EN

აუდიტორია 115-ის აქცია

left arrow

2016

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2016 წლის 7-16 მარტი

გავრცელების არეალი

თბილისი და რეგიონი

პროტესტის სფერო

განათლება

პროტესტის ფორმა

აქცია, ადგილის დაკავება

პროტესტის მიზეზი

სტუდენტური თვითმმართველობის წევრების ტრენინგში დახარჯული თანხები გასაჯაროვდა და კანცლერობის კანდიდატად თვითმმართველობის წევრი წარადგინეს

ლიდერები

გიორგი არობელიძე, ნათია ქოჩლაძე, ლევან ლორთქიფანიძე, ირაკლი კუპრაძე

მთავარი მოთხოვნა

მოეხსნა კანცლერობის კანდიდატს კანდიდატურა და თვითმმართველობის სისტემური ცვლილება დაწყებულიყო

პროტესტის ადრესატი

თსუ-ს რექტორი და აკადემიური საბჭო

ტრანსპარანტები

„ავტონომია უნივერსიტეტს“, „არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს“, „შეწყდეს დაფინანსება კომკავშირის“, „ვითხოვთ რესურსების სწორ განაწილებას“, „უნივერსიტეტი სტუდენტებს და ლექტორებს“

შეძახილები

ავტონომია უნივერსიტეტს

პროტესტის შედეგი

მიიღეს დაპირება, რომ გატარდებოდა რეფორმა განათლების სისტემაში, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა კანცლერობის კანდიდატმა. თანამდებობა დატოვა რექტორმა.

მნიშვნელოვანი რესურსები

პროტესტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
https://old.civil.ge/geo/category.php?id=87&gallery=127

ყველა სტუდენტი თანასწორია
https://www.facebook.com/watch/?v=1050971041632266″

ფოტოალბომები

https://www.facebook.com/media/set/?set=a.573281159515116&type=3

https://www.facebook.com/media/set/?set=a.575491159294116&type=3

https://www.facebook.com/media/set/?set=a.576262499216982&type=3

 

2016 წლის 7 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სტუდენტურმა მოძრაობამ „სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ“ გამართა აქცია ლოზუნგით „ყველა სტუდენტი თანასწორია, არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს“. მათი უკმაყოფილება გამოიწვია მოპოვებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის 28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის 75 წევრი იმყოფებოდა ბაკურიანში „პროექტების მართვისა და სტრატეგიული მენეჯმენტის“ ტრენინგზე, რაშიც 24 600 ლარი დაიხარჯა. 

აქცია უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ დაიწყო, თუმცა რექტორის, ლადო პაპავას კაბინეტთან გადაინაცვლა რამდენიმე მოთხოვნით:

  • უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და რექტორს გაეზიარებინათ პასუხისმგებლობა არამიზნობრივად დახარჯულად მიჩნეულ თანხებზე (ამაში გულისხმობდნენ თვითმმართველობის წევრების ტრენინგზე გამოყოფილ თანხას) ; 
  • დადგენილიყო ზედა ზღვარი, რომლითაც პროექტები დაფინანსდებოდა;
  • თვითმმართველობის ერთადერთ ფუნქციად განსაზღვრულიყო საუნივერსიტეტო წარმომადგენლობით ორგანოებში (საფაკულტეტო საბჭოები, სენატი) მუშაობა; 
  • სტუდენტური თვითმმართველობის ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად არ დახარჯულიყო ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი.

ოდეერი უნივერსიტეტში

სტუდენტების პროტესტს იწვევდა 10 მარტს დაგეგმილი კანცლერობის არჩევნებიც. კანცლერის პოსტი თსუ-ში რექტორის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწორედ ის განკარგავდა უნივერსიტეტის ფინანსებს. კანცლერს უნივერსიტეტის სენატი ირჩევდა ხმათა უმრავლესობით. სენატისთვის კანდიდატურა აკადემიურ საბჭოს უნდა წარედგინა. მათ კი ამ პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილი შეარჩიეს. ის თვითმმართველობის ყოფილი წევრი იყო.

„ის არის იმ ძალადობრივი სისტემის კადრი, რომელიც 2011 წელს ზღუდავდა სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას და ფიზიკურად უსწორდებოდა სტუდენტებს,“ – ამბობდა აქციის ორგანიზატორი, გიორგი არობელიძე. აუდიტორია 115 ამტკიცებდა, რომ გაფრინდაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ე.წ. ოდეერი მფარველობდა. ამიტომ მოითხოვდნენ გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნას.

