2016 წლის 11 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ასე სცადეს ხელისუფლების ყურადღების მიქცევა. წითელუბანი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს. რამდენიმე თვით ადრე სოფლის მინდვრებში და სასოფლო სამეურნეო მიწებზე რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლების სასაზღვრო ნაწილების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები სოფლის სიღრმეში გადმოიტანეს. ამის შემდეგ წითელუბნელებმა სოფლის საძოვრების დიდი ნაწილი დაკარგეს. მათთვის ახლა გაუგებარი იყო, სად გადიოდა საოკუპაციო ხაზი, რის გამოც მიწის ნაკვეთების დამუშავებას ვერ ახერხებდნენ. წითელუბნელები ხელისუფლებას ალტერნატიული მიწის გამოყოფას და საკუთრების რეგისტრაციის პროცესში დახმარებას სთხოვდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებდნენ, რომ წითელუბნელების პრობლემის მოგვარება ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციას სცდებოდა. გამგებლის მოადგილის გიორგი წვერავას თქმით, სოფელს მიწის სარეზერვო ფონდი პრაქტიკულად არ დარჩა.
წითელუბნელები ამბობდნენ, რომ რამდენიმე თვით ადრე ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გამო გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ მათი სოფელი აღარავის გახსენებია.