EN

ტექნიკური უნივერსიტეტი ლექტორების შიმშილობა

left arrow

2016

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2016 წლის 12 აპრილი – 22 სექტემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

განათლება

პროტესტის ფორმა

შიმშილობა, აქცია

პროტესტის მიზეზი

აქციის მონაწილეები მიიჩნევდნენ, რომ რექტორი მესამე ვადით უკანონოდ იყო არჩეული

ორგანიზატორი

ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორები

მთავარი მოთხოვნა

გადადგნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გაუქმდეს აკადემიური საბჭო

პროტესტის ადრესატი

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

გადადგეს არალეგიტიმური ლექტორი

2016 წლის 12 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხუთმა ლექტორმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ფოიეში  აქცია-შიმშილობა დაიწყო. ისინი მოითხოვდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადადგომას და აკადემიური საბჭოს გაუქმებას, რადგან, აქციის მონაწილეთა მტკიცებით, უკანონოდ იკავებდნენ ამ თანამდებობებს და ვერც დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდნენ. არჩილ ფრანგიშვილი 18 იანვარს გამართული არჩევნების შედეგად აკადემიურმა საბჭომ მესამე ვადით აირჩია ამ თანამდებობაზე, რაც კანონდარღვევად მიაჩნდათ პროტესტის მონაწილეებს, რადგან ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით არჩევა შეიძლებოდა.

ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე ლექტორები ამბობდნენ, რომ უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის დაწყებამდე განათლების სამინისტროს, მთავრობის წარმომადგენლებს და სახალხო დამცველსაც მიმართეს, სარჩელიც აქვთ შეტანილი სასამართლოში რექტორის მესამე ვადით უკანონოდ არჩევის გამო, თუმცა სასამართლოს საკითხი ჯერ არ განუხილავს. ლექტორების თქმით, უნივერსიტეტი ღრმა კრიზისშია, როგორც საგანმანათლებლო, ასევე, მატერიალური რესურსების გადანაწილების თვალსაზრისით.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქეთევან ქოქრაშვილმა უარყო პროფესორებზე ზეწოლის ფაქტი. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, არჩევნები კანონიერად ჩატარდა და არჩილ ფრანგიშვილს ლეგიტიმურად ეკავა რექტორის თანამდებობა. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის თქმით, მოკვლევამ აჩვენა, რომ უნივერსიტეტს ასეთი არჩევნების ჩატარების უფლება ჰქონდა.  არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კი იზიარებდა აქციების მონაწილეთა მოსაზრებას და აცხადებდა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ზედიზედ სამი ვარდით არჩევა არღვევდა “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ამიტომ არჩილ ფრანგიშვილის ამ თანამდებობაზე საქმიანობა არალეგიტიმური იყო.

21 აპრილს საქართველოს განათლების სამინისტროს წინ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ლექტორებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა – ,,ხალხის ხმა”, ,,ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” – აქციით გააპროტესტეს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები.

შეკრებილები ამბობდნენ, რომ აუდიტორიები ზამთარში არ თბებოდა, არ იყო სისუფთავე და ჰიგიენა. მათი თქმით, მტვრის გამო სტუდენტს, რომელსაც ასთმა აწუხებდა, შეტევა დაემართა. სტუდენტური თვითმმართველობის წევრები კი  უნივერსიტეტის სისტემაში შედიოდნენ და ცვლიდნენ ლექტორების დაწერილ ნიშნებს, რაზეც ადმინისტრაცია თვალს ხუჭავდა. გარდა ამისა, უნივერსიტეტში იყო არაერთი “ოდეერი” და ზეწოლა სტუდენტების მიმართ. ამიტომ არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას ისინიც მოითხოვდნენ.

ლექტორებმა შიმშილობა 24 აპრილს შეწყვიტეს გადაწყვეტილება სასულიერო პირების საერთო მიმართვის საფუძველზე მიიღეს – აღდგომის დღეები ახლოვდებოდა.  მათ 22 სექტემბერს  იმავე მოთხოვნებით განაახლეს პროტესტი. შიმშილობას  ორი ადამიანი აგრძელებდა –  უნივერსიტეტის ერთი ყოფილი და ერთი მოქმედი თანამშრომელი. პროფესორებთან ერთად შიმშილობდა რამდენიმე სტუდენტიც, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და მოშიმშილე ლექტორების თხოვნით, ახალგაზრდებმა პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი თქვეს.

საბოლოოდ პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია.  არჩილ ფრანგიშვილი რექტორის თანამდებობაზე დარჩა.

Media

ლექტორების შიმშილობა ტექნიკურ უნივერსიტეტში

ლექტორების შიმშილობა ტექნიკურ უნივერსიტეტში

18.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები

18.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი