყველა ოჯახში” – არ იყო მხოლოდ ”მაესტროს” მფლობელების ინიციატივა და მის განხორციელებაში მონაწილეობა ჟურნალისტების სურვილიც იყო”, – თქვა წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ. 

რამდენიმე დღის შემდეგ, 22 ივლისს, პროკურატურამ მაესტროს ანტენების მორიგი პარტია დააყადაღა, რასაც ჟურნალისტების მორიგი საპროტესტო აქცია მოჰყვა. 25 ივლისს შეკრებილებს ეჭირათ ერთჯერადი თეფშები „მაესტროს“ ლოგოთი და ბანერები სატელიტური თეფშების გამოსახულებით, რომლებზეც იყო წარწერა “იძებნება”.

აქციები იმართებოდა პროკურატურასთან, პრეზიდენტის რეზიდენციასთან. მაესტროელებს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებული “მეცხრე არხის” თანამშრომლებიც უერთდებოდნენ. ანტენების დაყადაღება არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა მწვავედ გააკრიტიკეს. 

10 სექტემბერს უწყებათაშორისი კომისიისა და კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისთვის” შეხვედრის შემდეგ უწყებათშორისი კომისიის თავმჯდომარემ, უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ყადაღა მოეხსნებოდა და ანტენებს, ”მაესტროს” სახელით, ”საქართველოს ფოსტა” დაარიგებდა. თქვა ისიც, რომ ანტენები სოციალურად დაუცველ პირებს დაურიგდებოდათ. საბოლოოდ, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან უარი უთხრეს “მაესტროს”, ეკონტროლებინა თუ ვის და როგორ დაუმონტაჟებდნენ მოსახლეობას მის კუთვნილ სატელიტურ ანტენებს.  მაესტროს დირექტორი ილია (ბაჩო) კიკაბიძე თვლიდა, რომ ხელისუფლება არ ღალატობდა თავდაპირველად მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მოსახლეობას არ დაურიგდეს ”მაესტროს” სატელიტური ანტენები და ყველაფერს საერთაშორისო ორგანიზაციების ”თვალის ასახვევად” აკეთებდა.

Media

მაესტროს ჟურნალისტები პარლამენტთან

მაესტროს ჟურნალისტები პარლამენტთან

2012 წლის 13 ივლისი. ფოტო: რადიო თავისუფლება

მაესტროელების აქცია

მაესტროელების აქცია

2012 წლის 13 ივლისი. ფოტო: ნეტგაზეთი