2013 წლის 30 ივლისს თბილისის მოსახლეობამ კუს ტბის ფერდობზე, ე.წ. “ციყვების ტერიტორიაზე“, მობილიზება დაიწყო. აქცია ციყვების ტერიტორიის დასაცავად მას შემდეგ გადაწყდა, რაც სარეკრეაციო ზონის შუაგულში, “ოჯახური ტიპის რეკრეაციული რესტორნის” მშენებლობის მიზნით, კომპანია „კოლორიტის“ წარმომადგენლებმა ნარგავების ამოძირკვა დაიწყეს. ტერიტორია შემოღობილი იყო და გარედან ჰქონდა მიკრული საინფორმაციო ბანერი იმ რესტორნის ფოტოთი, რომელიც ამ ადგილას უნდა აშენებულიყო. გარემოსდამცველები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, კუს ტბის რეკრეაციული ზონის გულშემატკივრები ადგილზე იკრიბებოდნენ და მომავალ მშენებლობას აპროტესტებდნენ.
ამ ტერიტორიის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლები მხოლოდ იმას აცხადებდნენ, რომ მათ მშენებლობის უფლების დამადასტურებელი ყველა საჭირო დოკუმენტაცია ჰქონდათ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე განმარტავდა, რომ კუს ტბის ფერდობზე არსებული ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ იქ არაფრის აშენება არ შეიძლება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ტერიტორიის შუაგულ ნაწილს, მერიის გადაწყვეტილებით, ერთ დღესაც დაბალი დაცვის სტატუსი მიენიჭა, რამაც ამავე ტერიტორიის მფლობელს ავტომატურად მისცა ადგილზე მშენებლობის უფლება.
„მერიამ ეს მიწის ნაკვეთი, აუქციონის წესით, 2011 წელს შპს „ოტიუმს” მიჰყიდა. ეს კომპანია კი დაკავშირებული იყო მაშინდელ პარლამენტის წევრთან მმართველი პარტიიდან, არჩილ გეგენავასთან. შპს „ოტიუმის“ მფლობელი იყო „M ჯგუფი“, რომლის მფლობელიც არის ბატონი გეგენავა. შემდეგ ეს ტერიტორია გაიყიდა შპს „კოლორიტზე“, თუმცა აქაც იგივე ვითარებაა, რადგან „კოლორიტის“ მფლობელებს შორისაა არჩილ გეგენავას ძმა, ანდრო გეგენავა“, – ამბობდა ერეკლე ურუშაძე.
მერიაში კი აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიაზე არც ერთი ხე არ მოიჭრებოდა. ამის ნებართვა მერიას არ გაუცია. მერიის პრესსასმახურის განცხადებით, მხოლოდ რამდენიმე ნარგავი გადაირგა.
მას შემდეგ, რაც კუს ტბის ფერდობზე, 30 ივლისს, საპროტესტო აქცია დაიგეგმა და იქ ხალხმაც მოიყარა თავი, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა ამოძირკვული ნარგავები თავიდან ჩარგეს მიწაში და განაცხადეს, რომ საქმის ვითარებას სასამართლო გაარკვევდა. თუმცა სასამართლო პროცესი ჯერ დასრულებული არ იყო, როცა 23 სექტემბერს ტერიტორიიდან ნერგების გატანა კვლავ დაიწყეს. მოქალაქეთა გაერთიანება “პარტიზანული მებაღეობა თბილისში” მაშინვე გამოეხმაურა მომხდარს და აქციებიც განაახლა.
პარტიზანმა მებაღეებმა და მათმა თანამოაზრეებმა ტერიტორია მანქანით და კარვებით ჩახერგეს და ნერგებით დატვირთულ სატვირთო მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს. “არ გაჩეხო” – გაჩნდა ღობეზე მინაწერები. მომიტინგეები ტერიტორიიდან ნერგების გადარგვას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ, რომ ბუჩქები კვლავ “ციყვების ტერიტორიაზე” დაერგათ, ხოლო ტერიტორიის მფლობელი “კოლორიტის” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მათ ნერგები უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე გადაჰქონდათ და უკან აღარ დააბრუნებდნენ. კომპანიის წარმომადგენლები დასძენდნენ, რომ თუ დროულად არ იმოქმედებდნენ, სატვირთო მანქანაზე განთავსებული ნერგები გახმებოდა, რის გამოც პასუხისმგებლობა მომიტინგეებს დაეკისრებოდათ. აქტივისტები ამბობდნენ, რომ მათი პრეტენზიები, მეტწილად, არა ინვესტორის, არამედ ქალაქის მერიისა და საკრებულოს მიმართ ჰქონდათ. შპს კოლორიტმა რესტორნის მშენებლობა მაინც დაიწყო. მოგვიანებით ამ ადგილას რესტორანი “ოტიუმი” გაიხსნა.