2013 წლის 26 იანვარს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტა. დაზარალებულები კომპენსაციის არათანაბარი რაოდენობით მიღებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ზარალის დამთვლელმა სპეციალურმა კომისიამ ცუდად იმუშავა და, მათ მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსახლეობამ ზარალთან შეუსაბამო, მცირე თანხები მიიღო.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია ერთი კვირის განმავლობაში ხუთჯერ გამართა. გზის გადაკეტვის გარდა, აქცია გამართეს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სოფლის ადმინისტრაციულ შენობებთან. შეკრებილები ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობის არაკანონიერად ცნობას და ხელახალი კომისიის შექმნას ითხოვდნენ.
აქციების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ აფენში დაზარალებულები ხელახლა აღეწერათ და კომისიის შემადგენლობაც შეეცვალათ.
აქციები გაიმართა თელავსა და ყვარელშიც. სოფელ ჭიკაანის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი ფიქრობდა, რომ დახმარებები გაიცემოდა იმის მიხედვით, ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი იყო. ამიტომაც ხალხის ნაწილი აქციებს მართავდა და ნაწილი კომპენსაციას იღებდა თელავში, ბანკ „ქართუს“ ფილიალში და კმაყოფილი იყო. აქციების დროს ხელისუფლებაში სამი თვის მოსული იყო “ქართული ოცნება”, რომელმაც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვა. სწორედ ამ პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ფონდ “ქართუს” უნდა გადაეხადა დაზარალებულთა კომპენსაციები. ფონდი ჯამში, 100 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებდა კახეთის სტიქიის შედეგად დაზარალებული 29 ათასამდე ოჯახის კომპენსაციისთვის. ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტრო ვარაუდობდა, რომ კომპენსაციების გაცემა თებერვლის ბოლოს დასრულდებოდა. თანხას იღებდნენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებიც სტიქიამ 2012 წლის 19 ივლისს დააზარალა.