7 მარტს, მათივე მოთხოვნით, აკადემიური საბჭოს წევრებთან ღია შეხვედრა გაიმართა. იქ გამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს რექტორმა დაუდასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნივერსიტეტში ჰყავდა წარმომადგენელი, მისი ვინაობა კი ყველამ იცოდა, მათ შორის სტუდენტებმა – ეს იყო კანცლერის თანაშემწე ივანე კავსაძე.

მოძრაობამ „სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ“ პირველივე დღეებში დაიკავა თსუ-ს პირველ სართულზე მდებარე შედარებით დიდი ზომის აუდიტორია N115. მოგვიანებით მოძრაობას ამ აუდიტორიის ნომრის შესაბამისი სახელი – „აუდიტორია 115“ ეწოდა.

10 მარტს, უნივერსიტეტში კანცლერის არჩევნების დღეს, პროცესის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, ეზოში სტუდენტები შეიკრიბნენ. სენატის სხდომა სტუდენტების დასწრებას არ ითვალისწინებდა — სხდომათა დარბაზამდე მისასვლელ ყველა გზაზე დაცვის სამსახურის თანამშრომლები ჩააყენეს. სტუდენტებმა დაცვის კორდონის გარღვევა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა – ნაწილმა სხდომათა დარბაზში შეაღწია, გიორგი გაფრინდაშვილს მოუწოდეს, მოეხსნა კანდიდატურა და სენატს არ მისცეს საშუალება, კენჭი ეყარათ ერთადერთი კანდიდატისთვის. უნივერსიტეტმა კანცლერი ვერ აირჩია.

10 მარტს პროტესტში ჩართული სტუდენტების ნაწილმა ღამე თსუ-ს პირველი კორპუსის შენობაში გაატარა. აუდიტორია 115-ის აქცია უწყვეტად გრძელდებოდა.

11 მარტს თსუ-ს სტუდენტების მხარდამჭერი აქციები გამართეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ამავე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კანცლერობის კანდიდატს სთხოვა, კანდიდატურა მოეხსნა.  13 მარტს სტუდენტებთან შესახვედრად მივიდა განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე. იმ ღამეს სტუდენტების ნაწილი 115-ე აუდიტორიაში დარჩა. 

თვითმმართველობის აქციები

აუდიტორია 115-ის აქციების პარალელურად კონტრაქციებს მართავდა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა. თუ აუდიტორია 115 პრობლემების მოგვარების გზად სისტემურ ცვლილებებს ასახელებდა, მათ შორის თვითმმართველობისთვის ფინანსური რესურსების შემცირებას, თავად თვითმმართველობა რექტორის გადადგომაში ხედავდა უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობას. თვითმმართველობამ ლადო პაპავას გადადგომა რამდენიმე თვით ადრე, 2015 წლის 21 ოქტომბერსაც მოითხოვეს, მიზეზად კი ბევრი სისტემური პრობლემა დაასახელეს. თუმცა სხვა სტუდენტების მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, რადგან ისინი ეჭვობდნენ, რომ თვითმმართველობის პროტესტის რეალური მიზეზი მათთვის ბიუჯეტის შემცირება გახდა. ლადო პაპავამ მაშინ ეს პროტესტი სამუშაო ჯგუფის შექმნის შეთავაზებით გააჩერა.

14 მარტს თსუ-ს პირველი კორპუსის წინ აუდიტორია 115-ის აქცია და სტუდენტური თვითმმართველობის პროტესტი პარალელურად დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში სიტყვიერი დაპირისპირებით მიმდინარეობდა.  თვითმმართველობის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვეს. აუდიტორია 115-ს თანამოაზრეები იდგნენ ტრანსპარანტებით, რომლითაც თვითმმართველობის თანხების ფლანგვას აკრიტიკებდნენ: “ბაკურიანი – ჩემი იერუსალიმი”, “კიდევ დაიწყეთ ხო ეს დამპლური თამაშები?” “5 კაციც და გავდივართ”, “არა პრივილეგიებს”, “ავტონომია უნივერსიტეტს” “1000-ად კაცი დაფასდა, 24600-ად თვითობა”. თვითები – ასე მოიხსენიებდნენ თვითმმართველობის წევრებს. თვითმმართველობის წევრებს კი გაშლილი ჰქონდათ დიდი ბანერი წარწერით “უნივერსიტეტს გაყოფა სტკივა რექტორო”.

