2016 წლის 15 თებერვალს ტყიბულში (მინდელისა და ძიძიგურის) მეშახტეები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის 40%-ით, 1000 ლარამდე გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას – ზამთარში თბილ უნიფორმას -მოითხოვდნენ. მათი თქმით, ამ საკითხებით კომპანიას ჯერ კიდევ დეკემბერში მიმართეს.
17 თებერვალს მათ სოლიდარობა გამოუცხადა სახელისუფლებო პარტიიდან, “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ. 19 თებერვალს კი მხარდაჭერა აღუთქვა მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ.
გაფიცვის მე-11 დღეს, დამსაქმებელი საქნახშირი („ჯი-აი-ჯი“) პრესკონფერენციით გამოეხმაურა პროტესტს და თქვა, რომ მზად იყო ულტიმატუმების წაყენების გარეშე მოლაპარაკების დასაწყებად, მაგრამ იმავე დღეს, 26 თებერვალს ტყიბულის მაღაროს ადმინისტრაციაში მეშახტეები და სტუდენტები შეიჭრნენ.
1 მარტს ტყიბულში გაფიცვა შეწყდა. შეთანხმების დოკუმენტს ხელი საგაფიცვო კომიტეტმა, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ, „ჯი აი ჯი ჯგუფმა“ და ტყიბულის თვითმმართველობამ მოაწერა – ამ დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ ხელფასების მომატების ვალდებულება აიღო.