2016 წლის 11 – 25 მარტი
თბილისი
პოლიტიკა, სამართალი
აქცია, მარში
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება
“ქალთა მოძრაობა” კამპანია “ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები
მოქმედმა ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიძიოს უკანონო თვალთვალის ფაქტები
ხელისუფლება
„ტუალეტშიც გადამიღე“, „სექსი არ არის დანაშაული“, „სექსით პოლიტიკა არ კეთდება“, „გაეთრიე ჩემი საძინებლიდან“ „ისმინეთ ჩვენი ხმა – ნუ გვისმენთ!“ „უკონტროლო მოსმენები დაკანონდა“
შედეგი არ მოჰყოლია
2016 წლის 11 მარტს სოციალურ ქსელ Youtube-ზე გავრცელდა ერთ-ერთი ქალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. იმავე დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან „ქალთა მოძრაობის“ ინიციატივით სოლიდარობის აქცია გაიმართა პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროების წინააღმდეგ.
აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ამ ვიდეომასალის გასაჯაროება ადასტურებს ფაქტს – პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანებზე შანტაჟს ცდილობდნენ. ისინი მოითხოვდნენ, ხელისუფლებას დაკისრებოდა პასუხისმგებლობა. თუმცა, მათ არავინ გამოხმაურებია.
„ისმინეთ ჩვენი ხმა – ნუ გვისმენთ!“ – ამ სლოგანით 2016 წლის 19 მარტს კიდევ ერთი აქცია მოაწყვეს კამპანია “ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს მელიქიშვილის გამზირიდან მთავრობის კანცელარიამდე. აქციის ორგანიზატორებმა დაგმეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტი და მთავრობისგან ეფექტიანი გამოძიების წარმოება მოითხოვეს.
სტვენითა და შეძახილებით ცდილობდნენ საპროტესტო მსვლელობის მონაწილენი ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. „უკონტროლო მოსმენები დაკანონდა“, „ისმინე ჩვენი ხმა – ნუ გვისმენ!“ – ეწერათ ტრანსპარანტებზე.
აქციის ორგანიზატორების თქმით, პოლიტიკური ნების უქონლობის გარდა, პრობლემას ქმნიდა საკანონმდებლო ბაზაც, რომელიც უკონტროლო და უკანონო მიყურადების საშუალებას ქმნიდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ვითარება დაამძიმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის ნაუცბადევმა გამოყოფამ, რამაც ერთი “მონსტრის” ადგილზე ორის წარმოქმნის შესაძლებლობა გააჩინა:
„ახლა ვეღარ გაიგებ, რომელ უწყებას აქვს ფარული მიყურადების „გასაღები“, ასევე, გაურკვეველია, სად არის ამ ჩანაწერების ბაზა. ამავე დროს, უსაფრთხოების სამსახური აღმოჩნდა სრულიად უსუსური და უმოქმედო ამ მთავარ გამოწვევაში, როდესაც გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები” , – ამბობდა ალეკო ცქიტიშვილი.
2016 წლის 25 მარტს კამპანია “ეს შენ გეხებას” მონაწილე ორგანიზაციებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს. ამჯერად საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეიკრიბნენ და მოითხოვეს, უფრო ეფექტიანად წარმართულიყო პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმის გამოძიება.
ფოტო: ნეტგაზეთი
2016 წლის 19 მარტი. ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება
2016 წლის 19 მარტი. ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება