”შეაჩერე რელიგიური ძალადობა”, ”რწმენის თავისუფლება ადამიანის უფლებაა”, ”გიყვარდეს მოყვასი შენი” – ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ტრანსპარანტებით ხელში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ნიგვზიანში რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილ პრობლემას და სახელმწიფოს უმოქმედობას 2012 წლის 5 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროსთან აპროტესტებდნენ. საუბარია ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში 2 ნოემბერს მომხდარ ამბავზე, როცა ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა ერთ-ერთ კერძო სახლში შეკრებილ ასევე ადგილობრივ მუსლიმ მრევლს ლოცვის საშუალება არ მისცეს. მართალია, მართლმადიდებლები ამტკიცებდნენ, ლოცვის უფლებას არავის ვართმევთო, მაგრამ იქვე აზუსტებდნენ, რომ არავის მისცემდნენ ჯგუფურად ლოცვისა და, მით უმეტეს, მეჩეთის აშენების უფლებას მათ ისტორიულ მიწაზე. დაპირისპირებამ საკმაოდ მწვავე ფორმები მიიღო, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის თანხლებით.
არასამთავრობო ორგანიზაციების – ”ტოლერანტობის სახლისა” და “უფლებების სკოლის” – დაახლოებით 15 წარმომადგენელი 5 ნოემბერს მოითხოვდა, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესში სასწრაფოდ ჩარეულიყო სახელმწიფო – დაპირისპირებული მხარეები დაეშოშმინებინა და დამნაშავეებიც დაესაჯა. სამართალდამცველებს ისინი პასიურობაში ადანაშაულებდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრობლემაზე სასაუბროდ სამინისტროს შენობაში შეიპატიჟა. სწორედ ამ საუბრის დროს ახსნა მინისტრმა, რომ ახალი ხელისუფლება ძველი ხელისუფლების გზით სიარულს არ აპირებდა და ამიტომ უმოქმედობად არ მიიჩნედა იმას, რომ ნიგვზიანში მყოფი პოლიცია პროცესში ჩართვას არ ჩქარობდა. მინისტრის თქმით, თუკი ძველი ხელისუფლების პირობებში სამართალდამცველები მაშინვე ძალის დემონსტრირებაზე გადადიოდნენ, ახალი ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ პრობლემაზე ჯერ თავად რელიგიურმა ჯგუფებმა უნდა იმსჯელონ.
ჯგუფებს შორის ფასილიტაცია ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას დაევალა. თბილისში, საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ, 5 ნოემბერს, დაინტერესებული მხარეები უკვე ქუთაისში, პარლამენტის შენობაში შეიკრიბნენ. ეკა ბესელია მიიჩნევდა, რომ ნიგვზიანში გამოვლენილი პრობლემა, ძირითადად, ინფორმაციის ნაკლებობით იყო განპირობებული და ყველაფერი სწორედ ინფორმაციის მიწოდების შედეგად მოგვარდა.
ეკა ბესელია ამბობდა, რომ სოფელ ნიგვზიანში მცხოვრები მუსლიმები თავისუფლად შეძლებდნენ მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების რეალიზებას და მათ ხელს ლოცვაში ვეღარავინ შეუშლიდა. თუმცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის მუშაობა არასაკმარისად შეაფასა ყოფილი მმართველი პარტიის იმ დროს კი უკვე საპარლამენტო უმცირესობის, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, რომელიც შიშობდა, რომ თუკი დამნაშავეები არ დაისჯებოდნენ, მსგავსი პრობლემები ისევ იჩენდა თავს.
“ნიგვზიანში ამჯერად მუსლიმებს ხელი აღარ შეშლიათ მსახურების აღსრულებაში, მაგრამ არა იმიტომ, რომ ორი რელიგიის წარმომადგენლებს შორის დიალოგმა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შედეგი გამოიღო. ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, პოლიციამ მოსახლეობა გააფრთხილა, აღარ მისულიყვნენ მუსლიმურ სამლოცველოსთან და ლოცვის აღსრულება სწორედ ამან აქცია შესაძლებლად. თუმცა მყისიერი შედეგი საკმარის გარანტიებს ვერ იძლევა, მოსახლეობის განწყობა კვლავ რადიკალურია და არ არის გამორიცხული, კონფლიქტმა ისევ იჩინოს თავი”, – წერდა 2012 წლის 5 დეკემბერს გამოცემა “ტაბულა”.