საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია 2012 წლის 12 ნოემბერს, 13:00 საათზე დაიწყო და უნივერსიტეტის წინ კარვების გაშლით გაგრძელდა. 13 ნოემბრის ღამე ადმინისტრაციული კორპუსის წინ გაშლილ კარვებში გაათენეს. ”უკეთეს განათლებას ვიმსახურებთ”, ”ბიუჯეტი მოხმარდეს სტუდენტებს”, “მორჩა ტყუილი!” “უნივერსიტეტი მოძალადეების გარეშე!” “მოვითხოვთ ვადამდელ თვითმმართველობის არჩევნებს!” “გადადგეს თანამდებობიდან რექტორი”! – ეწერათ კარვებზე.
აქციის ორგანიზატორი “დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია” იყო. მათ შეუერთდნენ ორგანიზაცია “სოლიდარობის” წევრები, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებს, რექტორის გადადგომას და სამსახურიდან გათავისუფლებას იმ ადამიანებისა, რომლებმაც, 2011 წლის 26 ოქტომბერს, რექტორის კაბინეტის მისაღები ოთახიდან გაიტაცეს სასწავლო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით შეკრებილი სტუდენტები, მანქანებში ჩასვეს ისინი და ქალაქგარეთ წაიყვანეს. ეს ყოველივე ძალის გამოყენებით მოხდა. სტუდენტებს რექტორის მისაღებ ოთახში მანამდე შიმშილობა ჰქონდათ გამოცხადებული.
”დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის” ხელმძღვანელის ალექსანდრე კობაიძის თქმით, უნივერსიტეტიდან ძალით გაყვანის შემდეგ, ის და კიდევ სამი სტუდენტი, ე.წ ”მარშრუტკით” სოფელ ძეგვში ჩაიყვანეს, ჩამოართვეს ტელეფონები და იქვე დატოვეს. ლექსო კობაიძე აცხადებდა, რომ გატაცებაში მონაწილეთაგან ერთ-ერთი იყო ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი, სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ბორის გითოლენდია. თუმცა, მას კიდევ ახლდა სამი სხვა პირი. გატაცებულმა სტუდენტებმა ამის შესახებ პროკურატურასაც აცნობეს. ბორის გითოლენდია სტუდენტების ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ მას ძალის გამოყენებით არსად არავინ წაუყვანია.
პროკურატურის გამოხმაურებას ელოდა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი. რექტორის რწმუნებით, მას ჰქონდა არაერთი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ მისი მისაღებიდან სტუდენტები ძალის გამოყენებით არავის გაუყვანია.
კონკრეტული პირების გადადგომის გარდა, სტუდენტები ითხოვდნენ უნივერსიტეტში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას და აპროტესტებდნენ ფინანსური რესურსის არასწორად გადანაწილებასაც. მათი თქმით, უნივერსიტეტის ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი აქ მომუშავე პერსონალის ხელფასებსა და პრემიებში იხარჯებოდა.
პრიორიტეტების არასწორად დასახვა, განვითარების გეგმის არარსებობა, მოშლილი ინფრასტრუქტურა, გაუმჭვირვალე ბიუჯეტი, თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება – ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამოსწორების მოთხოვნითაც მიმართავდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და რექტორს 13 ნოემბერს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი.
სტუდენტების განცხადებით, პროტესტს ისინი მუდმივად გამოთქვამდნენ, თუმცა ასეთ ფორმას პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის გამო მიმართეს, მათ იმედი ჰქონდათ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული “ქართული ოცნების” ახალი ხელისუფლება მიდგომას შეცვლიდა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათ ყურადღებას მიაქცევდა – უნივერსიტეტში მდგომარეობა გამოსწორდებოდა.
რექტორი არჩილ ფრანგიშვილი კი აცხადებდა, რომ სტუდენტების მაგალითები უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის დაბალი ხარისხის თაობაზე სრული სიცრუე იყო.
”ინფრასტრუქტურაც არის, სასწავლო პროცესიც მიმდინარეობს და გარდა იმ სტუდენტებისა, რომლებიც აქციაში მონაწილეობენ, არის კიდევ 17 000 სტუდენტი, რომლებიც თვლიან, რომ ყველაფერი კარგად არის”, – ამბობდა არჩილ ფრანგიშვილი. მის მოსაზრებას იზიარებდნენ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.