2013 წლის იანვრის ბოლოს სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობა დასახლებასთან ახლოს მდებარე ნაგავსაყრელ “პოლიგონის” დახურვას მოითხოვდა. 28 იანვარს მათ ნაგავსაყრელთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. მოსახლეობის თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე გაუსაძლისი სუნი იდგა.
სამდღიანი პიკეტირების შემდეგ მერია დათანხმდა და 31 იანვარს ობიექტზე გარემოს დაცვის სამინისტროს ინსპექტორები შევიდნენ.
მოსახლეობა აცხადებდა, რომ ნაგავსაყრელი ცუდად იყო დაპროექტებული, ნაგვიდან გამონადენი წყალი სპეციალური მილების საშუალებით რამდენიმე გუბეში იყრიდა თავს, რის გამოც სოფელი იწამლებოდა. მოსახლეობა ამბობდა, რომ 2 წლის წინ, როცა დიდ ლილოში ნაგავსაყრელისთვის ტერიტორია შემოღობეს, მათ უთხრეს, რომ ამ ადგილზე ქარხანა აშენდებოდა: “ულტრათანამედროვე ქარხნის აშენებას გვპირდებოდნენ და, საბოლოოდ, მივიღეთ საწამლავი”, – ამბობდა მოსახლეობა.
პრობლემა ვერ მოგვარდა – 2013 წლის 4 ივლისს დიდი ლილოს მოსახლეობა და გარემოსდამცველთა ნაწილი თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის დახურვას ისევ ითხოვდა. პოლიგონის დახურვასა და სხვაგან გადატანას მოითხოვდნენ საგანგებოდ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები. გიორგი გაბათაშვილის თქმით, პოლიგონის მშენებლობისას დაშვებული შეცდომები შეუძლებელს ხდიდა მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრებას: “პოლიგონი აშენდა საარჩევნოდ, დაჩქარებულად, ისე, რომ არ იქნა სათანადოდ განხილული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა”.
თუმცა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებდნენ, რომ აღმოჩენილი დარღვევები „ნაგავსაყრელის“ დახურვის წინაპირობა ვერ იქნებოდა. გამოვლენილი დარღვევების გამო პოლიგონის მმართველი კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ 5 ათასი ლარით დაჯარიმდა და, გარდა ამისა, სამთვიანი ვადა მიეცა ექსპლუატაციის დროს აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ თქვა, რომ თუ მორიგი შემოწმების შედეგად ისევ პრობლემებს აღმოაჩენდნენ, მმართველი კომპანია სამმაგი ოდენობის თანხით, ანუ 15 ათასი ლარით, დაჯარიმდებოდა. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თორნიკე შიოლაშვილის თქმით, კომპანიამ გაითვალისწინა გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მიცემული შენიშვნები, მაგრამ იმის გამო, რომ დასკვნაში არაფერი იყო ნათქვამი ნაგავსაყრელის დახურვის შესახებ, პოლიგონის გაუქმება არ იგეგმებოდა.