EN

ზუგდიდში „მეტროს“ ავტობუსების შესვლის წინააღმდეგ

left arrow

2016

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2016 წლის 16 იანვარი – 1 თებერვალი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია, გაფიცვა, შიმშილობა

პროტესტის მიზეზი

კომპანია „მეტრო” მგზავრთა გადაყვანას თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით აპირებდა

ორგანიზატორი

მიკროავტობუსის მძღოლები

მთავარი მოთხოვნა

არ შეესრულებინა კომპანია „მეტროს“ თბილისი-ზუგდიდის რეისი

პროტესტის ადრესატი

კომპანია „მეტროს“ წინააღმდეგ

ლოზუნგები

არა მონოპოლიას!

პროტესტის შედეგი

მეტრო+-ს ავტოსადგურმა ხელშეკრულება გაუუქმა

ზუგდიდი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებმა 2016 წლის 16 იანვარს აქცია გამართეს. მათ გააპროტესტეს თურქული კომპანია „მეტრო+“-ის  გადაწყვეტილება, დაეწყო თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით რეისების შესრულება. მძღოლები შიშობდნენ, რომ კონკურენტის შემოსვლის შემდეგ დაკარგავდნენ სამუშაო ადგილებს.

ავტოსადგურის დისპეჩერი გაფიცულ მძღოლებს აქციის შეწყვეტისკენ და მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდებდა. აქციაზე მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

30 იანვარს მძღოლებმა ნახევარი საათის განმავლობაში სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. პოლიციელების ჩარევის შემდეგ საავტომობილო მოძრაობა აღდგა. აქციის მონაწილე მძღოლები ამბობდნენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდოდნენ და რუსეთის მოქალაქეობას მოითხოვდნენ. 

30 იანვარს პოლიციის დახმარებით ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით „მეტროს“ ავტობუსის პირველი რეისი შესრულდა.

აქცია გაიმართა პირველ თებერვალსაც, მიკროავტობუსის მძღოლებმა „მეტროს“ ავტობუსებს კვერცხები დაუშინეს. ამას აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა – პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა. 

„თურქები შემოიჭრნენ ჩვენს ბიზნესში და გვართმევენ ჩვენს აწყობილ ბიზნესს, რომელიც მუშაობს უკვე 30 წელიწადია“, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. „მეტრო+“-თან პრეტენზიები ჰქონდა ავტოსადგურის მეწილეების ნაწილსაც. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, მზექალა წიფურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თურქულ კომპანიასთან საიჯარო ხელშეკრულება ისე გაფორმდა, რომ 21 მეწილიდან ინფორმირებული მხოლოდ სამი იყო. არც მძღოლებისა და არც ავტოსადგურის მეწილეების პრეტენზიებს „მეტრო+“-ში არ იზიარებდნენ. როგორც კომპანიის ზუგდიდის წარმომადგენელმა დავით დიდიშვილმა განაცხადა, ისინი მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში და ვერავინ მოედავებოდა.

აქციის მონაწილეებმა გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება 3 თებერვალს მას შემდეგ მიიღეს, რაც შპს „ავტოსადგურმა“ სატრანსპორტო კომპანია „მეტრო +“-სთან 20 იანვარს დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა. 

მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები პერმანენტულად მართავდნენ აქციებს „მეტრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ. 17 მარტს კი, მათი პროტესტის მიუხედავად, კომპანიის ავტობუსმა ორი რეისი შეასრულა. 21 მარტს მძღოლებმა, მერიის წინ გამართული მორიგი საპროტესტო აქციის შემდეგ, კარვის გაშლაც გადაწყვიტეს, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ მძღოლები გაიფიცნენ, ნაწილმა კი შიმშილობა დაიწყო.

პარალელურად, მერიის თხოვნით, მუშაობა შეწყვიტა „მეტრო ჯორჯიას“ ავტობუსმა. კომპანიამ გაითვალისწინა ზედამხედველობის სამსახურის თხოვნა და უარი თქვა მუშაობაზე იქამდე, სანამ არ შეისწავლიდნენ მის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, თუ რის საფუძველზე დაიწყო ფუნქციონირება ახალ ავტოსადგომზე.

Media

მძღოლების პროტესტი ზუგდიდში

მძღოლების პროტესტი ზუგდიდში

ფოტო: თამარ ზანთარაია, რადიო თავისუფლება. 22.03.2016