EN

ჭელაში მინარეთის დემონტაჟისა და დადგმის წინააღმდეგ

left arrow

2013

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2013 წლის 26 – 30 აგვისტო

გავრცელების არეალი

რეგიონი, თბილისი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

სოფელ ჭელაში მეჩეთთან დადგმული მინარეთი მოხსნეს

ორგანიზატორი

სოფელ ჭელას მოსახლეობა

მთავარი მოთხოვნა

მინარეთის აღმართვა

პროტესტის ადრესატი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ადიგენის საკრებულო

ტრანსპარანტები

“ყველას უფლებაა ილოცოს”, “განაბაჟე შენი წილი მინარეთი”

პროტესტის შედეგი

ტერორი ტერორით მთავრდება” ,”ყველამ თავის ბაჟს მიხედოს”,”

მნიშვნელოვანი რესურსები

მინარეთი ჭელაში დააბრუნეს და აღადგინეს

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენის პატარა სოფელი ჭელა, სხვა ახლომდებარე სოფლების მსგავსად, ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული – ზოგიერთი მათგანი აჭარიდან გადასახლებული მუსლიმია, ნაწილი კი – რაჭის რეგიონიდან გადასახლებული მართლმადიდებელი ქრისტიანი.

თურქეთიდან გადმოტანილი მინარეთი ჭელაში არსებულ მეჩეთთან 2013 წლის ივლისში ააგეს. 20 აგვისტოს ადიგენის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ  მინარეთი უკანონოდ, ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის გარეშე, დაიდგა. ამიტომ უნდა დაეშალათ. 

26 აგვისტოს ჭელასკენ მიმავალი გზა პოლიციამ გადაკეტა. სოფლის მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდა. გაზეთ “სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, დაახლოებით დღის ორი საათისთვის სოფელ ჭელაში ვერტმფრენი, ათობით სამართალდამცველი, სპეციალური დანიშნულების რაზმი, ათეულობით ჯიპი და ამწე გამოჩნდა. ადგილობრივები ჰყვებოდნენ, რომ მეჩეთს ათობით სპეცრაზმელმა და პოლიციის თანამშრომელმა წრე შემოარტყა და მინარეთის დემონტაჟი დაიწყო. იყო ჰაერში საკონტროლო გასროლა და შეხლა-შემოხლა ადგილობრივებსა და პოლიციას შორის.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივების პროტესტის ფონზე დაიწყეს მინარეთის დემონტაჟი, რაც, საბოლოოდ, პოლიციასა და ხალხს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანს სცემა, დაახლოებით თორმეტი პირი დააკავა და გადაიყვანა ახალციხის პოლიციის განყოფილებაში. პოლიციამ მინარეთის დემონტაჟის შემდეგ სოფელი დატოვა.

ამის შემდეგ ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლები ახალციხეში ჩავიდნენ და პოლიციის რეგიონული სამმართველოს შენობასთან პროტესტი განაგრძეს.

„სალოცავის დანგრევა 21-ე საუკუნეში სად დაინახეთ?“, – უთხრა აქციის მონაწილემ პოლიციელებს, რომლებიც იცავდნენ პოლიციის ეზოს გარშემო არსებულ ღობეს. 

ერთ მომენტში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეეცადნენ პოლიციის ტერიტორიაზე შეჭრას, რა დროსაც სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

თავდაპირველად, მინარეთის დემონტაჟის საფუძვლად ადიგენის საკრებულოს გადაწყვეტილება მიიჩნეოდა, რადგან, მისი დასკვნით, ეს ნაგებობა უნებართვოდ დაიდგა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ამ ქმედების უკან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იდგა.

შემოსავლების სამსახურმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტა, რომ მინარეთის დემონტაჟი მისი ექსპერტიზის მიზნით განხორციელდა იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამებოდა მინარეთის კონსტრუქციის წონა და სასაქონლო კოდი იმ მონაცემებს, რომელიც 14 ივლისს საქართველოში მისი შემოტანისას საბაჟოზე დაფიქსირდა. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, გაუჩნდათ „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის არასწორ კლასიფიცირებას შესაძლოა იმპორტის გადასახადის ოდენობის შემცირება გამოეწვია.

ამ ოფიციალური განცხადებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ “ვერანაირ სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს და ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოებს მიღმაა”, ამის დასადასტურებლად კი ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნეს.