აქცია საღამოს რექტორის კაბინეტთან გაგრძელდა, სადაც სტუდენტური თვითმმართველობის აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ “გადადექი”, ხოლო აუდიტორია 115-ის წევრები “არ გადადგე”.  კაბინეტი საღამოს დატოვა რექტორმა ლადო პაპავამ და განაცხადა, რომ არ გადადგებოდა.

იმავე საღამოს თვითმმართველობის აქციის მონაწილეებმა სცადეს რექტორის კაბინეტის კარი შეემტვრიათ, თუმცა პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით მოაცილა კაბინეტს. მანამდე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში გაურკვეველი პირები შევიდნენ, რომლებსაც სახე ნაწილობრივ ჰქონდათ დაფარული და თვითმმართველობის აქციის მონაწილეებთან იდგნენ.

პოლიციამ უნივერსიტეტის კარი ჩაკეტა და გარეთ დარჩენილმა სტუდენტებმა შესვლა ვეღარ მოახერხეს, ნაწილმა კი ღამე კვლავ თსუ-ს შენობაში გაათენა.

ვლადიმერ პაპავა მისი გადადგომის მსურველ თვითმმართველობის წევრებს შეხვდა და პირობა დადო, რომ მათ აკადემიური საბჭოს ოთახს არ დაატოვებინებდნენ – შეეძლოთ იქ დარჩენილიყვნენ. 

ამ დღეს კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა. 

მეორე დღეს, 15 მარტს რექტორის, ვლადიმერ პაპავას კაბინეტი თვითმმართველობის აქციის მონაწილეებმა დაიკავეს. თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური ამბობდა, რომ ამ სივრცეში დარჩებოდნენ, სანამ პაპავა არ გადადგებოდა. აუდიტორია 115-მა კი  სტუდენტური თვითმმართველობის გარდა  თსუ-ს აკადემიური საბჭოს დაშლაც მოითხოვა.

ამ დროისთვის აუდიტორია 115-ის აქცია გრძელდებოდა. სტუდენტები ისევ 115-ე  აუდიტორიაში ათენებდნენ ღამეებს, თვითმმართველობის წევრები კი  – რექტორის კაბინეტში. 

15 მარტსვე რექტორის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამმა პროფესორმა – გიული ქეშელაშვილმა, იზოლდა ჭილაძემ და მანანა ხარხელმა. ისინი ითხოვდნენ, არ გადამდგარიყო ვლადიმერ პაპავა.

აქციების დასასრული

16 მარტს „აუდიტორია#115“-ის წევრები რექტორსა და განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ, მათ გამოთქვეს მზაობა, დაეტოვებინათ აუდიტორია, თუ შეწყდებოდა რექტორის გადასაყენებლად თვითმმართველობის წევრების დაწყებული აქციები. თვითმმართველობის წევრებმა რექტორს გადასადგამად ერთსაათიანი ვადა მისცეს.

ამ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ეთანხმებოდა სტუდენტებს (აუდიტორია 115-ს), რომ უნივერსიტეტსა და განათლების სისტემაში რეფორმები იყო საჭირო, თუმცა გადაწყვეტილებები სიტუაციის ესკალაციით არ უნდა მიღებულიყო. განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კი განაცხადა, რომ თსუ-ს აკადემიური საბჭო რექტორის საკითხზე სამსჯელოდ გონივრულ ვადას ითხოვდა. 

თანამდებობის პირთა განცხადებების შემდეგ „აუდიტორია 115-ის” აქციები იმ პირობით დასრულდა, რომ უნივერსიტეტში ოდეერი აღარ იქნებოდა და განათლების რეფორმა გაგრძელდებოდა. მათ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში მანიფესტი წაიკითხეს, რომლის მიხედვითაც, ისინი გეგმავდნენ გრძელვადიან თანამონაწილეობას განათლების სისტემის რეფორმის პროცესში. პრემიერ-მინისტრი ამ გადაწყვეტილებას მიესალმა

აქციები შეწყვიტა თვითმმართველობამაც, პრეზიდენტმა საბაურმა თქვა, რომ მათი არც ერთი ნაბიჯი პრობლემას აღარ შეუქმნიდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას. 17 მარტს სასწავლო პროცესი აღდგა. 

