EN

აქცია თვითმმართველობებში ხელისუფლების შეცვლის მიზნით

left arrow

2012

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2012 წლის 20 ნოემბერი -29 დეკემბერი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის მიზეზი

მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ თვითმმართველობამ მათ 2 წლის წინ მიწის ნაკვეთები და საძოვრები უკანონოდ გაუყიდა.

პროტესტის ფორმა

აქცია, პიკეტი, შიმშილობა

ორგანიზატორი

მარტვილის მოსახლეობა

მთავარი მოთხოვნა

გადადგნენ მარტვილის გამგებელი მამუკა დანელია და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია

პროტესტის ადრესატი

მარტვილის გამგებელი მამუკა დანელია და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია

ტრანსპარანტები, ლოზუნგები

დამთავრდეს კლანური მმართველობა!
მოსახლეობას დაუბრუნდეს წართმეული მიწა!
დაუყოვნებლივ გადადგეს საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის გამგებელი!

პროტესტის შედეგი

ზოგიერთი საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა დატოვეს თანამდებობები, თუმცა მარტვილში თანამდებობაზე დარჩა ზაზა გოროზია

2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ე.წ. კოჰაბიტაციის პერიოდი დაიწყო ანუ შეიქმნა ვითარება, როცა პარლამენტი და პრეზიდენტი მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენენ – “ქართული ოცნება” პარლამენტში უმრავლესობაში იყო, დააკომპლექტა მთავრობა, პრეზიდენტად რჩებოდა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. თვითმმართველობებშიც “ნაციონალური მოძრაობა” იყო უმრავლესობაში. 

2012 წლის 20 ნოემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ დაიწყო საპროტესტო აქცია რაიონის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით. აქციის მონაწილეები მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლებს  შენობაში შესვლისა და სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულების საშუალებას არ აძლევდნენ. 

აქციას წინ უძღოდა 17 ნოემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების მუხურჩისა და ვედიდკარის მოსახლეობის მოთხოვნა, შეხვედროდათ გამგებელი. მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ 2 წლის წინ მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები და საძოვრები უკანონოდ გაიყიდა და ეს იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ბრალი. ამ ბრალდებას უარყოფდა საკრებულოს თავმჯდომარე “ნაციონალური მოძრაობიდან” ზაალ გოროზია, რომელიც სამეგრელოს რეგიონის გუბერნატორის, ზაზა გოროზიას ძმა იყო. 

“[მიწა] უნდა გამეფორმებინა რეესტრში და აღმოჩნდა,  რომ უკვე გაყიდული იყო ისე, რომ არავის უკითხავს ჩემთვის. ეს რაიონი იყო მხოლოდ გოროზიების იყო, ხალხზე არავინ ფიქრობდა“, – თქვა ერთ-ერთმა მომიტინგემ. 

აქციამ კანონსაწინააღმდეგო ფორმა მიიღო მაშინ, როდესაც მოქალაქეები გამგეობის შენობაში შეიჭრნენ და ინვენტარი დააზიანეს. 

“მარტვილის ინციდენტი ერთგვარი კულმინაციაა ბოლო დროს განვითარებული პროცესისა, რომელიც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით დაკომპლექტებული თვითმმართველი ორგანოების ”ქართული ოცნების” კონტროლის ქვეშ მოქცევის მცდელობის სახელითაა ცნობილი”, – წერდა რადიო თავისუფლება.

”თუ მარტვილში ეს ყველაფერი ვიზუალურად ჩანს, – ფანჯრებიდან სკამების გადმოყრა, შუშების ჩამსხვრევა, შევარდნები და ასე შემდეგ, მსგავსი სიტუაცია და მსგავსი ზეწოლები არის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. ზოგი ახერხებს, რომ გაუმკლავდეს ამ სიტუაციას, ზოგი ამას, გარკვეულწილად, ვერ ახერხებს. ძალიან მნიშვნელოვანია მყისიერი რეაგირება სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან, რაც არ ხდება”, – ამბობდა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ მამუკა აბულაძე.

27 ნოემბერს დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ თვითმმართველობებზე პირდაპირი ზეწოლის პროცესში ჩართული იყვნენ სახელმწიფო უწყებები, კერძოდ კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე გიგა ახვლედიანი. იგივე განაცხადა მეორე დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამაც. უგულავასა და თაქთაქიშვილის მტკიცებით, გიგა ახვლედიანი პირადად აშანტაჟებდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა მათ თანამდებობები დაეტოვებინათ. ბრალდებები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოფიციალური განცხადებით  უარყო.

აქციის მეთერთმეტე დღეს რამდენიმე მონაწილემ აქციის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა გამოაცხადა. მოთხოვნა – გადადგნენ მარტვილის გამგებელი მამუკა დანელია და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია – უცვლელი იყო. აქციის მონაწილეებს გამგეობის შენობა ბლოკირებული ჰქონდათ და თანამშრომლებს არ უშვებდნენ.

აქციის შედეგად პროკურატურამ გამგებლისა და საკრებულოს საქმიანობის შესწავლა დაიწყო.  20 დეკემბერს გამგეობის შენობის პიკეტი მოიხსნა

მარტვილის მოვლენების პარალელურად, გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდნენ ზუგდიდშიც. 17 დეკემბერს, ორგანიზაცია „თეთრი მანდილის“ ინიციატივით, 40-მდე მოქალაქემ გამაფრთხილებელი აქცია მოაწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან.  

თანამდებობიდან გადადგომის განცხადება დაწერეს აბაშის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ხობის გამგებლებმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა სენაკსა და ფოთში. ახალი თავმჯდომარეები დაინიშნა ხობისა და წალენჯიხის საკრებულოებში.

29 დეკემბერს მომიტინგეებს კობა დავითაშვილი და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე შეხვდნენ. ჩაფიძემ განაცხადა, რომ ახლა გადადიან “მოქმედების სხვა ფორმაზე”. დადო პირობა, რომ მთავრობის სხდომაზე დააყენებდნენ ყველა საკითხს და ყველაფერს გააკეთებდნენ მარტვილელების ინტერესების დასაცავად. ერთთვიანი პიკეტის შემდეგ აქციები შეწყდა.

Media

პიკეტი მარტვილის მუნიციპალიტეტში

პიკეტი მარტვილის მუნიციპალიტეტში

ფოტო: კადრი მეცხრე არხის ვიდეოდან