სამმართველოსთან შეკრებილი მუსლიმების ნაწილმა ის ღამე სამმართველოსთან გაათენა. მომხდართან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საქართველოს მუსლიმთა კავშირმა, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა, რომლებმაც დაგმეს მინარეთის დემონტაჟი. განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც, რომელმაც მომხდარი რელიგიური დაპირისპირების გაღვივების მცდელობად შეაფასა. მინარეთის დაბრუნების მოთხოვნით აქციები გაიმართა თბილისსა და ბათუმშიც

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებდა, რომ შემოწმების დასრულების შემდეგ მინარეთი სოფელ ჭელას დაუბრუნდებოდა. 

ამის საპასუხოდ, 29 აგვისტოს, პროტესტი დაიწყო ჭელის მოსახლეობის  ქრისტიანმა ნაწილმა. ისინი მინარეთის ხელახლა აღმართვას ეწინააღმდეგებოდნენ. 

30 აგვისტოს, დილით, გადაწყდა, რომ მინარეთის დაბრუნების საწინააღმდეგო აქციები აღარ გაიმართებოდა. “მეუფეს ლოცვა-კურთხევით აქციას აღარ გავმართავთ. ასევე, კანონისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლას არ ვაპირებთ”- თქვა აქციის ქრისტიანმა მონაწილემ. 

სოფელ ჭელაში კი დილიდან მინარეთს ელოდნენ. მინარეთი სოფელში შუადღეს მიიტანეს და სოფლიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით დაასაწყობეს. დასაწყობებულ მინარეთს დაცვის პოლიცია იცავდა. ამავე დღეს, საღამოს, ბათუმიდან საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ მუსლიმური თემის წარმომადგენლები.

მინარეთის საკითხს საკრებულო იმავე წლის ნოემბერში მიუბრუნდა. 28 ნოემბერს, გვიან ღამით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მინარეთი მეორედ აღიმართა. 

მინარეთის დადგმის შემდეგ ჭელაში ცხოვრება ძველებურად გაგრძელდა. „ვახშმობა გვქონდა რამადანში და ქრისტიანები მოვიპატიჟეთ. სიყვარულმა გადაგვარჩინა, თორემ შეიძლება აქ სისხლისღვრა ყოფილიყო. ახლა მეზობლური ურთიერთობები ძალიან თბილია“, – ამბობდა ერთ-ერთი მაცხოვრებელი “სამხრეთის კარიბჭესთან” ინტერვიუში. მას ეთანხმებოდნენ  სოფელში მცხოვრები ქრისტიანები და ამბობდნენ, რომ “რაც იყო, წარსულს ჩაბარდა”. 

სოფელ ჭელაში ამ დაპირისპირებამდე სხვა მუნიციპალიტეტებშიც რამდენიმე კონფლიქტი მოხდა რელიგიურ ნიადაგზე. 2012 წლის ნოემბერში წინწყაროსა და ნიგვზიანში, 2013 წლის ივნისში სამთაწყაროში.  არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ ვერც ერთ შემთხვევაში იმოქმედა – “მუსლიმების წინააღმდეგ განხორციელებული მუქარების, რელიგიური რიტუალებისთვის ხელის შეშლის, დევნისა და ხულიგნობის არც ერთ ფაქტს არ მოჰყვა შედეგად უფლებადამრღვევთა პასუხისგებაში მიცემა. სახელმწიფოს მხრიდან არაადეკვატური, არაეფექტური და დისკრიმინაციული მოქმედება უმთავრესი მიზეზი გახდა იმისა, რომ რელიგიურ ნიადაგზე მუსლიმთა შევიწროებამ პერიოდული ხასიათი შეიძინა”, – ამბობდნენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები. მათ  რელიგიური თავისუფლების უხეშ ხელყოფად შეაფასეს მინარეთის დემონტაჟი.

მინარეთის ხელახლა აღმართვის შემდეგ კი “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” (ყოფილი EMC)  პოზიტიური უწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობას ჭელაში მინარეთის ხელახლა აღსამართად. 

“EMC მიიჩნევს, რომ ჭელას მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზულობისა და ამ საკითხზე საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, მინარეთის აღდგენა ხელისუფლების მიერ ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგია და განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს… EMC იმედოვნებს, რომ აღნიშნული დადებითი ფაქტი სახელმწიფოში დამკვიდრდება როგორც რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის პოზიტიური პრაქტიკა”, – ეწერა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Media

მოხსნილი მინარეთი, 2013 წლის 26 აგვისტო

მოხსნილი მინარეთი, 2013 წლის 26 აგვისტო

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

სპეცრაზმი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს შენობასთან

სპეცრაზმი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს შენობასთან

26.08.2013 ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

მუსლიმი მრევლის აქცია ბათუმში

მუსლიმი მრევლის აქცია ბათუმში

28.08.2025 ფოტო: ინტერპრესნიუსი