რექტორის გადადგომა

სტუდენტების პროტესტის დასრულებას ცვლილებები მოჰყვა აკადემიურ საბჭოში.  16 მარტს თსუ-ს აკადემიური საბჭო დატოვა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, მარიამ გერსამიამ. 17 მარტს აკადემიური საბჭო დატოვა ამავე ფაკულტეტის მეორე წევრმა, გოგი გოგსაძემ. მათი განმარტებები თანამდებობის დატოვების შესახებ ზოგადი  იყო. მაგალითად მარიამ გერსამიამ თქვა, რომ  თავის როლს ხედავს “სტუდენტების გვერდით, სადაც არანაირი დაყოფა არ არის, არამედ არის ერთიანობა, სოლიდარობა ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე”. გოგსაძემ კი საკუთარი წასვლა ასე დაასაბუთა: “უნივერსიტეტი უნდა იყოს ერთიანი. ამ ერთიანობას ხელი უნდა შეუწყოს, როცა ეს არ ხდება, მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე”.

თვითმმართველობის წევრებმა 29 მარტს პროტესტი განაახლეს. ამჯერად უკიდურესი ფორმით, შიმშილობის დაწყებით მოითხოვეს რექტორის გადადგომა.  ისინი ამბობდნენ, რომ უნივერსიტეტში ვითარების შედარებით დარეგულირების მიუხედავად, მათ რექტორისგან ვერ მიიღეს პასუხები ფინანსებთან დაკავშირებულ კითხვებზე და ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების დანიშვნის თაობაზე. ამ დროისთვის რექტორის გადადგომას აუდიტორია 115-ც ეთანხმებოდა, ოღონდ მხოლოდ სისტემური ცვლილებების შემდეგ.

30 მარტს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადი დაწერა, რაც საბჭომ დააკმაყოფილა. თვითმმართველობის სისტემური ცვლილებების მოთხოვნით ხელახალი საპროტესტო ტალღა აუდიტორია 115-მა 2016 წლის 16 აპრილიდან განაახლა.

საბოლოოდ, „აუდიტორია 115“ გარდაიქმნა უფრო ფართო პროფილის მოძრაობად, მათი პროტესტი გასცდა საუნივერსიტეტო საკითხების გადაჭრას. ეს გაერთიანება შემდეგ აპროტესტებდა ქვეყანაში წამოჭრილ სხვადასხვა პრობლემებს, მათ შორის აზრს გამოთქვამდნენ გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ; გამოდიოდნენ შრომით უფლებების დაცვის მოთხოვნით და სხვა.

Media

სტუდენტების პროტესტი თსუ-ში

სტუდენტების პროტესტი თსუ-ში

7.03.2016 ფოტო: ლიბცენტრი

სტუდენტი გიორგი არობელიძე აქციაზე

სტუდენტი გიორგი არობელიძე აქციაზე

7.03.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

აქციის მონაწილეთა ტრანსპარანტები

აქციის მონაწილეთა ტრანსპარანტები

7.03.2016 ფოტო: ლიბცენტრი

ირაკლი კუპრაძე მიმართავს სტუდენტებს

ირაკლი კუპრაძე მიმართავს სტუდენტებს

7.03.2016 ფოტო: ლიბცენტრი

სტუდენტები აუდიტორია 115-ში

სტუდენტები აუდიტორია 115-ში

7.03.2016 ფოტო: ლიბცენტრი

თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა სტუდენტებთან შეხვედრისას

თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა სტუდენტებთან შეხვედრისას

7.03.2016 ფოტო: ლიბცენტრი

ლევან ლორთქიფანიძე თსუ-ში აქციებზე

ლევან ლორთქიფანიძე თსუ-ში აქციებზე

11.03.2016 ფოტო: ლიბცენტრი

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე აუდიტორია 115-თან

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე აუდიტორია 115-თან

12.07.2016 ფოტო: ლიბცენტრი

სტუდენტი ოთარ კობახიძე განათლების მინისტრთან შეხვედრისას

სტუდენტი ოთარ კობახიძე განათლების მინისტრთან შეხვედრისას

12.07.2016 ფოტო: ლიბცენტრი

კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი

კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი

14.03.2016 ფოტო პირველი არხის ვიდეოდან

თსუ-ს ეზოში სტუდენტთა ორ აქცია პოლიცია ყოფს

თსუ-ს ეზოში სტუდენტთა ორ აქცია პოლიცია ყოფს

14.07.2016 ფოტო: ლიბცენტრი

აუდიტორია 115-ის ბანერი

აუდიტორია 115-ის ბანერი

14.07.2016 ფოტო: ლიბცენტრი

სტუდენტები თსუ-სთან აქციაზე

სტუდენტები თსუ-სთან აქციაზე

14.07.2016 ფოტო: ლიბცენტრი

ორი ბანერი თსუ-ში პარალელურად მიმდინარე აქციებიდან

ორი ბანერი თსუ-ში პარალელურად მიმდინარე აქციებიდან

14.07.2016 ფოტოკოლაჟი: On.ge