2011 წლის 16 დეკემბერს თბილისში ერთ–ერთ პოლიციის შენობასთან ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლები შეიკრიბნენ წარწერით SOS და საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვდნენ, რომ პოლიციას ტელეკომპანიის შენობიდან გამოეყვანა „მაესტროს“ მმართველი კომპანიის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი და შენობაში შეეშვათ კანონიერი დირექტორი ილია კიკაბიძე.
კონფლიქტი ტელეკომპანიის მფლობელებს და მისი მმართველი კომპანიის დამფუძნებელს შორის ერთი თვით ადრე დაიწყო. ეროსი კიწმარიშვილი “მაესტროს” მმართველი კომპანიის დამფუძნებელი იყო, ის არხს 2009 წლიდან მართავდა. მამუკა ღლონტი მაესტროს 15%-ს ფლობდა და პროდიუსერის ფუნქციას ასრულებდა. ბაჩო (ილია) კიკაბიძე კი არხის დირექტორი იყო.
ეროსი კიწმარიშვილსა და მამუკა ღლონტს შორის ურთიერთობა დაიძაბა. 2011 წლის 30 ნოემბერს დილით ადრე ეროსი კიწმარიშვილი ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე “მაესტროს” შენობასთან დაახლოებით ათი ადამიანის თანხლებით მივიდა, ღობეზე გადაძვრა, შენობაში შევიდა და თქვა, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე.
მამუკა ღლონტი საინფორმაციო სამსახურის ოთახში ჩაიკეტა რამდენიმე თანამშრომელთან ერთად. ეროსი კიწმარიშვილი და მისი რამდენიმე თანმხლები პირი შენობის დანარჩენ ნაწილში იმყოფებოდნენ.
მოგვიანებით გამოძახებულმა პატრულმა შენობის შესასვლელი ჩაკეტა, თუმცა ტელევიზიის დამფუძნებელმა და რამდენიმე ჟურნალისტმა შენობაში შესვლა და ეთერში გასვლა მაინც მოახერხა.
მამუკა ღლონტმა რამდენჯერმე დაადანაშაულა ეროსი კიწმარიშვილი იმაში, რომ ის [ნაციონალური მოძრაობის] ხელისუფლების მხარდაჭერით მოქმედებდა და არხზე კონტროლის დამყარება სურდა.
კიწმარიშვილი ამგვარ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევდა. ის ვარაუდობდა, რომ მამუკა ღლონტს ტელევიზიიდან მისი ჩამოშორება სურდა მას შემდეგ, რაც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლის შესახებ განაცხადა და საჯაროდ გამოთქვა ხელსაყრელი პირობებით „მაესტროს“ დროებით შეძენის სურვილი.
ამ დაპირისპირების შემდეგ „მაესტრო“ რადიო „მაესტროს“ შენობიდან შეზღუდულად მაუწყებლობდა.
ეროსი კიწმარიშვილი ამ დროს “ქართული პარტიის” ხელმძღვანელი იყო.