2013 წლის 25 იანვარს თბილისში „ყვითელი მიკროავტობუსების“ მძღოლები გაიფიცნენ. მძღოლები ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის გაუქმებას, დღიური გეგმის შემცირებას, ტექინსპექტირების სასურველ ადგილზე ჩატარების შესაძლებლობას და გათავისუფლებული მძღოლების აღდგენას მოითხოვდნენ.
თბილისის მერია მძღოლებსა და კომპანიას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებდა და აღნიშნავდა, რომ ეს „კერძო სამართლებრივი საკითხი“ იყო. „თბილისის მიკროავტობუსში“ კი ამბობდნენ, რომ ეს მძღოლების “გარკვეული ნაწილის მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია“ იყო.
მძღოლები მართავდნენ აქციებს თბილისის მერიასთან და ხვდებოდნენ სხვადასხვა უწყებებს. მიკროავტობუსების გაჩერებამ დედაქალაქში მგზავრთა გადაადგილების პრობლემები შექმნა.
მძღოლების ნაწილი კომპანიისა და მერიის საქმიანობით დაინტერესებას მოითხოვდა. ამ საკითხზე სასაუბროდ მათ შეხვდათ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი.
31 იანვარს მძღოლებმა „თბილისის მიკროავტობუსისგან“ მიიღეს დაპირება, რომ მარტის თვიდან განისაზღვრებოდა ახალი ყოველდღიური ოდენობები, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ დათანხმდა მერიის კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ინდ. მეწარმის გადასახადი 10 ლარი იქნებოდა. ასევე, შეთანხმდნენ ტექინსპექტირების გავლის ადგილთან დაკავშირებით.
1 თებერვლიდან თბილისში ყვითელი მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგა.