EN

მედია ძალადობის ფაქტების გამოძიებას ითხოვს

left arrow

2012

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2012 წლის 25 მაისი

გავრცელების არეალი

თბილისი და რეგიონი

პროტესტის სფერო

მედია

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში ჟურნალისტებზე ზეწოლის 20 ფაქტიდან არც ერთი გამოძიებული არ იყო.

ორგანიზატორი

ჟურნალისტები

მთავარი მოთხოვნა

მედიაზე ძალადობის ფაქტების გამოძიება

პროტესტის ადრესატი

იუსტიციის სამინისტრო

ტრანსპარანტები

“გამოიძიეთ ძალადობის ფაქტები”
“ხელს ნუ გვიშლით მუშაობაში”

პროტესტის შედეგი

აქციას შედეგი არ მოჰყოლია

2012 წლის 25 მაისს თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით, იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გაიმართა. იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, მიმართვის ადრესატები იყვნენ საქართველოს ხელისუფლება, ზოგადად, და პრეზიდენტი. ჟურნალისტთა შევიწროების საკითხებზე რეაგირებას მედიის წარმომადგენლები საერთაშორისო საზოგადოებისგანაც ელოდნენ.

ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია თბილისში იუსტიციის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. აქციაზე აღინიშნა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში ჟურნალისტებზე ზეწოლის 20 ფაქტი მოხდა და არც ერთი გამოუძიებიათ. ამ ფაქტებს შორის იყო კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრების ხელმძღვანელის გელა მთივლიშვილის საქმე. 20 მაისს იგი თიანეთის პოლიციამ უკანონოდ დააკავა და თითქმის ერთი საათის განმავლობაში არ გაათავისუფლა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ვიდეომასალა გაუნადგურა. თიანეთში გელა მთივლიშვილი ”ქართული ოცნების” მხარდამჭერთა პოლიტიკურ ნიადაგზე დევნის შესახებ სიუჟეტს ამზადებდა და სიუჟეტისთვის იღებდა თიანეთის პოლიციის შენობასაც.

შეკრებილებმა ისიც გაიხსენეს, რომ 2011 წლის 26 მაისს, ღამით, 16 ჟურნალისტი დაზარალდა და არც ერთი მათგანის საქმე არ გამოუძიებიათ.

აქციაზე შემთხვევით აღმოჩნდა იუსტიციის სამინისტროდან გამოსული დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი. მან დაადასტურა, რომ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა არის საკითხი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა. “დეტალებთან დაკავშირებით შეგიძლიათ პროკურატურას მიმართოთ”, – უთხრა შეკრებილებს კუბლაშვილმა.

Media

ჟურნალისტების აქცია. 25 მაისი, 2012

ჟურნალისტების აქცია. 25 მაისი, 2012

ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი, რადიო თავისუფლება