რუსულენოვანი „პირველი საინფორმაციო კავკასიური“ არხი (PIK) რუსულენოვანი მაუწყებელი იყო, რომლის ძირითად სამიზნე აუდიტორიად რუსეთის და ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა მიიჩნეოდა. „პიკი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის მეშვეობით 2010 წლიდან ვრცელდებოდა.
პირველი და მეორე არხისგან განსხვავებით “პიკი” სამართავად კერძო კომპანიას გადასცეს. იმ დროს ციფრული მაუწყებლობა არ არსებობდა, სამაუწყებლო სიხშირეები შეზღუდული იყო. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ფლობდა ამ სიხშირეებს. ამიტომაც რუსულენოვანი მაუწყებლის ეთერში გაშვება სწორედ ამ თავისუფალი მესამე არხის მეშვეობით გადაწყდა.
2010 წლიდან “პიკს” მას რუსული ოპოზიციური რადიო „ეხო მოსკვის“ თბილისის კორესპონდენტის ეკატერინე კოტრიკაძისა და ბრიტანელი ჟურნალისტის, რობერტ პარსონსის მიერ დაფუძნებული შპს “ქეი ერთი” მართავდა და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდებოდა. 2012 წლის იანვარში კი “პიკი” სამართავად გადაეცა შპს “ალანიას”. ამ საქმიანობისათვის 2012 წლის განმავლობაში მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი უნდა მიეღო.
შპს “ალანია” წარსულში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ ინსტრუმენტად მიიჩნეოდა. ალანიამ მაუწყებლობა თბილისიდან 2005 წელს დაიწყო და მისი რუსულენოვანი საინფორმაციო გადაცემების სამიზნე ჯგუფი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა იყო. 2008 წლამდე ტელევიზია ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობდა. მისი მფლობელობისა და დაფინანსების საკითხი კი საიდუმლოებით იყო მოცული, როგორც ეს IREX 2009 წლის ანგარიშშია აღნიშნული..
2012 წლის დასაწყისში კი სწორედ ამ “ალანიას” გადასცეს სამართავად საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხი.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლება შეიცვალა. “ნაციონალური მოძრაობა” “ქართულმა ოცნებამ” ჩაანაცვლა. მალევე “პიკის” თანამშრომლებს ხელფასებთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ. 12 ოქტომბერს არხმა სატელიტიდან მაუწყებლობა შეწყვიტა. გავრცელდა ხმები, რომ პიკი შეიძლება მალე დახურულიყო.
თანამშრომლებისთვის მომავალი ბუნდოვანი გახდა. ამიტომ არხის ჟურნალისტებმა 2012 წლის 15 ოქტომბერს დუმილით გამოხატეს პროტესტი მთავარი საინფორმაციო გამოშვებების დროს. მთელი გადაცემის განმავლობაში წამყვანები სვამდნენ კითხვებს “‘დაიხურება თუ არა არხი?” “რატომ არ უხდიან არხის თანამშრომლებს ხელფასებს?” “რატომ არ სრულდება ვალდებულებები PIK-ის მიმართ?” “სად წავიდა ფული, რომელიც მთელი წლისთვის უნდა ყოფილიყო საკმარისი?“ წამყვანის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ეთერში ერთვებოდა ჟურნალისტი, რომელიც მდუმარედ იდგა კამერის წინ. ამით აჩვენებდნენ, რომ თანამშრომლებს ეს კითხვები აწუხებთ, თუმცა პასუხს ვერ იღებდნენ ადმინისტრაციისგან.
სატელიტური მაუწყებლობა თანამშრომლებმა საკუთარი ძალებით აღადგინეს, თუმცა 20 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ ეთერში გასვლას “არასანქცირებული” და “თვითნებური” უწოდა. მიუღებლად მიიჩნია ეთერში ჟურნალისტების პროტესტიც. ამ მიზეზით პიკის მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა და საინფორმაციო პროგრამები გააჩერა.
PIK-ის თანამშრომლებმა 20 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წერილობითი მიმართვა გაუგზავნეს, სადაც მოუწოდებენ საბჭოს წევრებს გია ჭანტურია დაკავებული თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ „ღიად დეკლარირებულ ცენზურად“ მიიჩნიეს ჭანტურიას განცხადებები PIK-ის პროტესტთან დაკავშირებით.
25 ოქტომბერს ტელეკომპანია ”პიკის” თანამშრომლების აქცია გაიმართა – ერთი ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც ამ დროს ახალ მთავრობას ამტკიცებდნენ, და მეორე თბილისში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინ, სადაც მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა იმართებოდა.
“პირველმა არხმა და მისმა ხელმძღვანელობამ ვერ მოიშალა ეს მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, თუ რას იტყვის ახალი მთავრობა ”პიკთან” დაკავშირებით. ისინი ახლა, ალბათ, ელიან, როგორი იქნება პოლიტიკური ნება”, – უთხრა ჟურნალისტებს აქციაზე მყოფმა გიული ჩაჩანაშვილმა, ტელეკომპანია ”პიკის” საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა.
2 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 2013 წლის ბიუჯეტში საკმარისი თანხა გათვალისწინებული არ იყო, ამიტომ მომდევნო წლიდან „პიკი” მაუწყებლობას შეწყვეტდა.