2012 წლის 8 ნოემბერს თბილისში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსის 1300-მდე მძღოლი გაიფიცა. შედეგად, დედაქალაქში ავტობუსის მოძრაობა სრულად შეწყდა. მძღოლებს რამდენიმე პუნქტიანი გეგმა ჰქონდათ, რომელიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას მოიცავდა. ისინი ასევე მოითხოვდნენ, ბოლო გაჩერებებზე, სადაც მარშრუტის დასასრული იყო, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაწეული შრომის პრემიის სახით ანაზღაურებას, 2009 წელს მეტროსა და ავტობუსის ერთ კომპანიაში გაერთიანების შემდეგ დაკარგული შვებულებების ანაზღაურებას.
პროტესტი 12 ნოემბერს ისე დასრულდა, რომ არც ერთი პრობლემა მოგვარებული არ იყო. მათ ეს გადაწყვეტილება პარლამენტში გლდანის მაჟორიტარ დეპუტატთან სოსო ჯაჭვლიანთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს „მხოლოდ და მხოლოდ ხალხის პატივსაცემად“. ავტობუსები დედაქალაქში 13 ნოემბრიდან დაბრუნდნენ. თბილისის საკრებულოში უმრავლესობაში მყოფი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებდა, რომ თბილისის მთავრობა მძღოლების მხოლოდ ერთ მოთხოვნას, ხელფასის მატებას, ვერ დააკმაყოფილებდა, დანარჩენი კი მოგვარდებოდა.