2012 წლის შემოდგომით ციხეებში სისტემური ძალადობისა და წამების ფაქტები გასაჯაროვდა, რასაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლების ცლილება მოჰყვა. ამ დროს პარლამენტი და პრეზიდენტი მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენენ – ქართული ოცნება პარლამენტში უმრავლესობაშია, აკომპლექტებს მთავრობას, პრეზიდენტად რჩება “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. თვითმმართველობებშიც “ნაციონალური მოძრაობაა” უმრავლესობაში. ამ პერიოდს “კოჰაბიტაციად” მოიხსენიებენ.
ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლას წინ უძღოდა ე.წ. ციხის კადრების გავრცელება, რომლითაც საპატიმროებში არსებული მძიმე ვითარებაზე საზოგადოების ეჭვები დადასტურდა. დაიწყო გამოძიება და დააკავეს ციხის რამდენიმე თანამშრომელი.
ამის შემდეგ საპატიმროებში დაიწყო შიმშილობა ადმინისტრაციის გადაყენების მოთხოვნით.
მაგალითად 5 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა პატიმარმა, დავით მინასოვმა ყელი გამოიჭრა და ჭრილობის გაკერვაზე უარს აცხადებდა იქამდე, სანამ ქსნის #15-ე დაწესებულების დირექტორს, ნუკრი ხუხუას და ადმინისტრაციის ორ თანამშრომელს, გიორგი ხუხიასა და მამუკა შალამბერიძეს თანამდებობიდან არ გაათავისუფლებდნენ.
როგორც დავით მინასოვმა საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრ “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტს განუცხადა, უშუალოდ შალამბერიძე წლების განმავლობაში არაერთი პატიმრის წამების ორგანიზებაში იყო შემჩნეული. მისივე ინფორმაციით, მამუკა შალამბერიძემ მისი წამების ამსახველი ფაქტები ვიდეოკამერით გადაიღო.
“ფეხებით ჩამომკიდეს, თავქვეშ წყლით სავსე ვედრო დამიდგეს, რომელშიც თავს მაყოფინებდნენ, მერე კი დენზე შემაერთეს და სასტიკად მირტყამდნენ, შალამბერიძე კი ამ ყველაფერს ფირზე ასახავდა”, – აღნიშნავს დავით მინასოვი. მისი ინფორმაციით, წამების შედეგად მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა და წლების განმავლობაში საავადმყოფოში გადაყვანას უშედეგოდ ითხოვდა.
5 ნოემბერს ქსნის ციხესთან თავი მოიყარეს პატიმრების ახლობლებმა. ინფორმაცია პროტესტის ნიშნად მოშიმშილე და პირამოკერილი პატიმრების რაოდენობის შესახებ დღის განმავლობაში იცვლებოდა. შუადღისთვის ერთ-ერთმა პატიმარმა დარეკა და თქვა, რომ დაახლოებით 30 პატიმარს ჰქონდა პირი ამოკერილი.
იმავე საღამოს შიმშილობა გამოაცხადეს ორთაჭალის #1 საპყრობილის პატიმრებმა, თუმცა, როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებდენ, მალევე მიიღეს პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება. სამაგიეროდ, 6 ნოემბერს გაიზარდა ქსნის ციხეში, კერძოდ კი, #19 ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულებაში მოშიმშილეთა რაოდენობა. პატიმრები შიმშილობდნენ ქსნის #15 და #19 დაწესებულებებშიც.
“ქართული ოცნების” მიერ დანიშნული სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი სოზარ სუბარი ამბობდა, რომ არეულობას არც ციხის შიგნით და არც მის გარეთ არ დაუშვებდა. მისი თქმით, თუ რომელიმე ციხეში კონკრეტული დარღვევა გამოვლინდებოდა, ყველა მკაცრად დაისჯებოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე პატიმართა კონკრეტული ჯგუფის მოთხოვნებს ადამიანების თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე სამინისტრო ვერ დააკმაყოფილებდა:
”ძველი ადმინისტრაციიდან, ცხადია, სისტემაში დარჩნენ კადრები, მაგრამ 5000 თანამშრომელი რომ ერთბაშად გავუშვათ, სისტემა ჩამოიშლება. ამჟამად ჩვენ ვსწავლობთ ვითარებას და ვახდენთ იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, ვისი იქ ყოფნაც პატიმრებისათვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს დროის ამბავია და ერთ და ორ დღეში ეს ვერ მოხდება. მაგრამ თუ ვინმეს, უბრალოდ, ის უნდა, რომ ისეთი დირექტორი ჰყავდეს, ვისაც თავის ჭკუაზე გაატარებს, ცხადია, ამას არ დავუშვებთ”, – თქვა სოზარ სუბარმა 5 ნოემბერს.
პროტესტის საპასუხოდ თავად ნუკრი ხუხუამ თავდაპირველად წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შემდეგი მოტივით შეცვალა:
”ახლა რომ წავიდე, შესაძლოა საზოგადოებას ეგონოს, რომ რამე დანაშაული მართლაც მიმიძღვის. მე თუ წავალ, შემდეგ სხვის გადადგომას მოითხოვენ, მერე კიდევ სხვის და ასე…თუ ერთ ფაქტს მაინც იპოვიან ჩემი მხრიდან უმნიშვნელო გადაცდომის, გადავდგები კი არა, თუნდაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააყენონ ჩემი”, – თქვა მან.